ირაკლი სიხარულიძე: ნაკრებმა დიდი სტიმული მომცა

AutoSharing Option
ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რომ გამოცხადდა, მასში ეროვნული ლიგის 7 ფეხბურთელიც იყო, საიდანაც ბოლოს მხოლოდ 4 დარჩა და ერთ-ერთი მათგანი ირაკლი სიხარულიძე გახლდათ. ის ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად მიიწვიეს...

წლეულს, "ლოკომოტივის" ფორმით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 27 წლის თავდამსხმელმა 19 გოლი გაიტანა, საიდანაც 8 დუბლი იყო.

მართალია, მას ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია და მხოლოდ ირლანდიასთან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს სანაკრებო ატმოსფეროზე, გუნდის დონეზე, შეძლებს თუ არა თავად ამ დონეზე თამაშს და ასე
შემდეგ.

- სანაკრებო სიაში მოხვედრა თქვენთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ მთავარია, რა შეგძინათ ამ შეკრებამ?
- ნაკრების შეკრებაზე პირველად ვიყავი და ბუნებრივია, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, სასიამოვნოც იყო და ყველაფერს სხვა თვალით შევხედე.

- მაინც როგორ?
- ეროვნულ ნაკრებში ვარჯიში მეტი გამოცდილებაა, გუნდს შიგნიდან იცნობ და არა - მაყურებელივით. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მცირე პერიოდში რაღაც გამოცდილებაც შევიძინე.

- თქვენი აზრით, სანაკრებო დონეზე სათამაშოდ მეტი "ფიზიკა" გჭირდებათ, თეორიულ-ტაქტიკური მომზადება თუ მხოლოდ გამოცდილება და ფსიქოლოგიური სიმტკიცე?
- ეს ინდივიდუალურია და ასე ვერ ვიტყვი. ზოგს "ფიზიკა" აკლია, ზოგს თეორიული თუ ტაქტიკური ცოდნა, ზოგსაც ძლიერი ფსიქიკა გამოარჩევს... ცხადია, სამუშაო მეც მაქვს. თუ რაზე, ეს უკვე კარგად ვიცი და ამას აუცილებლად მივხედავ.

- "ლოკომოტივს" ნაკრების შემდეგ უფრო დაიმედებული დაუბრუნდით თუ იმედგაცრუებული?
- რა თქმა უნდა, დაიმედებული. კიდევ გავიმეორებ, რომ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრამ ძალიან გამახარა. საბოლოო სიაში დატოვებას არც ველოდი, რადგან ეროვნული ლიგიდან იქ მოხვედრა ძნელია და ამ ეტაპზე არარეალურიც მეგონა. მაგრამ ვარჯიშებზე დავინახე, რომ გარკვეული გამოცდილების შემდეგ, ამ დონეზე თამაში შეუძლებელი არ იყო. ახლა სტიმული მეტი მაქვს და მინდა, უკეთ ვითამაშო, მეტი გავიტანო, რათა ნაკრებში ისევ გამომიძახონ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგო. ამიტომაც ვარ ვაისის მადლიერი, რომ მეტი სტიმული გამიჩნდა.

- ფაქტია, ეროვნული ლიგიდან ნაკრებო დონეზე გადართვა იოლი არ არის...
- ეროვნული ნაკრების განაცხადში მხოლოდ ირლანდიასთან მოვხვდი, ავსტრიასთან კი არ ვყოფილვარ. ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი, რომ ნაკრებში მოხვედრა და თამაში შეუძლებელი არ არის. საქართველოს ჩემპიონატს ყველა ზერელედ უყურებს და ამბობენ, დაბალი დონეაო. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აქ თამაში ბევრს უჭირს.

- ასეთი ჩემპიონატი თუ არის, მაშინ ევროთასებზე ჩვენს გუნდებს რა ემართებათ?
- იცით, რა გვაკლია? სტაბილურობა! წლიდან წლამდე გუნდები იშლებიან და მერე მათ თავიდან "აშენებენ", ბირთვის შენარჩუნება კი ყველას უჭირს. ეს ლიდერმა გუნდებმა 2-3 წელი მაინც რომ მოახერხონ, დარწმუნებული ვარ, მოთამაშეთა საერთო კლასიც გაიზრდება, ჩემპიონატის დონეც და თითოეული ჩვენგანიც. სხვაგვარად, წინსვლა წარმოუდგენელია.

- ახლანდელი "ლოკომოტივის" ბირთვი რომ შეინარჩუნონ, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს? ან ევროპალიგაზე მოხვდება?
- დარწმუნებული ვარ, ეს ზღაპარი არ იქნება და ვიბრძოლებთ მაინც.

- ეროვნული ლიგის თამაშები გადამწყვეტ სტადიაში შედის. "ლოკომოტივს" სამეულში მოხვედრის რა შანსი აქვს?
- ჩემი აზრით, შანსი გვაქვს. კიდევ 11 ტურია დარჩენილი და მეორე-მესამეადგილოსან "ტორპედოსა" და "სამტრედიას" მხოლოდ 6 ქულით ჩამოვრჩებით. ეს იმხელა სხვაობა არ არის, დარჩენილ შეხვედრებში მათი დაწევა რომ შეუძლებელი იყოს. ახლა რამდენიმე კარგი მოთამაშე დაგვემატა - ყენია, გოროზია, გვალია, ქურდაძე... ანუ, კონკურენცია გაიზარდა და, რომ იცოდეთ, ამან გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა.

- შემდეგ ტურში, 16 სექტემბერს, გასვლაზე თქვენს ყოფილ გუნდს, "სამტრედიას" შეხვდებით. ეს დამატებითი სტიმულია თუ ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი?
- იმდენი გუნდი შევიცვალე, ყველა მათგანის წინააღმდეგ თამაში სტიმულია. ამით "სამტრედია" გამორჩეული ნამდვილად არ არის. პირიქით, იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ. უბრალოდ, სტიმული ის არის, რომ ჩემპიონს ვეთამაშებით და მინდა, გავიტანო.

- წლეულს, "ლოკომოტივი" არასტაბილურია - გამორჩეულ თამაშებს მოულოდნელი ჩავარდნები მოსდევს...
- ეს უფრო საწყის ტურებში გვჭირდა, ახლა გუნდი უფრო შეთამაშდა, ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გავხდით და დარწმუნებული ვარ, ჩავარდნები ნაკლებად გვექნება. ის, რაც "საბურთალოსთან" მოხდა, ათასში ერთხელ ყველას შეიძლება დაემართოს. რატომღაც, ეს გუნდი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ იქცა, ყველა თამაში წავაგეთ...

- სამაგიეროდ, თავად გახდით თბილისის "დინამოსთვის" უხერხული მეტოქე. ასეთი რა სტიმულით თამაშობთ?
- "დინამო" ყველაზე ტიტულოვან კლუბია და თავისთავად ისე ხდება, რომ მასთან სტიმული ყველა ფეხბურთელს აქვს და იღბლიანადაც ვთამაშობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გოლის ალღო აქვს სიხარულიძეს, მაგრამ მისი პროგრესი მის ხელშია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნულ ლიგაში მიღწეულით.
ლუკა
21:02 14-09-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული