ტორპედო-დინამო(თბ) 1:1 - სისხლით, ემოციებით, სავსე ტრიბუნებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყველა გუნდის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება - ქუთაისში ყოველთვის ყველაზე დიდ ინტერესს "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირება იწვევს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ინტერესი გუშინდელი მატჩის მიმართ გაორმაგებული იყო - "ტორპედოს" ლიდერთან მიახლოების შანსი გაუჩნდა...

მატჩის სანახავად გულშემატკივრებმა სტადიონზე ერთი საათით ადრე იწყეს მისვლა და რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე დაახლოებით 8 000 ქომაგი შეიკრიბა. ქართულ "კლასიკოს" ხშირად ახლავს დავიდარაბა და, სამწუხაროდ, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიუხედავად, ინციდენტის გარეშე ვერც გუშინდელმა დაპირისპირებამ ჩაიარა.

თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე სტადიონის ტერიტორიაზე "დინამოს" ფანკლუბის გამოჩენას
ადგილობრივი ქომაგების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ მიერ სტადიონის გარედან ნასროლმა ქვამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ერთ-ერთ ტექნიკურ პერსონალს (რომელიც პირდაპირ რეპორტაჟზე მუშაობდა) თავი გაუტეხა. მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს "დინამოს" პრეზიდენტსა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან, რბილად რომ ვთქვათ, შეკამათება მოუვიდათ. საბედნიეროდ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა...

რაც შეეხება მატჩს, ის ძალზე დაძაბული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ქუთაისელების დიდი უპირატესობით წარიმართა. კახა ჩხეტიანის გუნდი მთელი ძალებით უტევდა. ქუთაისელები ძირითადად საჯარიმოს გარედან ცდილობდნენ ნუკრი რევიშვილის დამწუხრებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, რამდენიმე ეპიზოდში კი თბილისელთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

მასპინძლები აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს, გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, მაგრამ მათი მწვავე გარღვევების დაგვირგვინება ვერ ხერხდებოდა. თბილისელთა რიგებში ყველაზე შესამჩნევი ფიგურა ოთარ კიტეიშვილი იყო, ვინც ტრავმის შემდეგ "ტორპედოსთან" მატჩში დაუბრუნდა მოედანს. კიტეიშვილი ტექნიკური არსენალის წყალობით დინამოელთა თამაშს ამწვავებდა, პირველ ტაიმში თავად დაემუქრა მასპინძელთა კარს, მოგვიანებით კი სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ლაშა თოთაძემ გოლად აქცია.

გოლის შემდეგ ჩხეტიანმა მდგომარეობის გამოსწორება ორმაგი ცვლილებით სცადა - გიგაურისა და ტუღუშის ნაცვლად მოედანზე გუგა ფალავანდიშვილი და გიორგი ბერიაშვილი შეიყვანა, ცოტა მოგვიანებით კი გამოცდილი შოთა ბაბუნაშვილიც ჩართო თამაშში.

ქუთაისელები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ მათი შეტევები, ძირითადად, ქაოსური ხასიათის იყო. დინამოელები გოლამდეც მეორე ნომრად თამაშობდნენ და დაწინაურების შემდეგ მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრდნენ. კუჭუხიძის მისამართით გაკეთებულ მაღალ ჩაწოდებებს თავიდან შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ქუთაისელთა ტანმაღალმა ფორვარდმა გადაურჩინა მასპინძლებს ქულა - მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ქიმაძის ფლანგური ჩაწოდება ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" "დინამოსთან" პირველი ქულა მოაპოვებინა.

მატჩის სტენოგრამა
1' - "ტორპედოს" დაცვა ჩავარდა, რასაც გიორგი კუციას სახიფათო, მაგრამ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.
2' - მერაბ გიგაურმა საჯარიმოს გარედან "დააქუხა". ბურთმა ხარიხას გადაუფრინა.
7' - გიორგი კუჭუხიძის სახიფათო დარტყმა მცირედით სცდება მიზანს.
10' - დინამოელები შეცდნენ, რითიც ლაშა კუჭუხიძეს უნდა ესარგებლა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს ლაშა თოთაძე გადაეღობა.
13' - ბექა ტუღუშის დარტყმა ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.
15' - კუხიანიძის სახიფათო დარტყმა და მეკარე ბურთს კუთხურზე იგერიებს.
25' - ოთარ კიტეიშვილის გამჭოლი გადაცემა მეკარის საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძის მისამართით. მდგომარეობა მცველებმა განმუხტეს.
30' - არეულობა "დინამოს" საჯარიმოში, ვაჟა ტაბატაძის დარტყმა რევიშვილმა მოიგერია.
34' - გიგაურის შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია.
43' - კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა საჯარიმოს გარედან. დინამოელს მიზანმა უმტყუნა.
50' - კიტეიშვილი-მიქელთაძის ორსვლიანი კომბინაცია მიქელთაძის სახიფათო დარტყმით დასრულდა. ბურთი ოდნავ ასცდა მარცხენა ძელს.
53' - კუხიანიძის ძალზე სახიფათო დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან. ბურთი ოდნავ სცდება კარს.
59' - კიტეიშვილი საჯარიმოს გარედან დაემუქრა კვასხვაძის კარს. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.
62' - გოლი! 0:1! ლაშა თოთაძემ იდეალურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "დინამო" დააწინაურა.
64' - თოთაძის საჯარიმო დარტყმა. ბურთი ხარიხას გადასცდა.
68' - გიორგი ბერიაშვილის დარტყმა ვარდნაში და ბურთი სცდება დინამოელთა კარს.
78' - მიქელთაძის შორეული დარტყმა უზუსტოა.
90+1' - ბერიაშვილი ახლო მანძილიდან დაემუქრა "დინამოს" კარს, მაგრამ რევიშვილმა მდგომარეობა განმუხტა.
90+4' - გოლი! 1:1! ქიმაძის ფლანგური ჩაწოდება და კუჭუხიძის თავური გოლი.

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (დინამო): "ქუთაისში თამაში ყოველთვის რთულია. პირველივე წუთზე შეგვეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ "ტორპედომ" მოიპოვა უპირატესობა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ... მერე გამოვასწორეთ თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ კარი "მშრალად" შეგვენარჩუნებინა და კონტრშეტევებზე ჩვენი შანსი გამოგვეყენებინა.

მეორე ტაიმში წინ გავედით და ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, რადგანაც მატჩის უკანასკნელ წუთზე გავუშვით დასანანი გოლი. ეს ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოუცდელობას უნდა დავაბრალო.

დასანანია, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ჩვენს უშუალო კონკურენტს ვეთამაშებოდით, რომელსაც ჩემპიონობის ამბიცია აქვს. ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო თავდადებული თამაშისთვის...

რაც შეეხება ტრიბუნებზე მომხდარ ინციდენტს, ვერაფერს ვიტყვი, რადგანაც თამაშში ვიყავი ჩართული და არაფერი ვიცი".

კახა ჩხეტიანი (ტორპედო): "მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, არაერთი მომენტიც შევქმენით, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. ამის შემდეგაც ბევრს ვუტევდით... ბოლო წუთზე გავათანაბრეთ კიდეც ანგარიში და თითქოს, ეს გამართლებაც იყო, მაგრამ ცოტა ადრე რომ გაგვეტანა, შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულებულიყო.

რაც შეეხება მოედნის გარეთ მომხდარ ინციდენტებს, მსგავსი რამ ყველგან ხდება. მთავარია, ჩხუბი არ მოხდეს. ვფიქრობ, დღეს ქუთაისში საფეხბურთო ზეიმი იყო".

ეროვნული ლიგა. XXVII ტური
24.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია" 
ტორპედო-დინამო(თბ) 1:1
გოლები: 0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90+4. ქიმაძის პასით)
ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - გიგაური (66. ფალავანდიშვილი) - დოლიძე, კუხიანიძე (76. ბაბუნაშვილი), ტუღუში (66.ბერიაშვილი), კუტალია - კუჭუხიძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, კორობკა
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა, ზარია - შულაია, კიტეიშვილი (90+4. ქოჩლაძე), კუცია (46. მიშჩენკო) - მიქელთაძე.
სათადარიგოები: ლიტოვჩენკო, კვარაცხელია, ერგემლიძე, დავითაშვილი, ქავთარაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კუცია (25), ქიმაძე (60), მიშჩენკო (71), ბერიაშვილი (80), თოთაძე (88)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
29 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-სამტრედია

30 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ტორპედო-საბურთალო

1-ლი ოქტომბერი, კვირა
დილა-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნებისმიერი სოფლის გუნდი რო გამოიყვანო ისინიო უფრო აქტიურად და ჟინით ითამაშებენ ვიდრე ესენი! ორივე გუნდს ვგულისხმობ_)) უნდა არბენიო ყოველდგიურად 10-15 კმ და ეგება მერე რამე გამოვიდეს ! ტექნიკას დახვეწენ ნელნელა! 90 იევის დინამომ მასე დაიწყო ჯერ დარბოდა და მერე ტექნიკასაც მოუმატა
ზურა
11:24 26-09-2017
0
ეს არ არის ის თამაში, რომლითაც ევროპაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. დღსვე უნდა შევცვალოთ მომზადების სისტემა, თორემ უარეი გველის მომავალ წელს. ივერია თავისით არ გაბრწყინდება! ერთი ადგილი უნდა გავანძრიოთ ყველამ!

პ.ს. ნეოლითის ხანიდან უნდა გამოვიდეთ! 21-ე საუკუნეა უკვე!
ქუთაისელი
15:12 25-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული