ეროვნული ლიგა. XXVIII ტურის წინ: უკომპრომისო და საინტრიგო

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

დღის პირველ მატჩში, რომელიც 16:00 სთ-ზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება, "ლოკომოტივი" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მოგვიანებით, 19:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა ქუთაისში, სადაც ადგილობრივი "ტორპედო" "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

ტური 29 სექტემბერს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. სამტრედიაში ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "დინამო" დაზავდნენ - 1:1, ხოლო ბათუმის სარაგბო სტადიონზე ქულები ქობულეთის "შუქურამ" და "სამტრედიამ" გაიყვეს - ფრე 2:2.

XXVIII ტური კვირას, 1-ელ ოქტომბერს, გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურას"
შეხვედრით დასრულდება.

30.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
31: +16 =7 -8, 42-31
დისკვალიფიკაცია: ვატო არველაძე (ლოკომოტივი) - ანზორ სუხიაშვილი (დინამო ბთ)
I-II-III წრე: 2:1, 2:1, 0:1

ეროვნული ლიგის ყველაზე უკომპრომისო გუნდების პაექრობა დიდ ინტერესს იწვევს: "ლოკომოტივს" ჩემპიონატში 19-მატჩიანი უფრეო სერია აქვს, ბათუმის "დინამოს" - 11-მატჩიანი...

ორივე გუნდს საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს: გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" (ზედიზედ 4 საშინაო მატჩი რომ მოიგო) 6 ქულითღა ჩამორჩება მესამეადგილოსან "სამტრედიას" და ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალურ შანსსაც ინარჩუნებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ "ლოკომოტივში" ასპარეზობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბათუმის "დინამოს" გაუტანა (თანაც, ორ მატჩში).

აი, ბათუმის "დინამოს" კი უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს: წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორმა... გასავარდნ პლეი-აუტს თავი რომ აარიდოს, ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზებით თამაში ესაჭიროება. თუ არა და, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ გუნდში მორიგი (მიმდინარე სეზონში - მესამე) სამწვრთნელო გადაადგილებაც მოხდეს.

30.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =2 -1, 11-6
დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)
I-II-III წრე: 0:1, 0:0, 2:1

ამ ტურის, უდავოდ, ყველაზე საინტრიგო მატჩი: "ტორპედო" ჩემპიონობისათვის იბრძვის, "საბურთალო" კი - ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად!

...ბოლო ორ საშინაო მატჩში "ტორპედომ" მხოლოდ 1 ქულა აიღო (თუმცა, მეტოქეთა ფაქტორიც გასათვალისწინებელია) და აქედან გამომდინარე, კახა ჩხეტიანის გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად. თანაც, III წრის საუკეთესო გუნდის ("საბურთალო") წინააღმდეგ "ტორპედო" ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ III წრეში "საბურთალომ" მხოლოდ ერთადერთი მატჩი წააგო და ისიც - "ტორპედოსთან". ის მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ქუთაისელთა გამოცდილმა მარჯვენა გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა "საბურთალოს" კარში.

...III წრეში "საბურთალომ" ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები გაუშვა; თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თუ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაშიც არ დამარცხდა, ახალ საკლუბო რეკორდს დაამყარებს: ცხრა მატჩი წაუგებლად!

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდს წარმატებული ასპარეზობა გვინდა მივულოცოთ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლოკოს და ტორპედოს დიდი ანგარიშით წაგებას ვუსურვებ :)
ხუთკუნჭულა
13:12 30-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული