ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: მეორე რაუნდი დაკომპლექტებულია

AutoSharing Option
სტენლის თასის გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორი საგზური "ვაშინგტონმა" და "ოტავამ" მოიპოვეს.

"კეპიტალზს" ისევ გაუჭირდა "ტორონტოს" წინააღმდეგ. სერიის მეექვსე მატჩი ხისტი და უხეში თამაშით აღინიშნა. ორი პერიოდის განმავლობაში გუნდები ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას, სამაგიეროდ, ბევრს უხეშობდნენ და ხშირად, საქმე ჩხუბში გადაიდოდა. მესამე პერიოდის შუაში, სეზონის საუკეთესო ახალბედამ ოსტონ მეტიუსმა "ტორონტოს" ფანებს მეშვიდე მატჩის იმედი მისცა: მასპინძლებმა საკუთარი ზონიდან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ახლო ცხრიანში მეტიუსის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

"ტორონტოს" ჰოკეისტები სირენამდე უნდა მოეთმინათ და შეენარჩუნებინათ მინიმალური უპირატესობა, მაგრამ სწორედ
ამის გაკეთება ვერ შეძლო მაიკ ბებკოკის ახალგაზრდა გუნდმა. მარკუს იოჰანსონმა მეკარის საჯარიმოში შეაღწია და შეაცურა შაიბა ფრედერიკ ანდერსენის კარში, რითაც "ვაშინგტონს" გადამრჩენი ოვერტაიმი აჩუქა.

დამატებითი დროის მეშვიდე წუთზე თრილერი დასრულებული იყო. "კეპიტალზის" ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ ჯასტინ უილიამსმა ანდერსენის კარისკენ გაისროლა და იქვე დადარაჯებულმა იოჰანსონმა დუბლი შეასრულა, რითაც "ტორონტოს" ნაადრევად დაასრულებინა სეზონი, თავის გუნდი კი შემდეგ წრეში მოქმედ ჩემპიონ "პიტსბურგზე" გაიყვანა.

* * *
"ოტავამ" "ბოსტონის" წინააღმდეგობა გატეხა, როცა მეექსე მატჩის ოვერტიამში დაამარცხა "დათვები". გამარჯვების შაიბის ავტორი გახდა ვეტერანი კლარკ მაკარტური, რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.

ასე რომ, "ოტავა" გახდა მეორე კანადური კლუბი "ედმონტონის" შემდეგ, რომელმაც მეორე რაუნდში გააღწია. იქ "სენატორების" მეტოქე იქნება "ნიუ იორკ რეინჯერსი". კანადის ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპონატზე, შესაძლოა, "ბოსტონის" ვარსკვლავური წყვილით (ბრედ მარშანი და პატრის ბერჟერონი) გაძლიერდეს.

ტორონტო-ვაშინგტონი 1:2 (ო)
0:0, 0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 მეტიუსი-4 (რაილი-4, ჰიმანი-3), 1:1 მ. იოჰანსონი-1 (ელერი-2, ორპიკი-2), 1: 2 მ. იოჰანსონი-2 (ჯასტინ უილიამსი-3, ჯ. კარლსონი-1).
სერია: 2-4

ბოსტონი-ოტავა 2:3 (ო)
1:0, 0:2, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 სტეფორდი-2 (მარშანი-2, მაკევოი-3), 1:1 ბ. რაიანი-4 (ბრასარი-5, ე. კარლსონი-6), 1:2 ტარისი-1 (ძინგელი-1), 2:2 ბერჟერონი-2 (მარშანი-3, კ. მილერი-1), 2:3 მაკარტური-2 (ბ. რაიანი-3, ბრასარი-6).
სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული