დინამო(თბ)-ჩიხურა 5:0 - დინამოელთა რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 23-ე ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა: "დინამო არენაზე" გათამაშების ლიდერმა თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და 5:0 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში 2000 ქულა დააგროვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ამ საიუბილეო გოლებსა თუ ქულებში ლომის წილი ბექა მიქელთაძემ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა, აკაკი შულაიას აქტივში კი გოლი და ასევე საგოლე პასია, მაგრამ რეალურად, პირველი გოლიც, რომელიც ავტოგოლად ჩაითვალა, მისი შექმნილი იყო.

საინტერესო ფეხბურთელია ლაშა ქოჩლაძეც - ამჯერადაც შეცვლაზე შევიდა და გაიტანა. კახა კაჭარავამ
ის საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი "ცხინვალში" საკუთარ შესაძლებლობებს სანახევროდაც ვერ ავლენდა, "დინამოში" კი ძალიან კარგად გაიხსნა.

სად იყო გიორგი ჩაკვეტაძე? სტატისტიკით, მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ის იყო ყველგან, საიდანაც "დინამო" უტევდა. ეს 17 წლის ბიჭი წლეულს უკვე სტაბილურად კარგ თამაშს აჩვენებს, რაც დამაიმედებელია.

საჩხერის "ჩიხურა" კი წლეულს არასტაბილურიც არის და აღარც ის პეწი ეტყობა, რომლის გამოც ლიდერებთან თამაშით გვახარებდა. მთავარი კი მაინც ისევ ის პრობლემაა, რის გამოც "სამტრედიასთან" გარდამავალი ჩემპიონატის ფინალი წააგო - გუნდს 2 ტაიმის განმავლობაში მოძრავ გუნდთან თამაში ძალიან უჭირს. წლეულს კი თბილისის "დინამომ" ამ კუთხით სხვებთან შედარებით გარღვევა მოახერხა და მეტოქეებს იოლად ამიტომაც უსწორდება.

კარგი იქნება, თბილისელებს სხვებმაც მიბაძონ, რადგან 21-ე საუკუნის ფეხბურთს საკუთარი მოთხოვნები აქვს.

მატჩის სტენოგრამა
13' - პაპუნა ფონიავა საჯარიმოში შეიჭრა და კარში დაარტყა - მცველი გადაეფარა და სახიფათო მომენტი განმუხტა.
14' - ლევან გეგეჭკორმა კარში ძლიერად "გაისროლა" - ბურთმა ბადე გარედან შეარხია.
19' - ისევ გეგეჭკორის შეტევა და დარტყმა - ბურთმა მიზანს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
30' - საჩხერელთა შეტევა თბილისელებმა მოიგერიეს, კარის წინ დარჩენილმა ფონიავამ კი კარგად ვერ დაარტყა და მშვენიერი მომენტი გაანიავა.
34' - ბექა მიქელთაძის მისამართით აკაკი შულაიას გამიზნული გადაცემა თორნიკე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.
53' - მიქელთაძის მშვენიერი ფლანგური გადაცემა - ზურაბ მწყერაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და აკაკი შულაიას ორიოდე მეტრიდან აუღო, მაგრამ ბურთი თავზე ისევ შემტევს მოხვდა და "დინამოს" ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა - 2:0.
55' - ლევან გეგეჭკორის ფლანგური გადაცემა და ბექა მიქელთაძემ ახლოდან გაიტანა - 3:0.
60' - სოსო ფრუიძემ ერთდროულად სამი მოთამაშე შეცვალა, რათა თამაშის ბედი შემოეტრიალებინა...
69' - ლაშა ჩიკვაიძე შულაიას ვერ დაეწია და წააქცია - მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და გააძევა.
74' - შულაიას ფლანგური გადაცემა და მიქელთაძემ დუბლი შეასრულა - 4:0.
81' - თორნიკე გორგიაშვილის მშვენიერი გადაცემა - ბესიკ დეკანოიძე კარის წინაა, მაგრამ კარს ააცილა.
83' - ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემით ლაშა ქოჩლაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და - 5:0.

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
20.08. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 თორ. გრიგალაშვილი (34-საკ. კარში), 2:0 შულაია (53. მიქელთაძის პასით), 3:0 მიქელთაძე (54. გეგეჭკორის პასით), 4:0 მიქელთაძე (74. შულაიას პასით), 5:0 ქოჩლაძე (83. ჩაკვეტაძის პასით)
დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, თოთაძე, თევზაძე, ქარდავა (82. ლილუაშვილი), ნინუა, შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, კოვტალიუკი (67. ქოჩლაძე).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშენკო, სალუქვაძე, ალიუ
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა: მწყერაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, მირცხულავა, ფონიავა (61. კვერნაძე), სარდალიშვილი (61. დეკანოიძე), ივანიშვილი, გაბედავა (61. გორგიაშვილი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: კაპანაძე, დობროვოლსკი, განუგრავა, ჭელიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ქარდავა (22), გაბედავა (39), კოვტალიუკი (45), ჩიკვაიძე (58), ჩიკვაიძე (69)
გაძევება: ჩიკვაიძე (69. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო ტური
25 აგვისტო, პარასკევი
ჩიხურა-საბურთალო 17:30
შუქურა-ლოკომოტივი 20:00

26 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-ტორპედო 17:30
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 20:00

27 აგვისტო, კვირა
დილა-კოლხეთი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 18
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sircxvilia sachxeree sircxvili....gaharet yvela
shio
14:58 21-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული