ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...

AutoSharing Option
ფოტო: gurianews.com

გუშინ, 28 იანვარს, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ლიგა 3-ის წევრის, საფეხბურთო კლუბ "გურიას" ხელმძღვანელობა გულშემატკივრებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

"მე ყველა წაგებულ თამაშზე მქონდა ეჭვი, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაშიც დარწმუნებული ვარ - მე პირადად "გურიასთვის" ერთხელაც არ მიღალატია! თქვენ შეიძლება იმის ეჭვიც გქონდეთ, რომ რაიმეში ჩვენც ვიყავით გარეულნი, მაგრამ დამერწმუნეთ, "გურიას" გადარჩენა ჩემთვის იყო ღირსების საქმე და ამისთვის მოვიტანეთ ამხელა ფული", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა კახაბერ ებრალიძემ.

გულშემატკივრები ითხოვდნენ დაკონკრეტებას,
თუ რატომ ითამაშეს ასე უსუსურად ფეხბურთელებმა და რა იმედი გვაქვს, რომ იგივე არ განმეორდება. კახა ებრალიძემ თქვა, რომ ის აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა ფედერაციასთან და როცა კითხვის ნიშნები "გურიასთან" მიმართებაში დაისვა, კლუბში სასწრაფოდ ჩატარდა კრება. სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო. შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ მხოლოდ ერთი გუნდი ვერ მოერევა იმ მანკიერებას (ჩაწყობილ თამაშებს), რაც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში არსებობს.

ებრალიძის განცხადებით, კერძო წყაროებიდან ეროვნული ლიგა 2-დან გავარდნილი გუნდისთვის გასულ სეზონში 400 000 ლარი მოიძიეს, ფეხბურთის განვითარების ფონდმა 500 000 ლარი გადასცა, თუმცა 350 000 ლარის ვალდებულებების დაფარვა მოუწიათ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი კლუბის აუქციონზე გასხვისებას გეგმავს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება, თუ საფინანსო გარანტიებს წარმოადგენს.

მომზადებულია gurianews.com-ის მიხედვით