დილა-სამტრედია 2:1 - დარასელიამ გასაღებს მიაგნო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი დარასელიას წაგებული მატჩების იმ საკმაოდ დიდ სერიას რომ ვუთვლიდით, არც მისი გუნდის წაღმა დატრიალებული ბედის ბორბლის სტატისტიკურ მონაცემს ავუვლით გვერდს. უკანასკნელი ოთხი ტურიდან მისმა "დილამ" 3 მოიგო და შესამჩნევად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა. გორელებმა ალბათ იპოვეს ის თამაში, რომლის დემონსტრირებაც შეთამაშების პირობებში ძალუძთ და დარასელიამაც, როგორც ჩანს, მიაგნო წარმატების გასაღებს.

"დილას" "სამტრედიასთან" მოგება უფრო ნაკლებად სავარაუდო იყო, ვიდრე უწინდელი გამარჯვებები "შუქურასა" და "კოლხეთთან", იმის გათვალისწინებით, რომ იმერლები ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან და თანაც, გორულ კლუბს ბოლო წლებში ხშირად ამარცხებენ.

სტადიონზე
მოსულ მაყურებელს არ უნანია, რადგან მინდორზე ერთობ დაძაბულ და კარგ თამაშს ადევნა თვალი.

გია ცეცაძემ შეტევაზე ორიენტირებული ტაქტიკური განლაგება შეარჩია. 3 ნომინალური მცველის გვერდით მას ფლანგებზე აქტიური, მოიერიშე მობურთალები ჰყავდა დაყენებული, მაგრამ თუ ფლანგებზეა ლაპარაკი, ამ პოზიციაზე მასპინძელი ნახევარმცველების - ლევან ნონიკაშვილისა და დავით კირკიტაძის გარჯა უფროა აღსანიშნავი. მათ გვარიანი თავისტკივილი გაუჩინეს მოწინააღმდეგეს. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ომარ მიგინეიშვილის კარში გოლები სწორედ მათ გაიტანეს. ზოგადად გამარჯვებაში კი "დილას" ნახევარდაცვამ შეიტანა ლომის წილი.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, იმ 10-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა, როცა მასპინძელთა ორი გოლი ვიხილეთ. თუმცა, ანგარიშში ორბურთიანმა ჩამორჩენამ სამტრედიელები ფსიქოლოგიურად ვერ გატეხა. მეტიც, ცეცაძის შეგირდებმა უფრო აქტიურად სწორედაც ამის მერე შეუტიეს და ლოდინიც დიდხანს არ დასჭირვებიათ - ერთი გოლი მალევე გაქვითეს. ამ სიტუაციაში გორელები მეკარეს ვერ დაადანაშაულებენ, რადგან ტანმაღალ ნიკა სანდოხაძეს "დილას" მცველები სათანადოდ ვერ გაუმკლავდნენ.

მეორე ტაიმმა უგოლოდ კი ჩაიარა, მაგრამ რიცხობრივად იმაზე მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნა, ვიდრე - შესვენებამდე. უბრალოდ, დროის ამ მონაკვეთში მეკარეებიც საიმედოდ გაისარჯნენ, დაცვაშიც საბედისწერო შეცდომები არ დაუშვიათ და მოიერიშეებმაც მიზანი ვერა და ვერ გაასწორეს.

"სამტრედია" ქულის გადასარჩენად უფრო სახიფათოდ მაშინ უტევდა, სანამ კაცნაკლული დარჩებოდა. მართალია, გოლის გასატანად ბრძოლა სტუმრებს არც ამის მერე შეუწყვეტიათ, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად იყო მწყობრი თამაში და კომბინაციებში ემოციური მუხტი უფრო ჭარბობდა, ვიდრე კარგად გააზრებული მოქმედება.

მსაჯის საფინალო სასტვენის მოახლოებისას კულმინაციისათვის დამახასიათებელმა დაძაბულობამაც იმატა. ორივე კართან ვიხილეთ ისეთი ეპიზოდები, ბადეში ბურთის შეგორებას რომ ველოდით, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა ძვირფასი ქულები დაკარგა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კი არანაკლებ ძვირფასი ქულები და თავდაჯერება შეიმატა.

მატჩის სტენოგრამა
8' - სტუმართა საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი ფანცულაიამ კარის გასწვრივ კირკიტაძეს ჩაუწოდა, მაგრამ სახიფათო სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.
10' - დასარტყმელ პოზიციაზე გასულ დავით რაჟამაშვილს ბოლო წამს გოდერძი მაჩაიძემ ააცალა ბურთი ფეხიდან.
11' - გოლი! 1:0! ლევან ნონიკაშვილის მიერ ფლანგიდან კარის გასწვრივ სახიფათოდ შეგდებული ბურთი ირაკლი ძარიამ ვერ გაგზავნა კარისკენ, მაგრამ იქვე დავით კირკიტაძემ იმარჯვა და ანგარიში გახსნა.
21' - გოლი! 2:0! ნონიკაშვილის მორიგი შეჭრა საჯარიმოში გოლით დასრულდა. მცველებმა ვერ შეძლეს მისი შეჩერება და მეკარეც უძლური იყო.
33' - გოლი! 2:1! გიული მანჯგალაძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ნიკა სანდოხაძე გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავით ზუსტად გაგზავნა მუჯრიშვილის კარში.
43' - რომ არა ალექსანდრე კვახაძის ზუსტი თამაში, თეიმურაზ მარკოზაშვილი შანსს ალბათ ხელიდან არ გაუშვებდა.
44' - სამტრედიელებმა გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
46' - მატჩის განახლებისთანავე სახიფათო მომენტი შეიქმნა "დილას" კართან, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში რაჟამაშვილმა და საბანაძემ ვერ გაუგეს ერთმანეთს.
57' - ფანცულაიას მიერ საშუალო დისტანციიდან დარტყმულს სამტრედიელთა მცველი გადაეფარა.
62' - რაჟამაშვილის ეფექტური დრიბლინგი მცველებმა კარის სიახლოვესღა შეაჩერეს.
77' - პედრინიოს სახიფათო "სტანდარტული" მიგინეიშვილმა ნახტომში მოიგერია.
79' - მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულმა გოგატაშვილმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
88' - ნუბიო ფლავიოს თავური მცირედით ასცდა მიზანს.

ეროვნული ლიგა. XXVII ტური
23.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სამტრედია 2:1
გოლები 1:0 კირკიტაძე (11. ნონიკაშვილის პასით), 2:0 ნონიკაშვილი (21. კირკიტაძის პასით), 2:1 სანდოხაძე (33. მანჯგალაძის პასით)
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - მორასი, კვახაძე, აბუბაქარი, მაჩაიძე - კირკიტაძე, ძარია, რაზმაძე, წიქარიძე (53. პედრინიო), ნონიკაშვილი (84. ნუბიო) - ფანცულაია (66. გოგატიშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუსიანი, აშორტია, მოდებაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სამტრედია (5-4-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, კასრაძე (82. მთივლიშვილი), ბალდე (28. მარკოზაშვილი/68. ოლაიტანი) - გიი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი - საბანაძე.
სათადარიგოები: სტურუა, ჯიქია, სამუშია, ნდონგი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (66), მჭედლიშვილი (73), კვახაძე (90)
გაძევება: მჭედლიშვილი (73. სამტრედია)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
29 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-სამტრედია

30 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ტორპედო-საბურთალო

1-ლი ოქტომბერი, კვირა
დილა-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარსელიამ კი არ მიაგნო სამტრედიამ დაკარგა გასაღებიდა მან იპოვა
სანდრო
17:43 29-09-2017
0
რის გასაღებს მიაგნო..... მსაჯების? ორი გოლი რომ არ ჩაუთვალეს და ორი პენალტი რომ არ დაუნიშნეს? კაცი არ გაეგდოთ სამტრედიისათვის და ნახავდით გასაღებს!!!
Dragonfly
08:31 29-09-2017
0

სიახლეები პოპულარული