ევრო 2016-ის წინ: რა სჭირს "ფურია როხას"?

AutoSharing Option
ევრობატალიებამდე რაღა რჩება და კონტინენტის ჩემპიონი ისე თამაშობს, რომ გაცილებით ადვილი წარმოსადგენია, რომ "ფურია როხა" დაკარგავს ტიტულს, ვიდრე ის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს კრებული მას შეინარჩუნებს.

ორი ფრე, იტალიაში, თითქოს, მისაღები 1:1, მაგრამ თამაში, თითქმის უვარსკვლავო მეტოქის აშკარა უპირატესობით, სხვას რომ თავი გავანებოთ, საუკეთესო მოთამაშედ დავიდ დე ხეა დასახელდა. შემდეგ იყო რუმინეთი და კიდევ უფრო უშინაარსო თამაში ევროპული ფეხბურთის გრანდის შესრულებით (0:0). აკი უწოდა კიდევაც "მარკამ" ესპანეთის თამაშს კლუჟში "ფერდაკარგული როხა".

დელ ბოსკემ მთლიანად გამოცვალა შემადგენლობა და 4-2-3-1 ტაქტიკაზეც გადაეწყო.
იტალიასთან მატჩიდან სასტარტოში ადგილი მხოლოდ ჟერარდ პიკემ შეინარჩუნა. დებიუტანტი სერხი რობერტო და კოკე მოქმედებდნენ, როგორც საყრდენი ნახევარმცველები. მათ წინაც უცნაური ტრიო მოქმედებდა (პედრო, სილვა, ნოლიტო). ეულ ფორვარდად კი ვალენსიელი პაკო ალკასერი ვიხილეთ.

თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებს, როცა ბარტრას და პედროს გატანა შეეძლოთ, ვერ გავიხსენებთ მონაკვეთს, როცა "როხას" უპირატესობა შესამჩნევი იყო.

129-ე ბარსელონელი ნაკრებში
სერხი რობერტო გახდა მე-60 ფეხბურთელი (მე-11 ბარსელონელი), ვინც დელ ბოსკეს დროს ნაკრების დებიუტანტი გახდა. სულ კი რობერტო 129-ე ფეხბურთელია კატალონიური გრანდიდან, ვისაც ესპანეთის ნაკრების მაისურა მოურგია.

დელ ბოსკე, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო დარჩა თამაშით, თუმცა შეფასებებში მაინც ფრთხილობს მარკიზი: "ჩვენ ბოლომდე კმაყოფილები ვერ დავრჩით ამ ორი შეხვედრით. იყო კარგი მომენტები, მაგრამ გვაკლდა სიღრმისეული შეტევები, განსაკუთრებით, ფლანგებიდან. რუმინეთის ნაკრებმა გააკეთა მთავარი - ჩვენი ფეხბურთი არ გვათამაშა".

დელ ბოსკემ იმედი გამოთქვა, რომ, როცა გუნდს სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა დაუბრუნდებიან, ნაკრები გაცილებით ხარისხიან ფეხბურთს შემოგვთავაზებს. დელ ბოსკემ მესამე მეკარე სერხიო რიკო დაამშვიდა, განაცხადა, რომ მისი დროც მოვა ნაკრებში. საქმე ისაა, რომ დებიუტანტთაგან "სევილიას" გოლკიპერს არ მოუწია ამ ორ თამაშში მოედანზე გასვლა.

და მაინც... ევრო 2016-მდე ორი თვით ადრე რა სჭირს "ფურია როხას"? ბოლო ორმა ამხანაგურმა რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა.

ბუსკეტსს შემცვლელი არ ჰყავს
ბევრჯერ თქმულა, რომ ესპანეთის ნაკრებში (სხვათა შორის, "ბარსელონაშიც") არის ერთი ფეხბურთელი, რომლის სრულფასოვანი შეცვლა ძალიან ძნელია და ეს სერხიო ბუსკეტსია.

ბარსელონელმა თითი მოიტეხა და ამ ორმა თამაშმა კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ეს უსიამოვნო სიმართლე - ბუსკეტსის დონის ფეხბურთელი მის პოზიციაზე, უბრალოდ, არ არსებობს. მის არყოფნაში გუნდი პოზიციურადაც უფრო ხშირად ცდებოდა და ბურთის მოპოვებაც უფრო უჭირდა. საგრძნობლად შემცირდა ნაკრების შემტევი პოტენციალიც. აი, ასეთი ფეხბურთელია ბუსკეტსი.

რევოლუცია არ მოხდა, არც ევოლუცია
ესპანელებს ძალიან სურდათ ეროვნული ნაკრების ოქროს შემადგენლობის "უსისხლო" რევოლუცია ანაც ევოლუცია მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდობა ძველების სიმაღლეებს ვერ იკავებს.

კოკემ ვერ გაამართლა იმედები და ვერ გახდა ახალი ჩავი. ისკომ თავიდან დიდებულად დაიწყო, მაგრამ ახლა მისი თამაში გაუფერულდა.

ინგლისელები ფორმაში არ არიან
ის ესპანელები, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ, ვერ არიან საუკეთესო ფორმაში - სილვა, სესკი, პედრო და მატა, ყველას პრობლემები აქვს. მათ რომ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში, თქმა არ უნდა.

შეუცვლელი დუეტი
ევრო 2016-ის ბევრი გუნდი ინატრებდა დაცვის ცენტრში პიკე-რამოსის მსგავს დუეტს, მაგრამ ახლა ორივე შორსაა ფორმის პიკისგან. და, რაც უარესია, მათი დონის შემცვლელები "როხას" არ ჰყავს. დელ ბოსკემ ნაჩო და ბარტრა გამოსცადა, მაგრამ თავიანთ კლუბებში ორივე სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

გოლის გამტანი ჭირს
გვერდზე გადავდოთ დიეგო კოშტას ნაკრებში ყოფნის ავკარგიანობაზე გააფთრებული დებატები და ვთქვათ, რომ ესპანეთის ნაკრები შეტევაში ძველებურად საშიში ვერაა. მოკლედ, ნაკრებს კარგი მეგოლეები აკლია. ისინი არიან, მაგრამ სანაკრებო დონეზე თავი ვერ გამოუჩენიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი კარგი მარა მთავარი მიზეზი არ დასახელებულა. ბუსკეტსი გასაგებია მარა ინიესტა ყველაზე კრეატიული მოთამაშე ესპანეთის ისტორიაში ცალკე აღნიშვნას არ იმსახურებს? კაცი ლიდერია მოედანზე თუ მის გარეთ, ავტორიტეტია. ბოლო ევროპა ვინ მოიგო? ინიესტა რო არა ესპანეთი უტიტულო იქნებოდა. ევრო 2012 ზე გამოჩნდა რო ინიესტას გარეშე ვერ იასპარეზებს ესპანეთი და როცა ინი დაბრუნდება, კლუბში ტიტულებს დადებს და მთელ ყურადღებას ნაკრებზე გადაიტანს სათამაშო ხარისხი აიწევს. და მაგაზე უნდა თქმულიყო 1-2 ან მეტი სიტყვაც
coco
11:50 29-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული