დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოკდაუნში მყოფი "დილა", რომელსაც ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა წაგებული, მეშვიდე დათვლაზე მოსულიერდა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, შეიძლება ითქვას, ფეხზეც წამოდგა. რამდენად მყარად დარჩება გიორგი დარასელიას გუნდი ამ მდგომარეობაში, მომდევნო ტურის მატჩი გვიჩვენებს...

იმის გამო, რომ "დილასთვის", სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "კოლხეთთან" დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. გამოკვეთილ თავდამსხმელად მათ გიორგი ფანცულაია ჰყავდათ გამწესებული. მასაც და სხვებსაც სტუმრები ერთხანს კარგადაც აკავებდნენ, თუმცა მე-12 წუთზე ნუბიო ფლავიოს მოძრაობა გამორჩათ თვალთახედვის არედან და ჩამორჩნენ კიდეც ანგარიშში - 1:0.

სწორედ
ამის შემდეგ გამოაჩინა ბრჭყალები "კოლხეთმა" და მალე ორი ისეთი მომენტი შექმნა, გატანა აუცილებლად რომ მოეთხოვებოდათ...

ამ ეპიზოდებში თავი იჩინა შეცდომებმა გორელთა შუა და უკანა ხაზებში. სტუმართა სწრაფი შეტევებისას საჯარიმოსთან მიახლოება მაინცდამაინც არ ჩანდა ძნელი საქმე. უკანა ხაზს აქტიურად ეხმარებოდა მასპინძლების საყრდენი ნახევარმცველი და კაპიტანი ლუკა რაზმაძე, რომელიც შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. მან ამ დღეს საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

ტემპმა მეორე ტაიმის დასაწყისში იმატა. ორივე გუნდი უფრო ხშირად იყენებდა გრძელ გადაცემებს. გაამართლა მასპინძელთა მწვრთნელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმაც - დავით კირკიტაძემ, შესანიშნავი პასით, ჯერ ფანცულაიას გაატანინა, მერე კი ასევე შეცვლაზე შესული ირაკლი ძარიასგან მიიღო პასი და თავადაც დაამწუხრა "კოლხების" მეკარე.

მეორე გოლმა "დილას" სიმშვიდის საფუძველი მისცა, ფოთელი ფეხბურთელები კი, პირიქით, აღელდნენ და გარდა იმისა, რომ შეცდომებს უმატეს, წესების დარღვევასაც მოუხშირეს. ვარლამ კილასონიამ ჯერ ფლავიოსთან კამათის, ხოლო შემდეგ გამომწვევი უხეშობის (ტარავალიეს მიმართ) გამო არბიტრისგან ორი ყვითელი და ზედაც წითელი ბარათი დაიმსახურა.

"კოლხეთი" ფსიქოლოგიურადაც გატყდა, აირია და დიდწილად მოედნის საკუთარ ნახევარზე გაჩაღებულ თამაშში მოწინააღმდეგეს რიგიანად ვეღარ უმკლავდებოდა.

დაბოლოს - "კოლხეთს" ამ მატჩში ნუგზარ თვარაძემ უხელმძღვანელა. ფოთური კლუბის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მატჩის წინ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გელა სანაიამ გუნდი თავის შტაბთან ერთად დატოვა...

მატჩის სტენოგრამა
3' - ალჰასანმა მოულოდნელად დაარტყა შორიდან, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად.
12' - გოლი! პასი ფლავიოს მისამართით და მასპინძელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა შანსი შესანიშნავად გამოიყენა - 1:0!
16' - დერებჩინსკის თავური და "დილა" გოლს გადაურჩა.
18' - გორელები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გოლს, როცა ჟიშკარიანის ჩაწოდებულ ბურთს კარში ვერ მიუჩინა ადგილი ჯანელიძემ.
30' - მასპინძლების სწრაფი კონტრიერიში. ფანცულაია და რაზმაძე ხელსაყრელ პოზიციაში დარჩნენ, მაგრამ ფანცულაიამ პასს დარტყმა არჩია და მცველს ვერ აჯობა.
45' - ისევ ფანცულაია, რომელიც მცველებს დაუსხლტა, მაგრამ დარტყმა მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
47' - ფლავიოს შესანიშნავი პასი ვერ შეირგო დერეტიმ და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
56' - "კოლხეთის" ძალიან სახიფათო შეტევა. მასპინძლები კიდევ ერთხელ გადარჩნენ - გიორგი კილასონიას მიერ ახლოდან დარტყმული კარში მიდიოდა, მაგრამ "დილა" ახალწვეულმა გილერმე მორასმა გადაარჩინა.
69' - გოლი! კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, სადაც ფანცულაიამ ყველას დაასწრო და მეორედ დაამწუხრა ფოთელები - 2:0!
82' - ფლავიომ დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა, მაგრამ სეფიაშვილმა იხსნა თავისი გუნდი მორიგი გოლისგან.
88' - გოლი! ძარიას პასით კირკიტაძემ საბოლოო ანგარიშით დააფიქსირა - 3:0!

ეროვნული ლიგა.  XXIV ტური
27.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-კოლხეთი 3:0
გოლები: 1:0 ნუბიო (12), 2:0 ფანცულაია (69. კირკიტაძის პასით), 3:0 კირკიტაძე (88. ძარიას პასით)
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - სოფრომაძე, პაპავა, აბუბაქარი, მორასი - რაზმაძე - პედრინიო (46. ძარია), ალჰასანი (63. კირკიტაძე), დერეტი, ფლავიო, ფანცულაია (72. ტარავალიე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, მაჩაიძე, აშორტია, ნონიკაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, კაკულია - ბროვკო (70. შალიკაშვილი), ნონდი, ბოლქვაძე (76. მაჩარია), ჯანელიძე, ჟიშკარიანი - დერებჩინსკი (85. ბუხაიძე).
სათადარიგოები: შერმადინი, ბერაია, კოკაია
მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე
გაფრთხილება: რაზმაძე (50), ნუბიო (82), ვ. კილასონია (82), შალიკაშვილი (84)
გაძევება: ვ. კილასონია (83. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
8 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-სამტრედია
ტორპედო-ჩიხურა

9 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დილა
დინამო (თბ)-შუქურა

10 სექტემბერი, კვირა
საბურთალო-დინამო (ბთ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული