სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სვინდალმა ტრადიცია არ დაარღვია

AutoSharing Option
დასრულდა მსოფლიოს თასის მესამე ეტაპი ამერიკულ ლეიკ ლუისსა და კანადურ ბივერ კრიკში.

ბოლო დღეს მამაკაცებმა პირველობა გაითამაშეს სუპერგიგანტში და როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო დრო აჩვენა ცნობილმა ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა. სკანდინავიელისთვის ლეიკ ლუისის ტრასა ფეხბედნიერია: მას აქ ექვსჯერ აქვს მოპოვებული პირველობა და აქედან ხუთჯერ სწორედ სუპერგიგანტში - 2005, 2007, 2011, 2013 წლებში.

წინა დღეს სვინდალს ერთი ნაბიჯი დააკლდა სწრაფდაშვებაში პოდიუმამდე, ამჯერად კი ტრასაზე უკონკურენციო იყო და შესაბამისად, 0.24 და 0.38 წამით აჯობა ორ ავსტრიელს - მატიას მაიერსა და გეორგ შტრაიტბერგერს.

ამ
გამარჯვებამ სვინდალს ლიდერობა მოუტანა მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციაში. ნორვეგიელის ანგარიშზეა 200 ქულა და ის 40 ქულით უსწრებს თასის მოქმედ ჩემპიონს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.

სუპერგიგანტი
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 1.28,53; 2. მატიას მაიერი (ავსტრია) - +0,24; 3. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +0,38; 4. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) - +0,68; 5. პატრიკ კუენგი (შვეიც) - +0,72; 6. ჰანს რაიხელი (ავსტრია) - +0,80...

საერთო ჩათვლა
1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 200; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 160; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 124; 4. დომინიკ პარისი (იტა) - 106. 5. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - 100; 5. მატიას მაიერი (ავსტრია) - 100...

* * *
კანადის ბივერ კრიკში ქალებს ბოლო სტარტი გიგანტურ სლალომში ჰქონდათ. აქ ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი შვეიცარიელ ლარა გუტსა და ამერიკელ მიკაელა შიფრინს შორის. გუტმა წინა ორ დღეს მოიგო სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი. რაც შეეხება შიფრინს, მან წინა ეტაპებზე ორჯერ იმარჯვა სლალომში.

მაგრამ გუტმა პირველ ცდაზე შეცდომა დაუშვა და ბრძოლას გამოეთიშა, შიფრინი კი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ 0,09 წამი დააკლდა ტრიუმფამდე. გიგანტური სლალომის მოულოდნელი გამარჯვებული გახდა შვედი ჯესიკა ლინდელ-ვიკარბი, რომლისთვისაც ეს იყო მხოლოდ მეორე ტრიუმფი მსოფლიოს თასზე. პირველი 2009 წლის იანვრით თარიღდება, როცა ლინდელ-ვიკარბიმ იტალიის კორტინა დ’ამპეცოში მოიგო სუპერგიგანტი.

სკანდინავიელმა პირველი ცდის შემდეგ მოიპოვა ლიდერობა და მეორე ცდაზე გაჭირვებით, მაგრამ მოახერხა პირველობის შენარჩუნება. ლინდელ-ვიკარბის საუკეთესო შედეგი გიგანტურ სლალომში წელს, იანვარში, მარიბორში ჰქონდა, როცა მეხუთე ადგილი დაიკავა.

მინიმალური მარცხის მიუხედავად, 18 წლის შიფრინი კმაყოფილი დარჩა თავისი გამოსვლით, რადგან ეს იყო მისი პირველი პოდიუმი კარიერაში გიგანტურ სლალომში.

ლარა გუტის მსგავსად, ხელი მოეცარა ამ დისციპლინაში ოლიმპიურ ჩემპიონს, გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს. ის პირველი ცდის შემდეგ მეოთხე იყო, მაგრამ მეორე დაშვება ვერ დაასრულა.

გიგანტური სლალომი
1. ჯესიკა ლინდელ-ვიკარბი (შვედ) - 2.17,92; 2. მიკალე შიფრინი (აშშ) - +0,09; 3. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +0,56; 4. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვეიც) - +0,85; 5. მარია რიში (გერ) - +1,12; 6. ანემონ მარმოტანი (საფ) - +1,17...

საერთო ჩათვლა
1. ლარა გუტი (შვეიც) - 300; 2. მიკალე შიფრინი (აშშ) - 220; 3. მარია რიში (გერ) - 193; 4. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 185; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 175; 6. ჯესიკა ლინდელ-ვიკარბი (შვედ) - 132...

ოლიმპიადა კითხვის ნიშნის ქვეშ
ისევ პრობლემები აქვს თანამედროვე სამთო თხილამურების ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს, ამერიკელ ლინდსი ვონს.

მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება ტრავმირებულ მარჯვენა მუხლზე, - იტყობინება ESPN-ი. ამასთან, ამერიკელს იმედი აქვს, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულებამდე შეძლებს ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილებას.

ორი კვირის წინ ვონმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაიზიანა მარჯვენა მუხლის მყესები. სწორედ ამ მუხლზე გაიკეთა ოპერაცია 2013 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამერიკელმა. ექიმების აზრით, სახელგანთქმულ სამთო მოთხილამურეს ჯერ ისევ შეუძლია დამატებითი ოპერაციის გარეშე ტრასაზე გასვლა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც დასჭირდება ქირურგების ჩარევა.

ამ მომენტისთვის, ვონმა უკვე განაახლა ვარჯიშები და მომავალ კვირას აპირებს ამ სეზონში პირველად მსოფლიოს თასის ეტაპში მონაწილეობას. ეს ლეიკ ლუისში მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები: ახალი ვარსკვლავის ჰეთ-თრიკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული