შუქურა-დილა 0:1 - გამარჯვებით მიულოცეს...

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ბრძოლაში მთავარ კონკურენტ "კოლხეთთან" მისაახლოებლად მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა.

ვერ ვიტყვით, რომ გორის "დილამ" მასპინძელი დაჯაბნა, მაგრამ არც "შუქურას" უთამაშია ისე, რომ 3 ქულა დაემსახურებინა. მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც უფრო უკეთესად გამოიყენა საგოლე შანსები. ფაქტი ისაა, რომ ვერც ერთი და ვერც მეორე კლუბი ასეთი თამაშით შორს ვერ წავა. პრინციპში, მატჩის ამგვარი ხასიათი მოსალოდნელიც იყო - ერთმანეთის პირისპირ ხომ ჩვენი პირველობის ორი აუტსაიდერი წარდგა...

და მაინც, "დილამ" ალალად
გაიხარა. ასეთ მატჩებში, როცა ერთმანეთს ორი უშუალო კონკურენტი ხვდება, წინა პლანზე შედეგი გამოდის. "დილამ" კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ამ გამარჯვებით მიულოცა 3 ქულა მთავარ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას, ვისაც გუშინ დაბადების დღე ჰქონდა...

ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ხანდახან ისეთი გამოცდილი მეკარეც ცდება, როგორიცაა გიორგი სომხიშვილი. რომ არა მის მიერ დაშვებული შეცდომა თამაშის დასაწყისში, თავისუფლად შეიძლებოდა, ეს შეხვედრა, რომელიც არცთუ მდიდარი იყო საგოლე მომენტებით, ნულოვანი ფრითაც დასრულებულიყო.

ამ შემთხვევაში კი სხვანაირად მოხდა. ბევრისმნახველმა ირაკლი ძარიამ, ყველა ქართული ტიტული რომ მოუგია "დინამოსა" და "ზესტაფონთან" ერთად, კარგად შეაფასა შექმნილი სიტუაცია და თავისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

"შუქურა" მეორე ტაიმში უკეთესი იყო, ვიდრე პირველში, თუმცა ქობულეთელებმა თუნდაც გამათანაბრებელი გოლის გატანა ვერ შეძლეს. მთელ რიგ ეპიზოდებში საიმედო იყო გორელთა კარის დარაჯი მიხეილ მუჯრიშვილი.

სტუმრებს საწუხრად მხოლოდ ფლავიო ნუბიოს ტრავმა თუ დარჩებოდათ, რომელიც, ერთი შეხედვით, სერიოზული ჩანდა...

მატჩის სტენოგრამა
6' - სახიფათო მომენტი ქობულეთელთა კართან. მცველებმა დერეტის აქტიურობა გაანეიტრალეს.
8' - გოლი! 0:1! გიორგი სომხიშვილის შეცდომა. ირაკლი ძარიამ მომენტი კარგად შეაფასა და გამოცდილ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
18' - გიორგი ფანცულაიას დარტყმის შემდეგ "დილა" გიორგი სომხიშვილმა გადაარჩინა.
33' - დავით ჩაგელიშვილისა და სანდრო გურულის კომბინაცია. გურულმა ოდნავ ააცილა.
35' - მარსელოს დარტყმულ ბურთს მიხეილ მუჯრიშვილი ადგილზე დახვდა.
40' - მუჯრიშვილმა რომან ჩაჩუას მიერ დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია.
40' - გია ჩადუნელის დარტყმულს ისევ მუჯრიშვილი დახვდა ადგილზე.
60' - მარსელომ გორელთა კარის შორეულ კუთხეს დაუმიზნა. უშედეგოდ.
68' - ჯეფერსონის ჩინებული პასი და ერეკლე მალაზონიას დარტყმა. მცირე რიკოშეტი და ბურთი ოდნავ სცდება "დილას" კარს.
70' - ძარიას აქტიურობის შემდეგ "შუქურა" გადარჩა.
77' - ფლავიო ნუბიო უხერხულად დაეცა და ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მინდორზე გოდერძი მაჩაიძე გავიდა.
85' - კობა შალამბერიძემ თამაშგარე მდგომარეობიდან შეაგდო.
90' - ირაკლი კლიმიაშვილის დარტყმულს მუჯრიშვილი ადგილზე დახვდა.

ეროვნული ლიგა. XXVI ტური
17.09. ბათუმი. "რაგბი არენა"
შუქურა-დილა 0:1
გოლი: 0:1 ძარია (8)
შუქურა (4-4-2): სომხიშვილი - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, დასე (86. გოგილაშვილი) - ართმელაძე (46. მალაზონია), კლიმიაშვილი, გურული, ჟეფინიო (69. შალამბერიძე) - ჩაგელიშვილი, მარსელინიო.
სათადარიგოები: მელნიჩენკო, კალანდაძე, პომაზანი, ტიანლინი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - მორასი, ქარქუზაშვილი, კვახაძე, აბუბაქარი - დერეტი (46. პედრინიო), ძარია, ნონიკაშვილი (67. ფლავიო ნუბიო/77. მაჩაიძე), რაზმაძე, კირკიტაძე - ფანცულაია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჭეჭელაშვილი, კუსიანი, აშორტია
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (45), ჩადუნელი (47), კლიმიაშვილი (55)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

მომდევნო ტური
22 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
საბურთალო-შუქურა

23 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
დილა-სამტრედია

24 სექტემბერი, კვირა
ტორპედო-დინამო (თბ)

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 20
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მთავარი ისაა რომ თამაშის ხარისხი გამოსწორდეს და არა ის რომ მოიგო შემთხვევით.
dragonfly
00:53 19-09-2017
0
მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყველას გილოცავთ! აი ასე რა ....!!!
dragonfly
00:51 19-09-2017
0

სიახლეები პოპულარული