ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: "ნეშვილი" შინ არ აგებს

AutoSharing Option
"ნეშვილი" გახდა პირველი გუნდი 1998 წლის შემდეგ, რომელსაც პლეი ოფში ზედიზედ ათი მოგება დაუგროვდა საკუთარ მოედანზე. მეათე მოგების წყალობით, "პრედატორზმა" დასავლეთი კონფერენციის ფინალში მეორედ შეძლო "ანაჰაიმთან" სერიაში დაწინაურება - 2:1.

"ნეშვილი" იმსახურებდა მოგებას. მასპინძლებმა მეტოქეზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს - 40 20-ის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ორი პერიოდის შემდეგ, "ანაჰაიმი" მინიმალური ანგარიშით იგებდა - რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა კორი პერიმ. ვეტერანისთვის ეს იყო 35-ე გოლი პლეი ოფში და ამით გაუთანაბრდა "იხვების" ლეგენდას ტეემუ სელიანეს.

მასპინძლებმა მესამე პერიოდში მაინც გატეხეს "ანაჰაიმის" წინააღმდეგობა. 20-წუთეული
ახალი დაწყებული იყო, როცა ფილიპ ფორსბერგმა გაათანაბრა ანგარიში. საქმე ოვერტაიმამდე მიდიოდა, მაგრამ სტუმრები უხეშობამ დააღალატა.

"ნეშვილს" ამ სერიაში 11-დან არც ერთი რიცხობრივი უპირატესობა არ ჰქონდა გამოყენებული, მაგრამ სირენამდე ორწუთნახევრით ადრე, შვეიცარიელმა რომან იოზიმ ეს ნავსი გატეხა და "ნეშვილს" მოგება მოუტანა. "პრედატორზისთვის" ეს იყო მის ისტორიაში პირველი საშინაო მოგება დასავლეთი კონფერენციის ფინალში. ამ გუნდს მიმდინარე პლეი ოფში 10 მოგება და მხოლოდ სამი წაგება აქვს და ჯერ ზედიზედ ორჯერ არ დამარცხებულა.

ნეშვილი-ანაჰაიმი 2:1
0:0, 0:1, 2:0
გოლები: 0:1 პერი-3 (რაკელი-6, ვატანენი-2), 1:1 ფორსბერგი-6 (ელისი-6), 2:1 რომან იოზი-5 (არვიდსონი-6, ეკჰოლმი-7).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული