სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოქრო დაბრუნების შემდეგ

AutoSharing Option
მოულოდნელად დასრულდა ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში მსოფლიოს ჩემპიონატი. მამაკაცებს შორის ბოლო დისციპლინაში - სლალომში აშკარა ფავორიტი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი იყო, რომელსაც მოგებული ჰქონდა ამ ჩემპიონატზე ოქრო სუპერკომბინაციაში. მის მთავარ კონკურენტად კი გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს მიიჩნევდნენ.

და პირველი ცდის შემდეგ ავსტრიელმა დაადასტურა ფავორიტის სტატუსი - საუკეთესო დრო აჩვენა და უახლოეს მდევარს 24 მეასედი წამით გაუსწრო. პირველი დაშვების შემდეგ არავინ მოიაზრებდა მომავალ ტრიუმფატორად სლალომში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონს, 30 წლის ფრანგ ჟან-ბაპტისტს გრანჟს, რომელიც სამი წლის წინ წავიდა დიდი სპორტიდან, მაგრამ შემდეგ
დაბრუნება გადაწყვიტა.

პირველი ცდის შემდეგ გრანჟი მერვე იყო, თანაც ძალიან დიდი ჩამორჩენით - 88 მეასედი წამი. მაგრამ მისი მეორე ცდა ფანტასტიკური გამოდგა, რაც თითქმის პოდიუმის გარანტია იყო. მისი გამოსვლის შემდეგ კიდევ შვიდი მოთხილამურე უნდა გასულიყო ტრასაზე. ისინი ერთი მეორეს მიყოლებით ასრულებდნენ ასპარეზობას, მაგრამ გრანჟის დრო ხელუხლებელი რჩებოდა. ბოლო ტრასაზე ჰირშერი დაეშვა - ყოველ საშუალედო ფინიშზე მისი უპირატესობა გრანჟთან მცირდებოდა და არავინ იცის, როგორი იქნებოდა ავსტრიელს საბოლოო შედეგი. ფავორიტმა ჩასათვლელი დრო საერთოდ ვერ დააფიქსირა, რადგან კარი გამოტოვა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

გრანჟი ამ ტურნირის მთავარი სიუპრიზი აღმოჩნდა. თავის დროზე, ფრანგი დიდი სპორტიდან ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო წავიდა - ექიმებმა აუკრძალეს გამოსვლა, მაგრამ გრანჟმა მათ არ დაუჯერა და დაბრუნდა, თანაც როგორ...

სლალომი
კაცები
1. ჟან-ბაპტისტ გრანჟი (საფ) - 1:57.47; 2. ფრიტც დოპფერი (გერ) - +0.35; 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - +0.55; 4. ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორ) - +0.57; 5. მატიას ჰარგინი (შვედ) - +0.62; 6. ანდრე მიურერი (შვედ) - +0.74; 7. მარკუს ლარსონი (შვედ) - +1.00; 8. ალექსანდრ ხოროშილოვი (რუს) - +1.47; 9. სებასტიან ფოს-სოლევააგი (ნორ) - +2.31; 10. ლინუს შტრასერი (გერ) - +2.38...

მედლების ცხრილი
ო ვ ბ ს
1. ავსტრია 5 3 1 9
2. აშშ 2 1 2 5
3. სლოვენია 2 1 0 3
4. საფრანგეთი 1 0 2 3
4. შვეიცარია 1 0 2 3
6. გერმანია 0 2 1 3
7. კანადა 0 2 0 2
8. შვედეთი 0 1 2 3
9. ნორვეგია 0 1 0 1
10. ჩეხეთი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დასაწერი არაფერია,ქართველმა ფინიშამდე ვერ მიაღწია
zura
22:07 17-02-2015
0
ქართველებიც მონაწილეობდნენ ამ შეჯიბრებზე და 2 სიტყვა იმატზეც რომ დაგეწერათ ცუდი არ იქნებოდაა
chka
21:45 17-02-2015
0

სიახლეები პოპულარული