შუქურა-ჩიხურა 0:1 - "შუქურას" შანსი შანსია?

AutoSharing Option
თამაში საკმაოდ ხალისიანად და არცთუ ისე დაბალ ტემპში წარიმართა.

ბურთი მოედნის ცენტრში იშვიათად ჩერდებოდა, რაც ბათუმის "რაგბი არენაზე" იშვიათი ამბავი არ არის - განათებაზე თამაში ფეხბურთელებს გამორჩეულად კარგ გარემოს უქმნის და მეტი სტიმულითაც თამაშობენ...

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი "შუქურა" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მიზნის მისაღწევად, დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური შედეგები სჭირდებათ. ამჯერად მათ ამოცანას ისიც ურთულებდათ, რომ დისკვალიფიცირებული კაპიტანი ირაკლი კლიმიაშვილი აკლდათ.

"შუქურას" მცდელობას ვერ დავუკარგავთ. ერთი შეხედვით, ქობულეთელები ცუდადაც არ გამოიყურებოდნენ და მოედნის თითოეულ მონაკვეთზე იბრძოდნენ, საკმაოდ კარგი საგოლე მომენტებიც
შექმნეს...

მიუხედავად ამისა, მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - ეროვნულ ლიგაში დარჩენის ისედაც მიზერული შანსი ამ შეხვედრის შემდეგ ქობულეთელებს კიდევ უფრო შეუმცირდათ.

"ჩიხურა" კი ბოლო სამ ტურში ზედიზედ დამარცხდა და გადათამაშების ზონას სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა. ამდენად, სოსო ფრუიძის გუნდს ვითარების გამოსასწორებლად ჰაერივით სჭირდებოდა მოგება...

აღსანიშნავია ორივე მეკარის თამაში. გიორგი სომხიშვილმაც და ზურაბ მწყერაშვილმაც საუკეთესო თამაში ჩაატარეს და მათი დამსახურებაა, გაცილებით მეტი გოლი რომ არ გავიდა.

ერთი სიტყვით, "შუქურა" დამარცხდა და ეროვნულ ლიგაში მისი დარჩენის შანსი მეტისმეტად შემცირდა. ქობულეთელები 20 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

3" - ჩიკვაიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ტატანაშვილის თავური სუსტი გამოდგა და მეკარე სომხიშვილი ბურთს იოლად დაეუფლა.
8" - კაკუბავამ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა სარდალიშვილი. სომხიშვილმა დარტყმა მოიგერია და მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა.
12" - კახელიშვილის ფლანგური გადაცემა ჩიკვაიძემ ცუდად მოიგერია და კარის წინ ჩაგელიშვილს ბურთი თავზე "დაასვა". ქობულეთელთა თავდამსხმელმა მოულოდნელი საჩუქარი ვერ შეირგო და მიზანს ააცილა.
19" - სანდრო გურულის ჯარიმა. გოგიტიძემ ახლოდან დაარტყა თავით და მწყერაშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა. "ჩიხურა" გადარჩა.
19" - მოგერიებული ბურთი კუთხურზე გადავიდა. ისიც გურულმა შეასრულა: კართან ისევ გოგიტიძე გაიხსნა. ამჯერად, მისი თავური მიზანს ასცდა.
31" - სომხიშვილმა გუნდი ზედიზედ ორჯერ გადაარჩინა. ივანიშვილის ჩაწოდებული ბურთი ჯერ სარდალიშვილმა კარში თავით გაგზავნა და მეკარემ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი ტატანაშვილს არ გაატანინა.
49" - შალამბერიძის დარტყმული ბურთი მეკარე მწყერაშვილის ნადავლი გახდა.
53" - ჩაგელიშვილის სახიფათო დარტყმა მიზანს ასცდა.
66" - ჩაგელიშვილმა ბურთს ბუცის წვერი წაჰკრა და მცველისგან რიკოშეტით წასული, მწყერაშვილმა ბოლო წამს მაინც მოიგერია.
90+4" - თორნიკე გრიგალაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ტატანაშვილმა ბურთი თავით კარის წინ ლექვთაძეს დაუგდო, რომელმაც დარტყმას ივანიშვილზე გადაცემა ამჯობინა, საჩხერელთა შემტევის დარტყმას კი მცველი გადაეფარა და ქობულეთელები აშკარა გოლისგან იხსნა.
90+5" - გოლი! სტუმრებმა მაინც გაიტანეს: ივანიშვილმა საჯარიმოში შეტევა სარდალიშვილს გაუგრძელა, რომელსაც ხელი არავინ შეუშალა და "ჩიხურამ" შინ 3 ქულა წაიღო - 1:0.

18.10. ბათუმი. რაგბი არენა
შუქურა-ჩიხურა 0:1
0:1 სარდალიშვილი (90+5)
შუქურა (3-4-3): სომხიშვილი - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე - ჟეფინიო, ტიანლინი (58. პომაზანი), გურული, მარსელინიო - შალამბერიძე (75. დაგარგულია), ჩაგელიშვილი, კახელიშვილი (90+2. მალაზონია).
სათადარიგოები: მელნიჩენკო, ცეცხლაძე, კალანდაძე, გოგილაშვილი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ჩიხურა (4-2-3-1): მწყერაშვილი - კაკუბავა, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე (53. თორ. გრიგალაშვილი) - გორგიაშვილი (78. ლექვთაძე), ფონიავა (63. დობროვოლსკი) - კორიფაძე, ივანიშვილი, სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, განუგრავა, ცხადაძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: ჩიკვაიძე (37), ჩადუნელი (62), მარსელინიო (90+4)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

19 ოქტომბერი

ლოკომოტივი-საბურთალო 13:30
კოლხეთი-ტორპედო 15:30
დილა-დინამო (თბ) 20:00

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული