ჩვენმა 17-წლამდელებმა მონტენეგრო დაამარცხეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 27 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მონტენეგროს უმასპინძლა, გააზრებული ფეხბურთი ითამაშა და 2:0 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და მეტოქის კარზე იერიშების მიტანაც დაიწყო. სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნა: გულიაშვილმა თავით ააცილა ბურთი კარს, შალიკაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ გულიაშვილმა და კვარაცხელიამ ვერ მოახერხეს გოლის გატანა და ამდენი ცდის მერე როგორც იქნა, ანგარიშიც გაიხსნა. გაიხსნა მეტად ლამაზი კომბინაცის შედეგად. მარჯვენა ფლანგიდან გაჭრილმა კაპანაძემ გადაცემა გულიაშვილს გაუკეთა,
მან ბურთი კოხტად დაუგდო დავითაშვილს და ამ უკანასკნელმა სლავთა მეკარის ცხრიანი დალაშქრა.

ჩერნოგორიელებს სულ უფრო უჭირდათ ქართველების შეტევების მოგერიება, უხეშობდნენ, 31-ე წუთზე გულიაშვილის შეჩერება ოსმანოვიჩმა მხოლოდ წესების დარღვევით მოახერხა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმართა გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

სტუმრებს ისედაც უჭირდათ ქართველებთან ტოლ-სწორად პაექრობა, კაცნაკლულად დარჩენილები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 46-ე წუთზე კვარაცხელიამ კოხტა გოლი გაუტანა რადულოვიჩს, 2:0 და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ დროში გიორგი ნემსაძის შეგირდები პრაქტიკულად გაისარჯნენ, თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს და მორიგი 3 ქულა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.

საქართველო:
ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73. გაგუა), დავითაშვილი (80. მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65. ლორთქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

მონტენეგრო:
რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, ვუკჩევიჩი (76. სიმუნი), ბოჟოვიჩი (65. მიკიჩი), დრინჩიჩი, ვუკჩევიჩი, გასევიჩი (41. მაზუროვიჩი), დინოსა

გოლები: დავითაშვილი, 28 (1:0), კვარაცხელია, 46 (2:0)

გაფრთხილება:
ოსმანოვიჩი (18), მილიკიჩი (21), რადენოვიჩი (27), დავითაშვილი (28), ოსმანოვიჩი (31), აბზიანიძე (62)

გაძევება: ოსმანოვიჩი, 31

დღესვე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იტალიის ნაკრებმა ლატვიას 1:0 მოუგო, ისევე როგორც ჩვენს გუნდს 6 ქულა აქვს და მესამე ტურში მათ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა რომელი დაიკავებს პირველს და რომელი მეორე ადგილს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ბიჭები გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა ჩამოგიყალიბდეთ და როცა დიდ ფეხბურთში მოხვალთ მოგება არ შეგაშინებთ.
roma
13:37 30-10-2017
0
კარგად ვითამაშეთ,ღირსეულად გავიმარჯვეთ და არც ერთი წამით ეჭვვეშ არ დამდგარა ჩვენი უპირატესობა.ვულოცავ ბიჭებს და უკეთეს თამაშს ველი იტალიასთან.ახლა კი ერთი კენჭიც უნდა გადმოვაგდო.გაიხსეNეთ რას ეუბნება ფეოლა თავის მოწაფეებს,ფილმში ფეოლა,რომლებიც მის გარეშე მიემგზავრებიან უცხოეთში სათამაშოდ:თუ მოწინააღმდეგე ფეხბურთელი დაეცა და წამოდგომას ვერ ახერხებს,მიდით,დაეხმარეთ წამოდგომაში და საქართველოში დაჰპატიჟეთ სტუმრად.მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე ეპიზოდში სწორედ ასე მოიქცნენ ჩერნოგორიელი ფეხბურთელები,ჩვენებს კი ასეთი რამე აზრადაც არ მოსვლიათ.კარგი კი იქნებოდა.ფეოლა ხომ ქართული ფილმია და წესით ნანახიც უნდა ჰქონდეთ,თანაც ტურნირის მასპინძლები ვართ და სტუმარ მასპინძლობაც გვავალდებულებს.კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი და ამის გათვალისწინება იმ თამაშში შეიძლება.ზოგადად კი კეთილშობილება სპორტშიც ძალიან ფასობს და კულტურის დონეზეც მეტყველებს.
სოსო
18:10 28-10-2017
0

სიახლეები პოპულარული