ეროვნული ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშებაც, მოლოდინისამებრ, საინტერესოდ განახლდა. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, XXV ტურში იმდენი დასამახსოვრებელი ფაქტი თუ მოვლენა მოხდა, ზემოთ ნახსენებ მოლოდინს ნაღდად რომ გადააჭარბა!

მოკლედ, საინტერესოზე მეტი რომ ეთქმის, ისეთი ტური გამოდგა: სულ მცირე, ორი მოულოდნელი შედეგით, რამდენიმე მართლაც ეფექტური გოლით, ცალკეული ფეხბურთელების გაბრწყინებით და, რაც მთავარია, ისედაც არსებული სატურნირო ინტრიგის კიდევ უფრო გაზრდით!

სწორედ ამ ტურის შედეგებიდან გამომდინარეა, კიდევ უფრო მეტი სატურნირო ინტრიგის მოლოდინი რომ გაჩნდა: საჩემპიონო რბოლაშიც ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, ევროტურნირების საგზურისათვის
ბრძოლაც ტურიდან ტურამდე მძაფრდება და აღარაფერს ვამბობთ გასავარდნ ზონაზე...

გასული ტურის მიმოხილვა კი იმ მატჩით გვინდა დავიწყოთ, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით რომ დასრულდა; ეგ კი არა, რამდენიმე წამიც და მიმდინარე სეზონის, ალბათ, ყველაზე ხმაურიანი სენსაციის მომსწრენიც გავხდებოდით.

შუქურას შანსი და დაცლილი დინამო
ჩემპიონატი ახალი დაწყებული იყო, ეროვნული ლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალურ კანდიდატად ყველა "შუქურას" რომ მიიჩნევდა. სიტუაცია არც ჩემპიონატის მსვლელობისას შეცვლილა და ასე გრძელდებოდა II წრის ბოლომდე...

ამჟამად კი ქობულეთელთა გუნდზე ხელაღებით ვეღარავინ იტყვის, რომ ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერიაო: სხვა კონკურენტებიც არასტაბილურად და წარუმატებლად ასპარეზობენ და ამის პარალელურად, "შუქურამ" გამოასწორა თამაშის ხარისხიც და რაც მთავარია, უაღრესად საჭირო ქულების მოგროვებაც დაიწყო...

ახლაც, რამდენიმე წამი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, როცა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "შუქურა" გასვლაზე ამარცხებდა... ახლა უკვე "ზომაზე" მეტად გაახალგაზრდავებულ თბილისის "დინამოს", მაგრამ ლიდერმა მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება და დარჩენილ წამებში ლაშა თოთაძემ კინაღამ გამარჯვების გოლიც გაიტანა.

სეზონი გრძელია და, რაღა თქმა უნდა, ყველა მატჩს ვერც ერთი გუნდი ვერ მოიგებს. ანუ დროდადრო წაფორხილებისგან არც "დინამო" უნდა იყოს დაზღვეული, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ წამყვანი ფეხბურთელების მორიგი გადინების შემდეგ კახა კაჭარავას საფიქრალი კიდევ უფრო მოემატა. მოკლედ, საკადრო საკითხი "დინამოში" ნამეტანი აქტუალური გახდა III წრის მიწურულს და ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, ერთ-ერთი კონკურენტი ("სამტრედია") ახალ-ახალი ლეგიონერებით რომ ძლიერდება.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის კობა შალამბერიძემ, "გურიაში" ასპარეზობის დროს, ამავე სტადიონზე 3 წლის წინათაც გაუტანა თბილისის "დინამოს" და ის გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ცოტაც და, ახლაც იგივე მეორდებოდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსული ენვერ ლილუაშვილი კარგად გაერკვა სიტუაციაში და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა.

19 წლის ლილუაშვილი ამ ზაფხულს იჯარიდან დაბრუნდა ("სიონში" გამოდიოდა პირველ-მეორე წრეში) და ეს ტანმაღალი და ათლეტური შემტევი "დინამოს" უთუოდ უნდა გამოადგეს.

აი, "შუქურამ" კი კიდევ ერთხელ "მიგვანიშნა", რომ დანებებას არ აპირებს და ისიც თვალში საცემია, რომ ქობულეთელთა გუნდის ხელმძღვანელობამ აშკარად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გუნდის გაძღოლა დებიუტანტ მწვრთნელს, გიორგი შაშიაშვილს ანდო!..

ჩიხურა დაგვიბრუნდა?
სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა, რა თქმა უნდა, "ჩიხურას" არასტაბილური ასპარეზობაა. ერთიმეორეზე გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვერაფრით ახერხებდა "გადაბმულად" რამდენიმე მატჩის მოგებას. ეგ კი არა, მიმდინარე სეზონში "ჩიხურამ" რამდენიმე მატჩი ისე წარუმატებლად ჩაატარა, ამ გუნდისგან მართლაც გასაკვირი რომ იყო.

...და აი, ამ ტურში "ჩიხურამ" მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო თავის გულშემატკივრებს: სტუმრად მოუგო ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, მანამდე მხოლოდ ერთხელ რომ ჰქონდა წაგებული საშინაო მატჩი!

ვერაფერს ვიტყვით, ტაქტიკაც სწორი აირჩია საჩხერელთა გუნდის გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ და ძირითად შემადგენლობაში მომხდარი რამდენიმე გადაადგილებაც ეფექტიანი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ერთმანეთზე უკეთესი ორი კონტრშეტევა დასრულდა "ჩიხურას" ფეხბურთელთა ზუსტი დარტყმებით: ჯერ 31 წლის დენის დობროვოლსკიმ (მთელი მატჩი ჩინებულად რომ ჩაატარა) ჩინებული პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა ზაზა ჭელიძე, მერე კი 33 წლის დიმიტრი ტატანაშვილმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

საჩხერელთა გუნდის ყველა ფეხბურთელმა ჩინებულად ითამაშა, თუმცა 31 წლის ზურაბ მწყერაშვილზე ცალკე გვინდა ვთქვათ: ამ გამოცდილ მეკარეს, საერთოდ, ფეხბურთისათვის თავი ჰქონდა დანებებული და კარიერის განახლებაც "ჩიხურაში" შექმნილი საკადრო პრობლემების გამო მოუწია.

ჰოდა, ზედიზედ მეორე "მშრალი" მატჩი ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაც არის, ამ ორ შეხვედრაში "ჩიხურამ" 4 ქულა რომ მოიპოვა...

"ტორპედომ" კი ამ წაგებით ლიდერთან მიახლოების შანსიც დაკარგა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს უახლოესი დღის განმავლობაში ერთმანეთზე ურთულესი 3 მატჩის ჩატარება მოუწევს როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე...

სხვადასხვა სერია
"კოლხეთის" წარუმატებლობას ბოლო არ უჩანს: საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე უძველესმა გუნდმა თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, მალე ბოლო ადგილზეც აღმოჩნდეს! ეს კი რანგით II ლიგაში ავტომატურად დაქვეითებას ნიშნავს.

ქვეყნის ჩემპიონთან მატჩს "კოლხეთი" კვლავაც უამრავი პრობლემით, კვლავაც დროებითი მწვრთნელით და ერთობ უსიამოვნო, ათმატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა. მოკლედ, ისეთი სიტუაცია იყო ამ მატჩის წინ, რომ წყვილში ფავორიტის გამოცნობა არავის უნდა გასჭირვებოდა.

მოლოდინი გამართლდა კიდეც: ეროვნულ ლიგაში, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენების გარდა, "სამტრედიას" სატურნირო ამბიციაც არ დაეწუნება და გია ცეცაძის გუნდმაც საკმაოდ დასუსტებულ მეტოქესთან "დაგეგმილი" 3 ქულაც უპროპლემოდ მოიპოვა.

"სამტრედიას" უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და რაც მთავარია, უშუალო კონკურენტებისგან (თბილისის "დინამო", "ტორპედო") განსხვავებით, მხოლოდ ჩემპიონატზეა კონცენტრირებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ "სამტრედიას" შემადგენლობაში სულ მალე უნდა ჰქონდეს დებიუტი ერთმანეთზე "ხარისხიან" ორ ლეგიონერს.

ამ მატჩის მერე ოფიციალურად გაცხადდა, რომ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი ქართველებისათვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ შტელინი იქნება. თუმცა, გამოცდილ უკრაინელ სპეციალისტს საქართველოში მესამედ ჩამოსვლა აშკარად არასახარბიელო სიტუაციაში მყოფ გუნდში მოუწევს.

ეფექტიანი როტაცია
"სამტრედიას" მსგავსად, III წრეში კიდევ ორი გუნდი ასპარეზობს წარმატებულად: "ლოკომოტივი" და "საბურთალო". გიორგი დევდარიანის გუნდი IIIII ადგილზე მყოფ "ტორპედოსა" და "სამტრედიას" ახლა მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ასევე წარმატებული აღმოჩნდა თბილისური გუნდის თავკაცის მიერ გაკეთებული მორიგი როტაციაც: არ არის პატარა ამბავი, როცა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, გუნდი უპრობლემოდ ამარცხებს ისეთ მეტოქეს, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის რომ იბრძვის.

არც ის მიგვაჩნია უმნიშვნელო ფაქტად, სტუმართა კარში ოთხივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა (ვატო არველაძე, გეგა დიასამიძე, ლუკა კიკაბიძე, გიორგი გოროზია) რომ გაიტანა, გოროზიამ კი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან პირველად გაიტანა ქართულ უმაღლეს ლიგაში.

რახან დებიუტი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასპინძელთა 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა ვარძელაშვილმა პირველი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში.

...ამ უხვგოლიან მატჩში ავტოგოლიც ვიხილეთ, გაძევებაც და ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ "დილას" ძალიან მძიმე ფინიში ელოდება...

ხარაიშვილის არასტანდარტული სტანდარტულები
მესამე წრის სასტარტო ტურში "ტორპედოსთან" წაგების შემდეგ "საბურთალომ" 6 მატჩი ჩაატარა და არც ერთში არ დამარცხებულა! თანაც, ამ ექვს მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საკუთარ კარში მხოლოდ 1 (ერთი!) გოლი გაუშვა. სამაგიეროდ, ორჯერ შეძლო და მეტოქეს მეტისმეტად დიდი ანგარიშით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" დედაქალაქურ "დერბიში" 6:0 მოუგო "ლოკომოტივს", ახლა კი აშკარად არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაში მყოფ ბათუმის "დინამოს" ასევე შთამბეჭდავი ანგარიშით (5:0) აჯობა!

ერთი მხრივ, შესაძლოა, ობიექტურ მიზეზად მივიჩნიოთ ბათუმის "დინამოს" საკადრო პრობლემები; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ვერაფრით დააკნინებს ჭეშმარიტად გუნდური სულისკვეთებით მოასპარეზე "საბურთალოს" წარმატებულ თამაშს!

თუმცა, ამ ახალგაზრდული გუნდის ცალკეული ფეხბურთელების აღნიშვნაც გვინდა: სეზონში მეათე "მშრალი" მატჩი ჩაატარა 21 წლის ლაზარე კუპატაძემ; გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის შემტევმა დავით ვოლკოვმა თავის ახალი გუნდის მაისურით ჩატარებულ მეექვსე მატჩში უკვე მეხუთე გოლი გაიტანა; 24 წლის ლაშა შინდაგორიძემ ბათუმის "დინამოს" II წრის მატჩშიც გაუტანა გოლი და ახლაც, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა ალბანელმა ახალწვეულმა ნდუე მუიეციმ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.

რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა ვთქვათ "საბურთალოს" 21 წლის კაპიტანზე: გიორგი ხარაიშვილმა ერთმანეთზე ეფექტური და ერთმანეთზე დიდოსტატური საჯარიმო დარტყმები შეასრულა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული