საქართველოსა და დანიის 21-წლამდელების მატჩი ლოგიკური ფრით დასრულდა

AutoSharing Option
27 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში გორში დანიას დაუზავდა - 2:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ცეცაძემ წინა შეხვედრაში ფარერებთან გუნდი 5 მცველით ათამაშა, რაც მისი სიფრთხილით იყო გამოწვეული, რომ გოლი არ გაეშვათ და თავის სადებიუტო მატჩში, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულიყვნენ. ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა ძლივს მოიგო 1:0 და არადამაჯერებელი თამაშით უკმაყოფილო დატოვა გულშემატკივარი. ამდენად, საინტერესო იყო ჯგუფის ლიდერთან შეხვედრაში როგორ სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევდა ცეცაძე. შეგახსენებთ, დანიამ თბილისში ჩამოსვლამდე სტუმრად ავსტრია გაანადგურა 5:0.

ჩვენი გუნდის
თავკაცს შემადგენლობა არ შეუცვლია. სტუმრების ტაქტიკა 3-4-2-1 გახლდათ, თუმცა შემტევი ფეხბურთი არ უჩვენებიათ. ორივე გუნდმა მატჩი ურთიერთდაზვერვით დაიწყო და ზედმეტად ფრთხილი, არათვალსესიორო ბურთაობაში გაილია პირველი 30 წუთი. შემდეგ ხარაიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჯონის კარში გავიდა, ხოლო ტაიმის დასასრულს სტუმრებმა ასევე რიკოშეტით გაათანაბრეს ანგარიში.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა პრესინგს მიმართეს, უპირატესობას დაეუფლნენ, ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი კუპატაძემ და შეცვლაზე შესულმა მიქელთაძემ მეორედ დაამწუხრა ჯონი, რომელსაც ამ ბურთის მოგერიება მართებდა. სხვათა შორის, ამ გუნდების პირველ მატჩში, რომელიც სკანდინავიელებმა 5:2 მოიგეს, ორივე გოლი მან გაიტანა.

სამწუხაროდ, დანიელებმა 75-ე წუთზე მოერეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კრისტენსენმა კუპატაძის კარში მიუჩინა ადგილი.

მოკლედ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით, ფრედ 2:2 დასრულდა, ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა, ბოლო 2 მატჩში აღებული 4 ქულა ურიგო მიღწევა არაა და უნდა ვაღიაროთ, ეს ცეცაძის გუნდის მაქსიმუმია.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
საქართველო - დანია 2:2
გოლები: 1:1 ხარაიშვილი (30), 1:1 სკოვი (42), 2:1 მიქელთაძე (62), 2:2 კრისტენსენი (75)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, ცეცხლაძე, ქანთარია, გიორგაძე, ზარანდია, შულაია, ხარაიშვილი (მიქელთაძე 61), კიტეიშვილი, არაბიძე (ბერიძე 88)

მთ. მწვრთნელი: ცეცაძე

დანია: ჯონი, ანდერსონი, ნელსონი, რასმუსენი, ნილსენი (ტიჩოსენი 90), ლარსონი, კრისტენსენი, პედერსენი, სკოვი (პოლი 87), დუელუნდი, ინგვარტსენი

მთ. მწვრთნელი: ფრედერიკსენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული