უჩა სოსიაშვილი: ეს ის პერიოდი იყო, როცა ბევრმა მიწა მომაყარა

AutoSharing Option
29 სექტემბერს, ბათუმის "რაგბი არენაზე" ქობულეთის "შუქურა" "სამტრედიას" უმასპინძლებს. მოქმედი ჩემპიონის გულშემატკივრები მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებიან და ქობულეთში გამგზავრებას აპირებენ.

- ეროვნული ლიგა. XXVIII ტურის წინ: დაბრუნება დიდ ავიაციაში

"სამტრედიისთვის" "შუქურასთან" შეხვედრა რამდენიმე ფაქტორის გამო არის საინტერესო და ერთ-ერთი, ცხადია, ახალი მთავარი მწვრთნელია. გია ცეცაძის წასვლის შემდეგ გუნდი 28 წლის უჩა სოსიაშვილმა ჩაიბარა, რომელმაც დიდ სარბიელზე სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს სწორედ სამტრედიულ გუნდში დაიწყო. გორის "დილადან" 2016 წლის დასაწყისში გაშვებული ახალგაზრდა სპეციალისტი კარგად ნაცნობ კლუბში დაბრუნდა და იმედოვნებს, რომ ახალი გამოწვევა
წარმატებული იქნება.

"ლელო" უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- საკმაოდ დიდი პაუზა გამოგივიდათ, მაგრამ ეს ღირდა, რადგან ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მიგიწვიეს...
- "სამტრედიაში" დაბრუნებამ ჩემში განსაკუთრებული გრძნობა გამოიწვია. ამ ქალაქში დავიწყე დიდ ფეხბურთში საქმიანობა და გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. ამის დავიწყება შეუძლებელია და ეს მიწვევა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- თუმცა, გუნდში ისეთ დროს მიხვედით, როცა საჩემპიონო შანსი შემცირებულია, გულშემატკივარი კი წინა სეზონის შემდეგ მხოლოდ პირველობაზე ფიქრობს...
- რა თქმა უნდა, ეს სირთულე კარგად მაქვს გააზრებული. მეორე მხრივ, გუნდში გია ცეცაძე მუშაობდა, რომლის ხედვა და მუშაობის სტილი ძალიან მომწონდა. მუშაობა რთული ამის ფონზეც იქნება, რადგან გულშემატკივარმა დაინახა, რომ მას ძლიერი და კარგი გუნდი ჰყავდა. თანაც, ახლა ეროვნული ლიგის თამაშები დასკვნით ეტაპზეა, ყველა გუნდი მობილიზებულია და მაქსიმუმს აკეთებს, მიზანს რომ მიაღწიოს. მაგრამ მე არც დავფიქრებულვარ - ამბიციურ გუნდში მუშაობა რთულია, მაგრამ სასიამოვნოც. მეორე მხრივ, ჩვენთან არავისზე ნაკლები მოთამაშეები არ არიან. მათ სერიოზული ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ.

- ახლა "სამტრედიის" ამოცანა რა არის?
- მინიმუმ სამეულში მოხვედრა და ევროტურნირზე გამოსვლა.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე არარეალურია?
- დამაიმედებელი ის არის, რომ 9 ტურია დარჩენილი და "დინამო" მხოლოდ 7 ქულით გვისწრებს. ასეთ პირობებში, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ურთულესი იქნება. მაგრამ 7 ქულა დაუძლეველი ჩამორჩენაც არ არის. ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

- საერთოდ, "სამტრედიაში" რა გეგმებით მიხვედით?
- ამ გუნდმა და მისმა გულშემატკივარმა გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. ეს ამბიცია ახლა არანაკლებია და ჩემი მიზანიც ესაა, რომ "სამტრედია" ჩვენი ჩემპიონატის მოწინავეთა შორის იყოს, შესაბამისად, ამბიციაც შეინარჩუნოს.

- შემადგენლობაში კორექტივებს შეიტანთ?
- ეს ყოველთვის ხდება - ახალი მწვრთნელის დროსაც და ძველის ხელშიც. კორექტივებს შევიტან არა იმიტომ, რომ ეს ჩემი სურვილია, უბრალოდ, ფეხბურთში ეს ბუნებრივი, ყოველდღიური პროცესია. შემადგენლობა მეტოქეებიდან გამომდინარეც იცვლება.

- სადებიუტო შეხვედრას ქობულეთის "შუქურასთან" ჩაატარებთ, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის. იოლი თამაში ნამდვილად არ გელით...
- ეს კარგად გვესმის. "შუქურა" გასავარდნ ზონაშია და ყველა ვხედავთ, როგორი მონდომებით იბრძვის. ქულები თბილისის "დინამოს" თუ დააკარგვინა, ცხადია, ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლებს და 3 ქულას ლანგრით არ მოგვართმევს. მაგრამ ქულების მოსაპოვებლად "სამტრედიაც" მობილიზებულია და ვეცდებით, დარჩენილ 9 შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვოთ.

- თქვენი ხელმძღვანელობით გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ მერე გაგათავისუფლეს და 8-თვიანი უმუშევრობის შემდეგ "სამტრედიამდე" მხოლოდ მესამე ლიგის გუნდში, "მარგვეთში" მიგიწვიეს. ოლიმპიდან დაცემა მტკივნეული განცდაა?
- ცხოვრებაც ასეთია: აღმასვლას დაცემა მოსდევს და შემდეგ - ისევ აღმასვლა. 8 თვე უმუშევარი ვიყავი და ამას მართლაც ძალიან განვიცდიდი. საერთოდ, საქმეში მაქსიმალური თავდადება და გულით მუშაობა მიყვარს. როცა ეს გიფასდება და მწვერვალზე ადიხარ, სასიამოვნო შეგრძნებაა. მაგრამ სულ ოლიმპზე არავინ მდგარა და გამონაკლისი ვერც მე ვიქნებოდი. მეორე მხრივ, მე არ გავჩერებულვარ, ამ პაუზის დროს ბევრი ვისწავლე და ველოდებოდი ამ დღეს...

- მაგრამ ზესტაფონის "მარგვეთში" თქვენი წასვლა მაინც მოულოდნელი იყო...
- რატომ იყო მოულოდნელი? მუშაობა მსურდა, "მარგვეთში" კი გამიხსენეს და ამიტომ ამ ხალხს მადლობა უნდა გადავუხადო. ეს ის პერიოდი იყო, როცა ბევრმა მიწა მომაყარა. ქართული ფეხბურთისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია და ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ცხოვრებისეული ამბავია და ეტყობა, ეს ეტაპიც უნდა გამევლო. მადლობა ღმერთს, რომ ახლა ნდობა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში გამომიცხადეს.

- საერთოდ, საინტერესოა, მესამე ლიგაში რა პირობებია?
- დაბალ ლიგაში ფინანსურად დალხენილები რომ არ არიან, ეს ისედაც გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, დავინახე, რომ იმერეთში მუშაობა შეიძლება.

- რას გულისხმობთ?
- რაიონებში, და იმერეთში განსაკუთრებით, ძალიან ბევრი ტალანტია. თბილისში 100 ბავშვიდან ნიჭიერი თუ ხუთია, აქ ასეთს 15-ს მოძებნი. უბრალოდ, მათ სერიოზული ხელშეწყობა სჭირდებათ.

ზესტაფონში მუშაობისას ბევრჯერ მიფიქრია - რაიონებში "დინამოს" მსგავსი რამდენიმე აკადემია რომ დავაფუძნოთ, ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი საქმე გაკეთდება. ასე მგონია, ჩვენ რეალურად ვერც ვაცნობიერებთ, რა ტალანტებს ვკარგავთ. ქართულ ფეხბურთს მხოლოდ თბილისი ვერ ასაზრდოებს, მას ძლიერი რეგიონებიც სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ კაცს გადაუღეთ სხვა ფოტო ხო შეიძლება გახუნდა უკვე ეს ფოტო, დილაში გადაღებული ფოტოებიაა, და მაგრად ტეხავს.
დილა
10:35 03-10-2017
0
არაფერი პირადული მაგრამ ეს ზოგადი ფრაზები არ მოგბეზრდათ (ნიჭიერები ტალანტები წარნატებები) პირველ რიგში პროფესიონალიზმი და უფრო მეტი კონკრეტიკა რა სქემით აპირებს სიტუაციის გამოსწორებას რომ კიდევ ერთხელ არ ჭამონ სირცხვილი P.S. ყიფიანს კითხეს ერთხელ ყველა დროის ქართველი ფეხბურთელებიდან რამდენს თვლით მსოფლიოს დონის ფეხბურთელადო და სამი ფეხბურთელი დაასახელა...
კახა
17:01 29-09-2017
1

სიახლეები პოპულარული