სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ბროლის ანა ფენინგერი

AutoSharing Option
საფრანგეთის კურორტ მერიბელში დასრულდა მსოფლიოს თასის 2014-15 წლების გათამაშება. ამ მარათონული ტურნირის ფინალი როკ-დე-ფერის ტრასაზე იმართებოდა, რომელსაც ქალები 1992 წლის ალბერვილის ოლიმპიადაზე იყენებდნენ. სწორედ აქ გადაწყდა ბროლის დიდი გლობუსის ბედი ქალებს შორის - პირველობისთვის ტინა მაზე და ანა ფენინგერი იბრძოდნენ.

ბოლო დისციპლინის - გიგანტური სლალომის წინ ავსტრიელი სლოვენიელთან 18 ქულას აგებდა საერთო ჩათვლაში. ბროლის დიდი გლობუსის ზედიზედ მეორედ მოსაგებად ფენინგერს არ უნდა დაეკავებინა ადგილი მესამეზე ქვემოთ იმ პირობით, რომ მაზე მასზე მინიმუმ ერთი საფეხურით დაბლა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ავსტრიელმა მოთხილამურემ
მოიგო გიგანტური სლალომი, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

"ეს ყველაზე რთული ბრძოლა იყო ჩემს კარიერაში, - განაცხადა ფენინგერმა. - ტინა ძალიან ძლიერი იყო და სერიოზულ ზეწოლას განვიცდიდი მეორე ცდის წინ. ზღვარზე ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვნერვიულობდი, თანაც, უშუალოდ დაშვებისას, რაც ძალიან ცუდია".

ასე რომ, ანა ფენინგერმა 1553 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს თასის ჩათვლა. ტინა მაზე მეორეზე გავიდა 22-ქულიანი ჩამორჩენით. ბროლის მცირე გლობუსები სწრაფდაშვებასა და სუპერგიგანტში ამერიკელმა ლინდსი ვონმა მოიპოვა, გიგანტურ სლალომსა და კომბინაციაში - ფენინგერმა, სლალომში - ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა.

"დიახ, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა დღევანდელი ან გუშინდელი გამოსვლებით, - განაცხადა ტინა მაზემ. - სეზონის დასაწყისში დავუშვი შეცდომები, რამაც ხელი შემიშალა. ეს ბევრი ქულის დაკარგვად დამიჯდა. ამიტომაც ვარ იმედგაცრუებული".

ახალი ისტორია ჰირშერისგან
მამაკაცებს შორის ბოლო დღეს ნაკლები ინტრიგა იყო, რადგან სლალომში ჩეტილ იანსრუდი არ გამოდიოდა და მარსელ ჰირშერმა ვადაზე ადრე მოიპოვა ბროლის დიდი გლობუსი. მან ეს ზედიზედ ოთხჯერ შეძლო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. თუმცა სლალომში ჰირშერს კონკრეტული მიზანი ჰქონდა - ამ სახეობაში ბროლის მცირე გლობუსი წაერთმია ფელიქს ნოიროიტერისთვის.

ჰირშერმა ეს შეძლო და კარიერაში მეცხრე ბროლის გლობუსი მოიპოვა. არადა, სტარტის წინ 55 ქულით ჩამორჩებოდა ნოიროიტერს. ავსტრიელისთვის ეს გახდა მერვე მოგება მიმდინარე სეზონში და მესამე - სლალომში. სულ 26 წლის მარსელს მსოფლიოს თასზე უკვე 31 მოგება დაუგროვდა.

"ორი ვარიანტი მქონდა: მშვიდად და უსაფრთხოდ დაშვება და მეორე ადგილი სლალომის ჩათვლაში ან ასი პროცენტით დახარჯვა და კიდევ ერთი გლობუსის მოპოვება. გამიმართლა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ჰირშერმა.

რაც შეეხება ნოიროიტერს, მან პრაქტიკულად აჩუქა ბროლის მცირე გლობუსი ჰირშერს. გერმანელმა ჩააგდო პირველი ცდა და მხოლოდ მე-12 დრო აჩვენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული