ცუდი ამბავი ნაკრების შეკრებიდან: ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს გამოტოვებს?

AutoSharing Option
ცუდი ამბავი მოვიდა ბორჯომში მიმდინარე ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრებიდან: 8 აგვისტოს ვარჯიშზე ფეხი იტკინა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელიც გუშინვე გამოგზავნეს თბილისში გამოსაკვლევად.

მწვრთნელები შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია და ჯერჯერობით კარგი დასკვნის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა დაზიანების ხარისხი საბოლოოოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება.

იმედია, ვითარება საგანგაშო არ აღმოჩნდება და ოლიმპიური ჩემპიონი შეძლებს 28 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ბუდაპეშტში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის აუნაზღაურებელი დარტყმა იქნება გუნდურ ტურნირზე.

ცხადია, პირადშიც წარმატების დიდ
შანსს ვკარგავთ, მაგრამ გუნდურში მთლად უიმედოდ ვრჩებით. მოგეხსენებათ, ის ახალი ფორმატით ჩატარდება - ვაჟებისა და ქალების შერეული გუნდი იქნება, რომელშიც 73 კილოგრამი ვაჟთა წონად შედის. ქალებში ისედაც არ გვაქვს დიდი იმედი და ახლა ვაჟთა წონაშიც თუ ამ დონის მონაწილე დაგვაკლდა, შანსები მნიშვნელოვნად გვიმცირდება.

იმედია, საქმე აქამდე არ მივა და დაველოდოთ ექიმების დასკვნას. ძალიან ცუდი, რომ ნაკრების ლიდერი კიდევ ერთხელ დაშავდა, მაგრამ ორმაგად ცუდია, ეს ყველაფერი ასეთ საკვანძო მომენტში რომ ხდება.

თავად ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ფაზაშია. გუნდი ამჯერად ბორჯომში გადის შეკრებას, თუმცა იმ კვირის დასაწყისიდანვე ყვარელში გადაინაცვლებს და დასკვნით შეკრებას იქ გაივლის. საბედნიეროდ, ირაკლი ცირეკიძის ყველა სხვა შეგირდი ჯანმრთელადაა და სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა იმედია გამოჯანმრთელდები, უფალი გფარავდეს შენ და სრულიად საქართველოს, წარმატებები შენ და სიხარული ჩვენ.
jano janiashvili
13:20 14-08-2017
0
ვინმემ თუ იცით დაწერეთ როგორაა ლაშას საქმე
tengocie
21:27 09-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული