"რაც ქართველების მინუსად ითვლებოდა, ჩვენ პლუსად გადავაქციეთ"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა ვიქტორ ბანიკოვის ტურნირის გამარჯვებული. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა უკრაინულ ტურნირზე ოთხივე შეხვედრა მოიგეს - ჯგუფში სძლიეს ბელარუსს (4:0), მასპინძელ უკრაინას (3:2) და ესტონეთს (2:1), ხოლო ფინალში შთამბეჭდავად (4:1) დაამარცხა ისრაელი და ღირსეულად მოიგო ტურნირი.

ორგანიზატორების მიერ დაწესებული 4 პრიზიდან 2 ჩვენებმა მოიპოვეს: საუკეთესო მეკარე ლუკა ხარშილაძე გახდა, ხოლო ბომბარდირი - ზურიკო დავითაშვილი (5 გოლი).

- U17. საქართველო-ისრაელი 4:1 - ბანიკოვის თასი ისევ ქართველებისაა [VIDEO]

მაგრამ გამარჯვებაზე არანაკლებ სასიხარულოა ის, რომ ნემსაძის გუნდმა ბოლო პერიოდში ჩვენი
ნაკრებებისთვის უპრეცედენტოდ სამაგალითო შედეგიანობა აჩვენა - საშუალოდ, შეხვედრაში 3,25 გოლი გაიტანა და გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი და დამაიმედებელი თაობა იზრდება. ასე ფიქრობს თავად ნემსაძეც, რომლის სახითაც საქართველოში საინტერესო სპეციალისტი გამოჩნდა. ბედი სხვადასხვა მიმართულებით სცადა და ბოლოს საკუთარი თავი და მოწოდება მწვრთნელობაში იპოვა...

- გილოცავთ გამარჯვებას! 17-წლამდელების წარმატებამ გულშემატკივრებში იმედი დააბრუნა...
- თითოეულ ჩვენს ფეხბურთელსა და გუნდის წევრს შრომისა და თავდადებისთვის მადლობა ეკუთვნის! ჩვენთვის ეს იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი. მთავარი მიზანი კი სწორედ ოქტომბერში, თბილისში გასამართავ მინი-ტურნირზე წარმატებული თამაში. ბანიკოვის მემორიალს ამ მხრივ შეთამაშების დანიშნულება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ბევრი შეცდომა გამოჩნდა. მაგრამ მთლიანობაში გახარებული ვარ, რადგან ამ გამარჯვებით ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. ეს კი თითოეულ მათგანს სჭირდებოდა.

- შეგიძლიათ თქვათ, ტურნირი ასეთი უპირატესობით რის ხარჯზე მოიგეთ?
- ყველაფრის თავიდათავი დისციპლინა იყო. ქართველ ბავშვებს ნიჭი არასოდეს აკლდათ, მაგრამ ამ კუთხით ყოველთვის მოვიკოჭლებდით, უკრაინაში კი სათამაშო დისციპლინა იყო - მოედანზეც და მის მიღმაც. ამან გამახარა და დამაიმედა, რადგან გუნდი მხოლოდ ასე ყალიბდება. ეს იყო წარმატების საფუძველი.

დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით მოთამაშეებს, სელექციის დროს საკმაოდ ბევრი ბავშვი შევამოწმეთ და ბოლოს ამ ბირთვზე ჩამოვყალიბდით.

- ქართული ფეხბურთი წარმატებებს მაშინ აღწევდა, როცა გუნდში დისციპლინა მაღალ დონეზე იყო...
- მე ის მახარებს, რომ ბავშვებს ეს თავადაც ესმით - დისციპლინა მხოლოდ გუნდს არ სჭირდება, ასე თითოეული მათგანი ბევრად უკეთ გამოჩნდება, მწვრთნელს კი ჩანაფიქრის განხორციელება უადვილდება. ისე არ გაიგოთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, სამუშაო ბევრია, მაგრამ პროგრესიც აშკარაა. უკრაინული ტურნირი სათამაშო სქემების შესათამაშებლად და დასახვეწად გამოვიყენეთ. ყველა მეტოქესთან ერთნაირად ვერ ვითამაშებდით, სხვადასხვა განლაგებას ვიყენებდით.

- ნაკრებმა მატჩში საშუალოდ 3,25 გოლი გაიტანა. შემტევ სქემებს იყენებდით?
- მეტოქიდან გამომდინარე ვარჩევდით სქემებს. გამოვიყენეთ 4-3-3 განლაგება, 3-4-3-იც, ერთხელ თამაში 3-5-2-თაც დავიწყეთ და შუა შეხვედრისას შევცვალეთ... გააჩნია, მეტოქე, ვითარება და თამაში რას გვიკარნახებდა. გარკვეული ხედვები მაქვს და ვცდილობდი, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მენახა, რა და როგორ სჯობდა.

- ტურნირზე მყოფმა სპეციალისტებმა როგორ შეაფასეს ჩვენი ნაკრების თამაში?
- ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ველაპარაკე და ბევრის აზრი ვიცი, მაგრამ ვინც მომილოცა, ყველა ამბობდა, რომ პერსპექტიული გუნდი გვყავს. მთავარი, რაც აღნიშნეს, სათამაშო დისციპლინა იყო. რაც ქართველების მინუსად ითვლებოდა, ჩვენ პლუსად გადავაქციეთ.

- ტრანსფერები და სკაუტების ინტერესი ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ ეხება, მაგრამ მაინც საინტერესოა - ასეთ ტურნირებს სელექციონერები ესწრებიან და ჩვენი ფეხბურთელებით დაინტერესდებოდნენ...
- მეც მჯერა, რომ ასეთი თამაშებით მათ მიმართ ინტერესი გაიზრდება. ზოგადად, მეკარემ და სამივე რგოლის მოთამაშეებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მაგრამ მთავარია, ამ წარმატებას არ დასჯერდნენ და ზრდა გააგრძელონ. მთავარია, თავი ოფიციალურ შეხვედრებში გამოავლინონ.

- ისე ჩანს, რომ 2001 წელს დაბადებულები დამაიმედებელი თაობაა...
- საქართველოს კარგი თაობები არასოდეს აკლდა. მათი გამოყენება, სწორი აღზრდა და დიდ ფეხბურთამდე მიყვანა ჭირდა ყოველთვის. იმედია, ეს ბიჭები მაინც სრულად გამოავლენენ შესაძლებლობებს.

- პირადად თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მწვრთნელობაში საკუთარი თავი იპოვეთ?
- მოედანზე დაბრუნება, მწვრთნელობა და ფეხბურთში დახარჯვა ყოველთვის მსურდა. ეს გარკვეული აზარტიც არის, ჩემი შეხედულებებიც მაქვს, რადგან ბევრ საინტერესო მწვრთნელთან მიმუშავია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. იმედია, ამ სფეროში ჩემი თავის რეალიზებას მოვახერხებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალია წარმატებები ყველას გვიხარია, მაგრამ ამ ასაკში თითქმის ევროპაში ერთ-ერთი ლიდერები ვართ, ამის შემდეგ სულ პრობლემები ქვაქვს უკვე 20 წელზე მეტია,რა გახდა ეს ფიზიკური მომზადება მივაქციოთ ყურადღება, მოვამზადოთ ადგილობრივი მწვრთნელები, მოვიწვიოთ უცხოელები. უცხოელი ფეხბურთელების ჩამოყვანას აქ დახარჯული ფული ჯობია ისევ და ისევ ჩვენი მომავლისათვის.
beso
10:02 30-08-2017
0
დისციპლინა და ფიზიკური კონდიციები ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი.ამას თუ გამოვასწორებთ მაშინ შედეგი აუცილებლად იქნება.
რომა
15:43 26-08-2017
0

სიახლეები პოპულარული