ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე

AutoSharing Option
"ვაშინგტონი" უფსკრულის პირას აღმოჩნდა პირველი ორი საშინაო მატჩის წაგების შემდეგ. ლიგის ისტორიაში 87 გუნდი ყოფილა ასეთ სიტუაციაში და მხოლოდ 18 შემთხვევაში გადიოდა შემდეგ ეტაპზე. ამიტომაც, რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და სერიოზული განწყობით გავიდა მესამე მატჩზე.

როგორც გაირკვა, ეს სერიოზული განწყობა "პიტსბურგის" ლიდერის სიდნი კროსბის მიმართ უხეშობაში გამოიხატებოდა. პირველ პერიოდში, ერთ-ერთ ეპიზოდში კროსბის ჯერ "ვაშინგტონის" კაპიტანმა ოვეჩკინმა ჩაარტყა თავში ჯოხი, შემდეგ კი ასევე თავში დარტყმით ნისკანენმა დააგდო ყინულზე. "პინგვინების" კაპიტანი დიდი ხანი ვერ წამოდგა, შემდეგ გაჭირვებით
დატოვა ყინული და თამაში ვეღარ გააგრძელა.

რაც შეეხება თამაშის პერიპეტიებს, პირველი ორი მატჩისგან განსხვავებით, როცა "ვაშინგტონს" ზუსტ დარტყმებში დიდი უპირატესობა ჰქონდა (71:45), "პიტსბურგი" ფლობდა უპირატესობას, ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ აგებდა 0:2-ს სირენამდე ორი წუთით ადრე. მასპინძლებს ისღა დარჩენოდათ, მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეეცვალათ და ამან გაამართლა. დაახლოებით 45 წამის ინტერვალით მასპინძლებმა ორი შაიბა გაიტანეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით დროში "პიტსბურგი" დააღალატა ტრევორ დეილიმ, რომელმაც სულელური გაძევება აიკიდა შვედ მარკუს იოჰანსონზე. "ვაშინგტონმა" კევინ შატენკირიკის წყალობით შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და ზედიზედ მესამე წაგების თავიდან აცილება.

პიტსბურგი-ვაშინგტონი 2:3 (ო)
0:1, 0:0, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 ბექსტრიომი-4 (ოვეჩკინი-3, ჯასტინ უილიამსი-4), 0:2 კუზნეცოვი-3 (მ. იოჰანსონი-4, ჯასტინ უილიამსი-5), 1:2 მალკინი-4 (კესელი-8, შულცი-5), 2:2 შულცი-1 (მალკინი-11, კუნიტცი-1), 2:3 შატენკირკი-1 (ბექსტრიომი-6, კუზნეცოვი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული