[ფანკლუბები] გაიცანით თბილისის "ლოკომოტივის" ახალი ფანკლუბი

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს თბილისის "ლოკომოტივის" ფანკლუბს წარმოგიდგენთ, რომელიც თითქმის ორი თვეა, რაც არსებობს. მის შესახებ კლუბსა და ფანკლუბს შორის მეკავშირე ნიკა ქევხიშვილს გავესაუბრეთ.

- უპირველესად, ფანკლუბის დაარსების შესახებ მოგვიყევით...
- ნებისმიერი კლუბის სურვილია, ჰყავდეს გულშემატკივარი. სამწუხაროდ, "ლოკომოტივს" ამის დეფიციტი ჰქონდა.

ფანკლუბზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყო, აქტიური ნაბიჯების გადადგმა კი - ჯერ კიდევ გარდამავალი ჩემპიონატის დროს.
უშუალოდ პროცესი ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამ პერიოდში კლუბმა ითანამშრომლა აჩიკო გულედანთან და "ალტერვიჟენ" ჯგუფთან. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჰიმნი, კლუბმა გაიარა "საუნდ ბრენდინგი", გადავიღეთ საიმიჯო კლიპი და დაიწყო სოციალურ ქსელსა და ზოგადად, ინტერნეტ და ტელესივრცეში აქტივობა, სახელწოდებით "ამოდი ბაქანზე". სწორედ ამ აქტივობას მოჰყვა ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდების გამოჩენა, რომლებიც, როგორც გაირკვა, "ლოკომოტივს" თვალყურს ადევნებდნენ და ფანკლუბის შექმნამ მათ კლუბთან დაახლოების საშუალება მისცა.

სეზონის მეორე ნახევრის განახლებამდე არსებული პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ, ჩავატარეთ ფანკემპი საგურამოს სამწვრთნელ ბაზაზე, ახლოს გავიცანით დარეგისტრირებული გულშემატკივრები, დავგეგმეთ "პერფორმანსი" პირველი საშინაო მატჩისთვის. მონდომებამ და ამ ახალგაზრდა გულშემატკივრების ენთუზიაზმმა მოგვცა ის შედეგი, რაც ყველამ იხილა.

- რა უნდა გააკეთოს ფანკლუბში გაწევრიანების მსურველმა?
- "ლოკომოტივის" ოფიციალურ საიტზე არის სპეციალური განყოფილება, სახელწოდებით "ამოდი ბაქანზე", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მას აუცილებლად დავუკავშირდებით.

- ასაკი შეზღუდულია?
- ასაკი მკაცრად გაწერილი არ გვაქვს, ღია ორგანიზაცია ვართ და ყველა მსურველს ვღებულობთ. ამ ეტაპზე გულშემატკივართა უმეტესობა 16-20 წლისაა.

- საინტერესოა ისიც, თუ რამდენად ექნება ფანკლუბს უშუალოდ კლუბისგან ხელშეწყობა...
- კლუბი აუცილებლად უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სხვა ქალაქებში. ეს არის მცირედი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ქომაგების უანგარო გულშემატკივრობის საპასუხოდ.

- იმოქმედებს თუ არა ფანკლუბის წევრებზე გარკვეული სახის შეღავათები?
- პირველ ეტაპზე, წევრებს ატრიბუტიკა საჩუქრად გადაეცათ და მატჩებზე დასწრების ბილეთებსაც უზრუნველვყოფთ. სამომავლოდ გვსურს, დავნერგოთ ფანკლუბის ევროპული სტანდარტი, რაც მოიაზრებს, რომ ახალმა წევრებმა ატრიბუტიკა თავად უნდა შეიძინონ კლუბის ფანშოპში.

- რამდენად იქნება ჩართული ფანკლუბი კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- თბილისის "ლოკომოტივი" ტრანსპარანტული ორგანიზაციაა, ფანკლუბის წევრებს აუცილებლად ექნებათ ვარჯიშებზე დაწრებისა და ფეხბურთელებთან კომუნიკაციის საშუალება. უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისგან ძალიან დადებითი მუხტი და ემოციები მიიღო ფანკლუბმა. ამ მხრივ, მთლიანად კლუბში სასიამოვნო ატმოსფეროა და განწყობაც ამაღლებულია.

- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...
- გვინდა, განვვითარდეთ და დავწეროთ "ლოკომოტივის" ახალი ისტორია. ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყრელი ელემენტებია და გვჯერა, რომ სწორი მუშაობით ფანკლუბი დაეხმარება უშუალოდ კლუბს წარმატების მიღწევაში.

აუცილებლად შეიქმნება ფანშოპი, რომელიც თავდაპირველად ონლაინსივრცეში იქნება ხელმისაწვდომი. ის, რისი გაკეთებაც უკვე მოვასწარით, დიდი ნაბიჯია და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი შეძახილები და სტადიონზე ატმოსფეროც შესაბამისი იქნება.

ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს და გვსურს, ქართულ რეალობაში ახალი საგულშემატკივრო კულტურა შემოვიტანოთ.

ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ არ ვეწინააღმდეგებით სხვა ფანკლუბების იდეოლოგიას და მათ წარმატებას ვუსურვებთ თავიანთ საქმიანობაში. ყველა წინაპირობა გვაქვს კიდევ უფრო გასაზრდელად და ჩვენი ნიშის დასატოვებლად.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ 2 ლარიანი ფანკლუბის გაპიარებას ჯობია გააპიაროთ შუქურას ფანები ვიკინგები , ტორპედოს ფანკლუბი , წყალტუბოს ყავს მშვენიერი ფანკლუბი ასევე ზუგდიდის აბრაგები , თუ ლოკომოტივმა ფული გადაგიხადეს რომამ უხარისოებს აპიარებთ ?
viking
09:30 17-09-2017
0

სიახლეები პოპულარული