სამთო თხილამურები: სლოვაკეთის ახალი ტალანტი

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეებმა ოკეანის გაღმიდან ევროპაში გადმოინაცვლეს და ევროპულ კურორტებზე გააგრძელეს გამოსვლა მსოფლიოს თასის გათამაშებაში. ფრანგულ ვალ დ'იზერში მამაკაცები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ტრასა რთული იყო, რის გამოც პირველი ცდის შემდეგ, 24 მონაწილე გამოეთიშა ბრძოლას. პირველი დაშვებისას საუკეთესო დრო აჩვენა ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსონმა. ის ნახევარ წუთს უგებდა თანამემამულე სებასტიან ფოს-სოლევაგს. რაც მთავარია, კრისტოფერსონმა 1.66 წამით ჩამოიტოვა უკან ფავორიტი და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

ნორვეგიელმა მეორე ცდაც მაღალ დონეზე ჩაატარა და ვალ დ'იზერში პირველ გამარჯვებას მიაღწია. ფოს-სოლევაგმა მეორე ცდა ვერ
დაასრულა, ხოლო მერვედან მეორე ადგილამდე პროგრესი ჰქონდა ჰირშერს. მან მეორე დაშვებისას საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა 1.03 წამი წააგო კრისტოფერსონთან. მესამე ადგილი ეტაპზე გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა დაიკავა.

ჰირშერი სათავეში უდგას საერთო ჩათვლას. ავსტრიელი ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალს უკვე 123 ქულით უსწრებს და კარიერაში მსოფლიოს თასზე მეხუთე ტრიუმფს უმიზნებს.

* * *
სენსაცია მოხდა შვედეთის კურორტ ორეში. აქ სლალომი მოიგო 20 წლის სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ, რომლის საუკეთესო შედეგი აქამდე მეშვიდე ადგილი იყო, სულ კი საუკეთესო ოთცდაათეულში მხოლოდ ექვჯერ იყო მოხვედრილი.

სლოვაკმა პირველივე ცდაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა საბოლოო გამარჯვებაზე. ვლჰოვასა და ნორვეგიელ ნინა ლიოზეტს შორის სხვაობა 0.62 წამი იყო. მეორე დაშვებისას პეტრა გაუმკლავდა ნერვებს და მეორე ცდაზე მეორე შედეგი აჩვენა.

ორი ცდის ჯამში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა ფრიდა ჰანსდოტერი: შვედი დააღალატა ცუდმა პირველმა ცდამ, როცა მეხუთე დრო აჩვენა და ვლჰოვას 0,72 წამით ჩამორჩა.

მეორე ადგილის მიუხედავად, ჰანსდოტერმა ლიდერობა მოიპოვა სლალომის ჩათვლაში - 20 ქულით უსწრებს მიკაელა შიფირნს. გენერალურ კლასიფიკაციაში კი კვლავინდებურად ამერიკელი ლინსი ვონი ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული