კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

AutoSharing Option
ორმაგი კი არა, უბრალო დერბიც ყოველთვის საინტერესოა, პარასკევის მატჩი კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. თავისუფლად შეგვიძლია, ზღვისპირულ დერბისთან ერთად, მას "უკრაინულიც" ვუწოდოთ, "კოლხეთის" ახალი დამრიგებელი ალექსანდრ შტელინი და ბათუმელთა თავკაცი კონსტანტინ ფროლოვი ხომ სწორედ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან არიან...

იმთავითვე ვიტყვით, რომ "დინამომ" აშკარად დაიმსახურა 3 ქულა. მეტიც, რომ არა კოკა სეფიაშვილის დიდებული თამაში, აჭარლები მეტსაც გაიტანდნენ. სეფიაშვილზე ცალკე: ფოთელთა დაცვამ ტრადიციულად უამრავი შეცდომა დაუშვა და გამოცდილი კიპერი მართლაც რომ კედელივით იდგა კარში.

კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში, პირადად მე, მეკარის ასეთი
თამაში არ მინახავს. სეფიაშვილს ვერც ერთ გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ. "კოლხეთს" კი ასეთი თამაშითა და, მეტადრე, ასეთი დაცვით აშკარად გაუჭირდება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ბათუმის "დინამოს" კი საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე პოტენციალი რომ აქვს, არახალია. აქამდე აჭარლები თავდასხმის ხაზის არცთუ დამაჯერებელ თამაშს უჩიოდნენ, ახლა კი ვითარება ოთარ მარცვალაძის დაბრუნებამ გამოასწორა. პრაქტიკულად, ჯანმრთელმა მარცვალაძემ პირველად ითამაშა "დინამოს" შემადგენლობაში და ერთობ საჭირო გოლიც შეაგდო.

მატჩის სტენოგრამა
3' - ბათუმელთა პირველი მომენტი. ვაკო თევდორაძემ ერთობ ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა.
8' - ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმა საჯარიმოს გარედან. ფოთელთა მეკარე სეფიაშვილი კარგად თამაშობს.
10' - "კოლხეთის" ძალიან რეალური მომენტი. ბროვკოს პასით დერებჩინსკის ვერ გააქვს.
12' - დავით კვირკველიას ძლიერი დარტყმის შემდეგ ისევ სეფიაშვილი ყოჩაღობს.
21' - ოთარ მარცვალაძე ორ მეურვეს ატყუებს და ვარდნაში ცდილობს გატანას. სეფიაშვილი ადგილზეა.
28' - გოლი! 0:1! ჯერ მარცვალაძეს არ გაატანინა შოთა კერძევაძემ, მერე გრიგალაშვილს შეუშალა ხელი ვარლამ კილასონიამ, ანზორ სუხიაშვილის დარტყმულს სეფიაშვილი დაუხვდა, თუმცა ოთარ მარცვალაძემ მაინც გაიტანა თავისი პირველი გოლი ბათუმის "დინამოს" მაისურით.
32' - გოლი! 0:2! არჩილ ტვილდიანის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ იაროსლავ კვასოვი სტუმართა უპირატესობას ორამდე ზრდის.
55' - ინციდენტი ბროვკოსა და სუხიაშვილს შორის, რომელიც მალევე განიმუხტა.
58' - სუხიაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა ფოთელთა კარს.
63' - თემურ ჩოგაძის დარტყმის შემდეგ სეფიაშვილმა "კოლხეთი" კიდევ ერთხელ იხსნა.
68' - სეფიაშვილი ისევ შესანიშნავად თამაშობს. მან ჯერ გრიგალაშვილს არ გაატანინა, მერე ქავთარაძეს, ბოლოს კი კვირკველიას, რაშიც ხარიხაც "დაიხმარა".
84' - სეფიაშვილი ჩოგაძის დარტყმულს იგერიებს.
86' - თემურ შონიას თავურის შემდეგ ბურთი ფოთელთა კარის ძელს ხვდება.
89' - ჯონ მაჩარიას პასი, დერებჩინსკის თავური და ხარიხა - ბათუმელები გადარჩნენ.
90' - გიორგი კილასონიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.
90' - ჩოგაძის არაზუსტი დარტყმა ხელსაყრელი სიტუაციიდან.

ეროვნული ლიგა. XXVII ტური
22.09. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2
გოლები: 0:1 მარცვალაძე (28), 0:2 კვასოვი (32)
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, კერძევაძე, ვ. კილასონია, ოტიენო (77. ბახია) - ბროვკო (81. ჟიშკარიანი), მაჩარია, ბოლქვაძე (86. შალიკაშვილი), ჯანელიძე, დერებჩინსკი - ბუხაიძე.
სათადარიგოები: შერმადინი, გურეშიძე, ბერაია, კოკაია
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დინამო (4-4-2): ტიმოფეევი - ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია, არზიანი, ე. გრიგალაშვილი, თევდორაძე (66. ქავთარაძე) - მარცვალაძე (58. ჩოგაძე), კვასოვი (76. ფლამარიონი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, კვანტალიანი
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: გ. კილასონია (33), სუხიაშვილი (54)
გაძევება: გ. კილასონია (90)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 22
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

მომდევნო ტური
29 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
შუქურა-სამტრედია

30 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ტორპედო-საბურთალო

1-ლი ოქტომბერი, კვირა
დილა-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული