ლინდსი ვონი მოსავალს იღებს

AutoSharing Option
ბრწყინვალე ამერიკელმა მოთხილამურემ ლინდსი ვონმა "ბროლის გლობუსების" შეგროვება დაიწყო - მან თავის საყვარელ სწრაფდაშვებაში მოიპოვა მცირე "ბროლის გლობუსი".

ამ დისციპლინაში ზედიზედ მეხუთე სეზონია ამერიკელი არავის უთმობს პირველობას. სეზონის ბოლომდე კიდევ ორი სწრაფდაშვებაა დარჩენილი, მაგრამ ვონი 231 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, გერმანელ მარია რიშს და ის მიუღწეველია კონკურენტისთვის.

ქალებმა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი სოჭში, 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ტრასაზე ჩაატარეს. ოლიმპიური ტრასა სხვებზე უკეთ რიშმა აითვისა და სწორედ მან დაიკავა სწრაფდაშვებაში პოდიუმის უმაღლესი საფეხური. ვონი ამჯერად მესამე მივიდა ფინიშთან, მაგრამ ესეც
საკმარისი აღმოჩნდა მცირე "ბროლის გლობუსის" გასანაღდებლად.

სოჭში ეტაპი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატარდა. სტარტი ძლიერი ქარის გამო 15 წუთით გადაიდო, ბოლოსკენ კი ამინდი ისევ გაფუჭდა და ეტაპი ნაადრევად შეწყვიტეს - ბოლო 15 მოთხილამურეს არ მისცეს ტრასაზე გასვლის საშუალება. თუმცა ისინი ვერ მოახდენდნენ გავლენას ლიდერებს შორის ძალთა გადანაწილებაზე, რადგან მონაწილეების შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდათ.

სწრაფდაშვებაში ვონის ხუთი ტიტული რეკორდი არ გახლავთ. ამერიკელზე წინ არის ლეგენდარული ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოდლი, რომელმაც ამ დისციპლინაში შვიდჯერ მოიგო მცირე "ბროლის გლობუსი".

თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ვონი მალე მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაშიც მოიპოვებს პირველობას, რაც მის ბრწყინვალე კარიერაში რიგით მეოთხე ტიტული იქნება. ამერიკელი ამჟამად 448 და 486 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს - სლოვენიელ ტინა მაზესა და მარია რიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული