სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ვონი უკვე მეხუთეა

AutoSharing Option
კანადის კურორტ ლეიკ ლუისში დასრულდა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი ქალებს შორის. ორი სწრაფდაშვების შემდეგ, ამჯერად, მოთხილამურეებმა პირველობა სუპერგიგანტში გაითამაშეს. როგორც ვწერდით, სწრაფდაშვების ორივე სტარტი გერმანელმა მარია რიშმა მოიგო, რამაც მას გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა მოუტანა, მაგრამ რიშმა პირველი ადგილი მხოლოდ ერთი დღე შეინარჩუნა.

22 წლის შვეიცარიელმა ფენომენმა ლარა გუტმა სეზონში მეოთხე სტარტი მოიგო. მან სუპერგიგანტის ტრასა წუთსა და 22,86 წამში გაიარა და ამ მოგების შემდეგ დაიბრუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. ამ ეტაპზე რიშმა მხოლოდ მე-19 დრო აჩვენა.

მეორე დრო ჰქონდა ლიხტენშტაინის წარმომადგენელ
ტინა ვაირატერს, რომელიც გუტს მხოლოდ 0,03 წამით ჩამორჩა. პოდიუმის ყველაზე დაბალი საფეხური ავსტრიელ ანა ფენინგერს ერგო.

კვლავაც დიდ ინტერესს იწვევდა ამერიკელი ლინდსი ვონის გამოსვლა. მან ამჯერად არ გააწბილა თავისი გულშემატკივრები და მეხუთე დრო აჩვენა, რაც მის აშკარა პროგრესზე მიუთითებს. ვონი პარასკევს მე-40 იყო პირველ სწრაფდაშვებაზე, მე-11 ადგილზე გავიდა შაბათს და ახლა მეხუთე პოზიცია მოიპოვა. ცნობილია, რომ ვონისთვის ლეიკ ლუისის ტრასა ერთ-ერთი საყვარელია - მას აქ 14 ეტაპი აქვს მოგებული.

ამერიკული დუბლი კოლორადოში
ასევე დაასრულეს გამოსვლა მამაკაცებმა კოლორადოს შტატის ქალაქ ბივერ კრიკში. ამერიკული პუბლიკა ბოლო სტარტით - გიგანტური სლალომით დიდად ნასიამოვნები დარჩებოდა, რადგან ადგილობრივმა მოთხილამურეებმა - ტედ ლიგეტიმ და ბოდე მილერმა დუბლი შეასრულეს.

პირველი ცდის შემდეგ ლიგეტიმ თანამემამულეს 1,10 წამი მოუგო, მეორე ცდის შემდეგ კი გაზარდა უპირატესობა წამნახევრამდე. ტედისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე მოგება გიგანტურ სლალომში, რითაც მან გაიმეორა ლეგენდარული იტალიელის, ალბერტო ტომბას 1991 წლის შედეგი. 29 წლის ამერიკელს, რომელიც ამ დისციპლინაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს თასზე ბოლო ცხრა გიგანტური სლალომიდან შვიდი აქვს მოგებული.

მილერმა ვერაფერი დაუპირისპირა ლიგეტის და ვერ გატეხა ნავსი. საქმე ისაა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ეს დისციპლინა 2007 წლის მარტის შემდეგ არ მოუგია. აღსანიშნავია, რომ ლიგეტისა და მილერის პირველი ორი ადგილი პირველი ამერიკული დუბლია მსოფლიოს თასზე 2009 წლის იანვრის შემდეგ.

ბოდე მილერს ნახევარი წამით ჩამორჩა მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

ლიგეტიმ გუშინდელი მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა გენერალურ კლასიფიკაციაში, პირველი კი კვლავაც ნორვეგიელი აქსელ-ლუნდ სვინდალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს თასი: არა უძლიერესი ჩემპიონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული