ევრო 2016-ის წინ: მოულოდნელად კარგი იტალია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან თამაში მოილია და გერმანიასთან ჯახისთვის ემზადება. მართალია, ორივე შეხვედრა ამხანაგურია, მაგრამ გუნდების გათვალისწინებით, ორივე თამაში პრინციპულია და ევროპული სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "სკუადრა აძურამ" ესპანეთს "სტადიო ფრიულიზე" უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

რატომ მოულოდნელად?
იმიტომ, რომ უმეტესობას ამ ფორმაციის იტალიის ნაკრების არ სჯერა და გულშემატკივრები თუ საფეხბურთო ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ეს პესიმიზმი შესარჩევი ეტაპის წარმატებით გადალახვამაც ვერ გაანელა - არადა, ანტონიო კონტეს გუნდმა ძალიან ძლიერი ხორვატიის ნაკრები ჩამოიტოვა და თანაც, საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპით.
მოკლედ, ამ იტალიის არ სჯერათ და ეს რეალობაა, რომელსაც საფუძვლად, ალბათ, არცთუ ვარსკვლავური შემადგენლობა უდევს.

მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ გაუკვირდა საფეხბურთო ევროპას და მათ შორის, იტალიას "აძურას" წარმატებული თამაში და სრული უპირატესობა ესპანეთთან, ისედაც არცთუ მძლავრი შემადგენლობის კიდევ უფრო შეთხელება გახლდათ.

კონტემ არ გამოიძახა ანდრეა პირლო, რადგან ამხანაგური მატჩისთვის შტატებიდან გადმოფრენა არ იყო აუცილებელი. კონტემ ისევ არ გამოიძახა დანიელე დე როსი, რომელსაც უბრალოდ არ სწყალობს. კონტემ ვერ გამოიძახა კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ტრავმირებულია და კონტემ გამოიძახა, მაგრამ შემდეგ სახლში გაუშვა მარკო ვერატი, რომელიც ასევე დაშავებულია და გაირკვა, რომ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

არ დაგვავიწყდეს ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი, რომლებიც ასევე გამოაკლდნენ "აძურას". მოკლედ, იტალია შეთხელდა და უძლიერეს ესპანეთთან აუტსაიდერად შეირაცხა.

3-4-3, ანუ 5-4-1
ანტონიო კონტეს თავკაცობით, იტალიის ნაკრებს არაერთ ტაქტიკური მონახაზით უთამაშია, მათ შორის 4-4-2, 4-3-3 და 3-5-2, მაგრამ ის სქემა, რომელიც "აძურას" დამრიგებელმა ესპანეთთან გამოიყენა, ახალი და სრულიად მოულოდნელი გახლდათ: 3-4-3 შეტევით ფაზაში და 5-4-1 დაცვითი ფაზის დროს.

დაცვის ცენტრში მატეო დარმიანი, ლეონარდო ბონუჩი და დავიდე ასტორი, ფლანგებზე ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე ჯაკერინი, შუა ხაზში ტიაგო მოტა და მარკო პაროლო, ხოლო შეტევის წინა ხაზზე მარტინს ედერი, ანტონიო კანდრევა და გრაციანო პელე.

როდესაც იტალია თავს იცავდა, ანტონიო კანდრევა და მარტინს ედერი ნახევარდაცვაში ჩადიოდნენ, ალესანდრო ფლორენცი და ემანუელე ჯაკერინი კი დაცვის ფლანგებს ამაგრებდნენ, რაც ქმნიდა 5-4-1 სქემას, მაგრამ შეტევის დროს კანდრევა და ედერი გარემარბები გახლდნენ, ფლორენცი და ჯაკერინი კი ფლანგის ნახევარმცველები, რაც იყო 3-4-3. ამ მოდელს კონტე პირველად დაეყრდნო - ეჭვი გვაქვს, რომ სამომავლოდ არაერთხელ გამოიყენებს და შესაძლოა, საბაზო სქემადაც აქციოს.

ბურთის კონტროლი და სწრაფი კონტრშეტევები
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიის განახევრებული ნაკრები ბურთის ფლობაში არ ჩამორჩა ესპანეთს, გუნდს, რომელიც სწორედ ამ კომპონენტშია განსაკუთრებულად ძლიერი. "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებმა ზუსტად იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და შესაბამისად, ერთმანეთის მოძებნა და დროული პასის გაკეთება არ უჭირდათ. იტალია ხშირად თამაშობდა ერთი შეხებით და მოხერხებულად ამოდიოდა დაცვიდან შეტევაში მაშინაც კი, როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავდა.

ანტონიო კონტეს გუნდი განსაკუთრებულად სახიფათო კონტრშეტევებზე იყო და აქაც იმაზე გვიწევს ყურადღების გამახვილება, რომ "სკუადრა აძურა" ძალიან სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში. სწორედ ამ კომპონენტმა გაუჩინა ყველაზე დიდი თავსატეხი ესპანეთს, რომელიც პერიოდულად, უბრალოდ, დაბნეული ჩანდა და არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მოედანზე.

თამაში
სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს - ბურთის ფლობაში სრული თანაფარდობა გახლდათ და ამაზე უკვე ვთქვით. მეტოქის კარის მიმართულებით ესპანელებმა მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს და ეს მაშინ, როდესაც იტალია 11-ჯერ დაემუქრა დავიდ დე ხეას კარს. ესპანელებმა მხოლოდ 3 კუთხური ჩააწოდეს, იტალიამ კი 7 და თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ესეც სრულიად ლოგიკური გახლდათ.

იტალიის ნაკრები ფლობდა რეალურ და საკმაოდ დიდ უპირატესობას და თუ თამაშის შინაარსით ვიმსჯელებთ, უნდა მოეგო კიდეც. ლორენცო ინსინიეს გოლი მომწიფებული იყო, აი, ადურისის შედეგიანი დარტყმა კი კონტექსტიდან ამოვარდნილი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ადურისის გოლამდე, კარში ალვარო მორატამ დაარტყა, რომელიც აშკარა თამაშგარეში იყო და მსაჯს რომ ეს დაენახა, გოლი უბრალოდ არ ჩაითვლებოდა.

აქვე ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ დავიდ დე ხეა გახლდათ, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩუნა გუნდი გაშვებული გოლისგან და დაამტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებს ესპანეთის ნაკრებში პირველ მეკარეობას და არა იკერ კასილიასი.

იტალიას ინსინიე სჭირდება
ანტონიო კონტე დიდხანს არ იძახებდა ლორენცო ინსინიეს და რატომღაც, ათვალწუნებული ჰყავდა. როდესაც "ნაპოლის" შემტევზე ჰკითხავდნენ, მუდმივად იმას იმეორებდა, რომ 8 და 9 გოლი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოეძახებინა. არადა, კონტე ხშირად იძახებდა, მაგალითად, ალესიო ჩერჩის და ჩირო იმობილეს, რომლებსაც მიმდინარე სეზონში 8 ერთად არ აქვთ გატანილი. მოკლედ, კონტემ ინსინიე ამოიჩემა, მაგრამ ლორენცომ კიდევ უფრო მოუმატა და კონტე იძულებული გახდა, რომ 24 წლის თავდამსხმელი ეხმო.

ესპანეთთან შეხვედრაში ინსინიე მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და მოედანზე ცეცხლი დაანთო - ლორეცოს მინიმუმ ჰეთ თრიკის შესრულება შეეძლო და პასებიც უხვად არიგა, იტალიელთა ერთადერთი გოლი კი სწორედ მის ანგარიშზეა. თქმა არ სჭირდება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინსინიე სჭირდება იტალიის ნაკრებს...

დე შილიო ჯაკერინის ნაცვლად
ესპანეთთან შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ემანუელე ჯაკერინიმ, რომელიც მარცხენა ფრთას აკონტროლებდა და თანაბრად ნაყოფიერი იყო როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. ყველა სიკეთესთან ერთად, ჯაკერინიმ საგოლე პასიც მიითვალა აქტივში. თუმცა, ემანუელეს ცუდი ამბავიც შეემთხვა, მსუბუქად დაშავდა და სანაკრებო შეკრების დატოვება მოუწია.

ანტონიო კოტემ ჯაკერინის ნაცვლად, მატია დე შილიო გამოიძახა და გერმანიაში წაიყვანა. 23 წლის განაპირა მცველი კონტეს ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ბოლო დროს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და შესაბამისად, ნაკრების პირველ განაცხადში ვერ მოხვდა.

კმაყოფილი კონტე
ესპანეთთან თამაშით ანტონიო კონტე კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ მისმა შეგირდებმა დავალებები პირნათლად შეასრულეს:

"იტალია უნდა იყოს სწრაფი, მობილური და დაბალანსებული ყველა რგოლში, ესპანეთთან კი ეს ყველაფერი ვნახეთ. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელთა გარჯით, რადგან მათ ჩემი დავალებები პირნათლად შეასრულეს. არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე არის დრო და ამ პერიოდს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

ესპანეთის ნაკრები ევრო 2016-ის მთავარი ფავორიტია და ამ გუნდთან ასე თამაში საკუთარი თავის რწმენას გაგვიღრმავებს. ფეხბურთელთა გამოყოფა ჩემი სტილი არაა და მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა".

ორი ჯანლუიჯი და რეკორდები
ჯანლუიჯი ბუფონი რომ რეკორდს რეკორდზე ამყარებს, მოგეხსენებათ და ისიც გეცოდინებათ, რომ ჯიჯი არა მარტო ევრო 2016-ს, არამედ 2018 წლის მუნდიალს უმიზნებს და სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე 40 წლის ასაკში იასპარეზოს. ისიც ვთქვათ, რომ ეს იქნება ბუფონის მეექვსე მუნდიალი და მეხუთე, რომელშიც "აძურას" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

პარალელურად, რეკორდებს ამყარებს ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც "მილანის" ძირითად შემადგენლობაში 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი, 24 მარტს კი მისი დებიუტი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშიც შედგა. ჯიჯი 17 წლისაა, ამ ასაკში კი "აძურინის" კარი აქამდე არასდროს არავის დაუცავს.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-2 ჯგუფში ასპარეზობს, 6 ტურის შემდეგ კი პირველ ადგილზეა 5 მოგებით და 1 ფრით. ამჯერად, ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი ირლანდიას ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, 4:1.

გოლები მარკო ბენასიმ, ვალერიო როსეტიმ და ალესიო რომანიოლიმ გაიტანეს, ერთი გოლი კი საკუთარ კარში ირლანდიელმა შეაგდო. "გაძეტა დელო სპორტმა" "აძურინის" თამაშს ბრწყინვალე უწოდა, ჯანლუიჯი დონარუმას გარჯა 6.5 ბალით შეაფასა, რაც საშუალოზე მაღალი შეფასებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღას დაღუპავს ყველაფერი მოიგო მასთან ერთად!
და რეგრესი ბოსკეს ბრალი არაა, უბრალოდ ახალი ხავი და ინიესტა არ გამოჩნდნენ ეგრევე და თაობათა ცვლის პროცესი მიდის
irakli Apkhaidze
17:30 28-03-2016
0
დელ ბოსკე დაღუპავს ფურიას,მაგარი რეგრესი დაეწყოთ
imereli
16:33 28-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული