გია ცეცაძე: სიმართლე გითხრათ, ახლა გია გეგუჩაძის მუშაობაში პლიუსები რა იყო, იმას უფრო ვეძებ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამდებობა გია გეგუჩაძემ დატოვა.

ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გია ცეცაძე გაწვრთნის. ცეცაძე გასული ორი წლის განმავლობაში "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი იყო. მან "სამტრედია" 2017 წლის სექტემბერში ეროვნული ლიგის მესამე წრის დასრულების შემდეგ დატოვა.

ამ ხნის განმავლობაში ცეცაძემ "სამტერდიასთან" საქართველოს ჩემპიონობა, ჩემპიონატის ვერცხლის მედლები და სუპერთასი მოიპოვა.

ცეცაძემ "სამტრედიას" 88 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა, აქედან 53 გამარჯვებით, ხოლო 15 ფრედ დაასრულა.

ქართველ სპეციალისტს ფედერაციასთან კონტრაქტი შესარჩევი ციკლის ბოლომდე აქვს,
გაგრძელების პერსპექტივით. სწორედ ასე გვითხრეს ფეხბურთის ფედერაციაში.

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, მათ გია გეგუჩაძის ხელმძვანელობით ევროშესარჩევის ჯგუფში 5 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ ერთის მოგება შეძლეს, ერთხელ ფრე ითამაშეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ამჟამად ჩვენი ნაკრები 4 ქულით მე-4 ადგილზეა.

ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ცეცაძეს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- პირველ რიგში გილოცავთ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას, ძალიან რთული სიტუაციაა 21-წლამდელებში... რას ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მგონია რომ თუ მოვინდომებთ ჯგუფში სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. უნდა ვეცადოთ, რომ ბევრი შეხვედრა მოვიგოთ.

- ფედერაციამ მიზნად და მთავარ ამოცანად რა დაგისახათ?
- რაც შეიძლება ზედა საფეხურზე დავასრულოთ ეს ციკლი.

- როგორ უნდა ათამაშდეს ნაკრები უკეთესად, რა სტილის ფეხბურთში ხედავთ გამოსავალს? უფრო ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დამოკიდებულს, თუ უფრო გუნდური?
- როგორც გუნდურად უნდა ვითამაშოთ კარგათ, ასევე ინდივიდუალურად. სამი დღეა რაც დანიშნული ვარ და ეგრე კონკრეტულად გამიჭირდება საუბარი, განვლილი თამაშების ანალიზი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ფეხბურთელებსაც გავესაუბროთ, ასე რომ ადრეა ამაზე საუბარი. როცა შეკრება გვექნება მერე უფრო კონკრეტულად შევძლებთ ლაპარაკს.

- ალბათ აკვირდებოდით ახალგაზრდული ნაკრების ძველ თამაშებს, ვის ხედავთ ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერად ან ლიდერებად?
- მაგაზე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ, მე ვაკვირდებოდი როგორც გულშემატკივარი ახლა უკვე უნდა დავაკვირდე როგორც მწვრთნელი და მონაწილეობა უნდა მივიღო, ამას დრო სჭირდება. მე ვუყურე ორ თამაშს, მაგრამ ორი მატჩიდან ანალიზის გამოტანა ასე მალე არ ხდება, კონკრეტული პასუხის გაცემა ახლა არც არის სწორი და ესეთი მარტივიც არ არის.

- ამ ნაკრების ფეხბურთელები ითვლებიან ტალანტებად, მათმა ნაწილმა უკვე გამოიჩინა თავი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ბოლო სეზონია ვერ ბრწყინავენ, ხომ არ თვლით რომ ეს მათ შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენაა?
- ვინც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა, არ ნიშნავს რომ თავს აუცილებლად გამოიჩენს ახალგაზრდულ ნაკრებში.

ამ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი, დარწმუნებული ვარ რომ მომავალში გამოიჩენენ თავს.

19-წლამდელთა ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებს 2 წლით დიდ ასაკში ასპარეზობის დროს პირდაპირ მოვთხოვოთ, რომ როგორც მის ასაკში თამაშობდნენ ისე ითამაშონ, ეგ არასწორია.

ამ ფეხბურთელებს მთელი საფეხბურთო ცხოვრება წინა აქვთ, შეიძლება რაღაცა ჩავარდნა იყოს.

არავინ არ არის დაზღვეული წაგებისგან, არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელი. რა თქმა უნდა არავის არ უხარია წაგება, უხეშად რომ ვთქვათ, არც ცუდ და არც კარგ გუნდთან.

ასე რომ მომავალი თაობის იმედი აუცილებლად უნდა გვქონდეს, ამ ფეხბურთელებისაც და სხვებისაც ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხოთ ის რომ მათ ხელი შევუწყოთ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენაში.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ნაკრების პრობლემა? რატომ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს კონრეტულ მატჩებში?
- ეგ როგორ უნდა ვთქვა? ჯერ ერთი, ჩემი კოლეგაა, მერე მეორე - წასულ მწვრთნელზე გაზეთიდან ან ტელევიზიიდან ახალდანიშნულისგან ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. გია გეგუჩაძესაც მოსდის შეცდომა და გია ცეცაძესაც.

სიმართლე გითხრათ, ახლა გია გეგუჩაძის მუშაობაში პლიუსები რა იყო, იმას უფრო ვეძებ, ვიდრე შეცდომებს. რათა ის პლიუსები გამოვიყენო და გავაღვივო. შეცდომა რა იყო, ეგ ახლა აქ განსახილველი ნამდვილად არ არის. აი, თქვენ გაქვთ უფლება, რომ კრიტიკულები იყოთ და საკუთარი შეხედულებები გქონდეთ.

- თქვენი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი, პარალელურად "ლოკომოტივშიც" მუშაობს, თქვენთვის ეს სიტუაცია მისაღებია?
- როგორც ვიცი, ახალი წლიდან ვერცერთი ნაკრების მწვრთნელი ვერ იმუშავებს პარალელურად კლუბში. ეს თავად ალექსანდრე იაშვილმაც დამიდასტურა. ასე რომ, ახლა ზურა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, ჩემი ასისტენტია. ჩემთან ერთად იმუშავებს თემური ლორთქიფანიძეც.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაინც ფედერაციაა ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში.თვითონ არც ის იცის რატო უშვებს მწვრთნელებს და როგორც ვნახეთ არც ის რატო ნიშნავს:) შეეშინდებათ 2 კომენტარის და გაუშვებენ, მერე ახალი და ა.შ. რა გძელვადიანი განვითარების გეგმა და რა ზღაპრები-ამათ მარტო იმის დარდი აქვთ სანამ თვითონ არიან ბუნტი არ იყოს და მერე რა იქნება ვის ადარდებს. ეს ზედაპირული დამოკიდებულება კლავს ყველაფერს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთს.
ირაკლი ჩიქოვანი
19:25 23-12-2017
0
სირცხვილია ცეცაძე
giga
11:55 20-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული