ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: კროსბი საჭირო არ ყოფილა

AutoSharing Option
"პიტსბურგი" სიდნი კროსბის გარეშეც ახერხებს ფონს გასვლას და ერთი ნაბიჯიღა დარჩა კონფერენციის ფინალამდე. "ვაშინგტონი" ყველამ გაკიცხა იმ მეთოდის გამო, რომლითაც მათ მეტოქის საუკეთესო მოთამაშე მოიშორეს. მაგრამ, როგორც სერიის მეოთხე მატჩმა აჩვენა, ეს გამოსავალი არ ყოფილა.

ლიგამ არ დასაჯა დისკვალიფიკაციით კროსბის ტრავმაში დამნაშავეები - ნისკანენი და ოვეჩკინი. გუშინ, მაყურებელი ამ ორს განსაკუთრებულ ობსტრუქციას უწყობდა. და ამგვარ ზეწოლას რუსმა ვარსკვლავმა ვერ გაუძლო. მან უამრავი შეცდომა დაუშვა, პირველ პერიოდში ვერც ერთი ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა და ორჯერ გააძევეს უხეშობისთვის.

სანამ "ვაშინგტონი" თამაშს დაალაგებდა,
"პიტსბურგმა" ორი გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ გონს სტუმრები. მათ მოახერხეს 72 წამის ინტერვალში ანგარიშის გათანაბრება - 2:2.

მაგრამ თანაბარი ანგარიში მხოლოდ "ვაშინგტონის" მორიგ შეცდომამდე შენარჩუნდა. ორი წუთის შემდეგ, ჯონ კარლსონის უხეშობის გამო, "პიტსბურგმა" რიცხობრივი უპირატესობა მიიღო, რომელიც უძლიერესი დარტყმით ჯასტინ შულცმა გამოიყენა. მესამე პერიოდში "კეპიტალზის" მხრიდან ანგარიშის გათანაბრების ყველა მცდელობა წყალში ჩაყარა მეკარე მარკ-ანდრე ფლერის ბრწყინვალე თამაშმა, რომელმაც 36 დარტყმა მოიგერია.

"პიტსბურგს" 16-დან 13 სერია აქვს მოგებული, როცა ოთხი მატჩის შემდეგ, 3:1 მიჰყავდა ანგარიში.

* * *
"ვაშინგტონისგან" განსხვავებით, "ანაჰაიმმა" სრულფასოვანი რევანში აუღო "ედმონტონს" პირველი ორი საშინაო წაგების გამო და თავად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი კანადური გუნდის მოედანზე.

მეოთხე მატჩის დასაწყისში "იხვებმა" ორი შაიბა გაუშვეს, მაგრამ ამან ვერ გატეხა კალიფორნიელთა განწყობა. სტუმრებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს მეორე პერიოდი. "ანაჰაიმის" კაპიტანმა რაიან გეტცლაფმა (ლიდერის კიდევ ერთი მაგალითი) დუბლი შეასრულა და სტუმრები წინ გაიყვანა. თუმცა, "დაქსმა" მოგება არა ძირითად დროში, არამედ ოვერტაიმში შეძლო. პლეი ოფში სილფვერბერგის მეშვიდე შაიბამ "იხვებს" მოგება მოუტანა და სერიაში ყველაფერი თავიდან იწყება.

პიტსბურგი-ვაშინგტონი 3:2
1:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-3 (მაატა-4, კულენი-4), 2:0 გიუნტცელი-8, 2:1 კუზნეცოვი-4 (ჯასტინ უილიამსი-6, მ. იოჰანსონი-5), 2:2 შმიდტი-1 (ოში-7, შატენკირკი-4), 3:2 შულცი-2 (მალკინი-12, გიუნტცელი-4).
სერია: 3-1

ედმონტონი-ანაჰაიმი 3:4 (ო)
2:0, 0:3, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ლუჩიჩი-2 (დრაიზაიტლი-7, ლეტესტუ-3), 2:0 მაკდევიდი-4 (დრაიზაიტლი-8, მარუნი-3), 2:1 გეტცლაფი-6 (მონტური-4), 2:2 რაკელი-4 (გეტცლაფი-5, პერი-3), 2:3 გეტცლაფი-7, 3:3 კაჯულა-1 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-3, მარუნი-4), 3:4 სილფვერბერგი-7 (გეტცლაფი-6).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული