ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "პინგვინების" კოშმარი ოტავაში

AutoSharing Option
"ოტავა" მეორედ გავიდა წინ "პიტსბურგთან სერიაში. კანადურ კლუბს უადვილდება საქმე, რადგან "პინგვინებს" ბევრი ტრავმირებული დაუგროვდათ. მესამე მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ფორვარდებმა - პატრიკ ჰორნკვისტმა, ბრაიან რასტმა, აგერთვე მცველმა ჯასტინ შულცმა.

"სენატორებმა" იდეალური პირველი ტაიმი ჩაატარეს. უკვე 48-ე წამზე სტუმრების კარში პირველი შაიბა შევარდა, როცა მაიკ ჰოფმანმა ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა. "პიტსბურგის" მცდელობამ - მალე გაეთანაბრებინა ანგარიში, არანაირი შედეგი არ გამოიღო. შემდეგ კი იყო "პიტსბურგისთვის" კოშმარული 2 წუთი და 18 წამი, როცა მარკ-ანდრე ფლერის კიდევ სამი შაიბა გაუტანეს.

სტუმრების დაცვა ვერანაირ
კრიტიკას ვერ უძლებდა: ჯერ მარკ მეტომ უპრობლემოდ შეაღწია "პიტსბურგის" კართან და მოასწრო არა მარტო დარტყმა, არამედ დამატებაც. შემდეგ, უყურადღებოდ დარჩა დერეკ ბრასარი, რომელმაც შორეულ ცხრიანში გაიტანა, 24 წამში კი ზაკ სმიტმა მეოთხე გოლი შეაგდო და "პიტსბურგის" სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა, მეკარე გამოეცვალა. ამ პლეი ოფში ფლერი პირველად გამოცვალეს და მისი ადგილი კარში მეტ მიურეიმ დაიკავა, რომელმაც 20-დან 19 დარტყმა მოიგერია.

დრო სათამაშო კიდევ ბევრი იყო, მაგრამ მეორე პერიოდში შაიბა მხოლოდ "ოტავამ" გაიტანა და ანგარიში 5:0 გახდა. "პიტსბურგმა" მატჩი 26 დარტყმით დაასრულა და მხოლოდ ექვსჯერ გაისროლა მესამე პერიოდში. აქედან ერთმა გოლი მოიტანა - ერთი შაიბა გაქვითა სიდნი კროსბიმ. "პიტსბურგის" კაპიტანს აშკარა ჩავარდნა აქვს - ეს იყო მისი პირველი ქულა "ოტავასთან" სერიაში.

ოტავა-პიტსბურგი 5:1
4:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰოფმანი-5 (ტარისი-4, ბაროუზი-5), 2:0 მეტო-2 (რაიანი-7, ბრასარი-7), 3:0 ბრასარი-4 (მაკარტური-5, რაიანი-8), 4:0 ზ. სმიტი-1 (მეტო-2, ე. კარლსონი-12), 5:0 ტარისი-4 (ჰოფმანი-4, ჩიასონი-2), 5:1 კროსბი-5 (კესელი-9, შტრაიტი-1).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეთი სუსტი თამაში"პინგვინსის"დაცვაში არ მახსოვს.ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე რომ იტალიის ნაკრები თამაშობს, დაახლოებით ეგეთი იყო.რაც შეეხება ქროსბის, ეტყობა მიღებული ტრავმა თავისას შვრება.ისე უდიდესი ჰოკეისტია.
კახა ქირია
13:53 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული