დინამო (თბ)-დინამო (ბთ) - როცა თავს ზემოთ ძალა არ არის... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორი "დინამოს", ორი ტრადიციული მეტოქის მატჩი დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა. ისეთი თამაში იყო, ერთი გუნდი ათი თავით რომ სჯობს მეორეს და, შესაბამისად, ინტრიგაც არ შედგა.

არადა, ამ გუნდების ჯახს არ უხდება ასეთი რამეები, რაკი სულ სხვა სურნელი დაჰკრავს.

გამორჩეულად ითამაშეს ბექა მიქელთაძემ, აკაკი შულაიამ და ლევან გეგეჭკორმა. ბექამ სულაც ჰეთ-თრიკი მიითვალა. "დინამოს" წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ საკუთარი უპირატესობა - ოთხი ხომ გაიტანა და ერთი ამდენიც ქარს გაატანა.

ამ მოგებით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მართლაც, ჩვენი
პირველობის ძალიან დაბალი დონე იქით იყოს და, "დინამოს" შესაძლო ჩემპიონობას "არაკანონზომიერსა და დაუმსახურებელს" ვერავინ უწოდებს. გნებავთ, ფიზიკური მომზადებითა და გნებავთ, კლასით, "დინამო" დღეს უკეთესია სხვა ქართულ გუნდებზე და ეს იმაშიც ჩანს, რომ აუტსაიდერებს უფრო იოლად მოერევა ხოლმე, ვიდრე ჩვენი სხვა ფავორიტები.

კახა კაჭარავამ შეძლო და კვლავ ძალიან საინტერესო გუნდი გამოძერწა. აგერ, უკვე მერამდენედ დადგა მწვრთნელი ახალი გუნდის აშენების აუცილებლობის წინაშე. თუნდაც, ამ ფორმაციის "დინამო" ავიღოთ, სადაც ჩანან საინტერესო ბიჭები.

მიქელთაძის ჰეთ-თრიკზე უკვე ვთქვით, შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი ისეთი დაარტყა, დაბალი კლასის ფეხბურთელი ვერაფრით რომ ვერ შეძლებს.

აქ საკითხავი სხვა რამეა: რა სჭირს ბათუმის "დინამოს"? იმ თამაშს, რასაც აჭარული კლუბი ბოლო შეხვედრებში აჩვენებს, ყველაზე ნაკლებად ჰქვია "ფეხბურთი". არადა, შემადგენლობის მხრივ, გუნდს აშკარად მეტი შეუძლია.

აჭარელთა შიდა სამზარეულოში რა ხდება, ეს ყველაზე უკეთ თავად იციან, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გუნდს ასეთი თამაშით თუნდაც პლეი-ოფში ძალიან გაუჭირდება ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

მატჩის სტენოგრამა
2" - შონიას შესანიშნავი შანსი და თბილისის "დინამო" გადარჩა.
11" - ბექა მიქელთაძემ დასწრებაზე ითამაშა, მაგრამ ააცილა.
16" - ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმულს სერგეი ლიტოვჩენკო ადგილზე დახვდა.
19" - გოლი! ლევან გეგეჭკორის შორეული დარტყმა, ლევან შოვნაძის შეცდომა და "დინამო" დაწინაურდა - 1:0.
28" - აკაკი შულაიას შესანიშნავი რეიდი და დარტყმა. ბათუმელები ხარიხამ იხსნა.
35" - შონიას საჯარიმო. ლიტოვჩენკო დამაჯერებელია.
49" - გოლი! გეგეჭკორის ჩაწოდება. ბექა მიქელთაძე უზუსტეს თავურს ურტყამს - 2:0.
59" - ქავთარაძის შესანიშნავი შანსი. შოვნაძე კარგად თამაშობს.
61" - თემურ ჩოგაძის გადაცემის შემდეგ შონიამ დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა.
80" - გოლი! შულაიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბექა მიქელთაძე დუბლს ასრულებს - 3:0.
82" - გოლი! შულაიას საგოლე პასი და მიქელთაძის ჰეთ-თრიკი - 4:0.
86" - მარცვალაძემ ფლამარიონის შესანიშნავი გადაცემა ვერ გამოიყენა, ლიტოვჩენკოს ვერ აჯობა.
88" - შულაიას სულ ცოტა დააკლდა გოლამდე.
90" - ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი დარტყმა ბათუმელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური
05.11. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 4:0
0:1 გეგეჭკორი (19), 2:0 მიქელთაძე (49), 3:0 მიქელთაძე (80), 4:0 მიქელთაძე (82)
დინამო თბ (4-4-2): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, კობოური, სალუქვაძე, თოთაძე - შულაია, ქარდავა (85. დავითაშვილი), ზარია (34. ქოჩლაძე), კიტეიშვილი - ქავთარაძე (80. კვარაცხელია), მიქელთაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, კუცია, გადრანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო ბთ (4-5-1): შოვნაძე - სუხიაშვილი, ფარტენაძე, მახარაძე, მგელაძე - ჩოგაძე (70. ფლამარიონი), შონია, არზიანი (36. თევდორაძე), გრიგალაშვილი, ქავთარაძე - კვანტალიანი (46. მარცვალაძე).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ტვილდიანი, კეკუა
მწვრთნელი: ასლან ბალაძე
გაფრთხილება: ქარდავა (29)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შუქურა და კოლხეთი უფრო იმსახურებენ უმაღლეს ლიგაში ყოფნას ვიდრე ეს უმსგავსო ბათუმის დინამო.იმედია რომ ისინი მართლა გავარდებიან და მათ ადგილს მერანი დაიკავებს,კერძო და უფრო მონდომებული კლუბი.
Batumi meore ligashi
14:11 06-11-2017
5

სიახლეები პოპულარული