გიგანტურ სლალომში ჩვენებურებმა იყოჩაღეს

AutoSharing Option
შარშან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონგრესზე გადაწყვიტეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თოვლის საერთაშორისო ფესტივალი ჩაეტარებინათ და აი, 20-21 იანვარს 39 ქვეყანაში თოვლის დღესასწაული 225 ღონისძიებით აღინიშნა.

საქართველოში სამთო-სათხილამურო ფედერაციის ინიციატივითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით შაბათს გუდაურში დიდი ზეიმი მოეწყო როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსებისთვის: გაიმართა კონცერტები, მხიარული თამაშები, სახალისო კონკურსები.

თოვლის ფესტივალი 20 იანვარს ზეიმით აღნიშნეს იტალიაშიც. კურორტ პეკოლ დი ზოლდოზე FIS-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში 1991 წელს უფრო გვიან დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

გიგანტურ სლალომში გუდაურელებმა - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე ნინო
წიკლაურმა და ალექსი ბენიაიძემ იყოჩაღეს - კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

მეორე-მესამე ადგილები მასპინძლებმა დაიკავეს: გოგონებში - ვიქტორია დოროთელიმ და მარტინა გნეჩმა, ვაჟებში - ფრანჩესკო დე კანდიდომ და ანტონიო მარკონიმ. ამავე შეჯიბრებაში კიდევ სამი ქართველი მოთხილამურე გამოდიოდა: დიმიტრი გედევანიშვილი (28-ე ადგილი), შოთა ნათაძე (მე-34)0 და სოსო ჯაფარიძე (55-ე).

წინა დღეს ოთხივე ქართველმა სლალომში მოსინჯა ძალები. ბენიაიძე იტალიელ ჯოვანი მისონის 0,01 წამით ჩამორჩა და მე-2 ადგილი დაიკავა.

გედევანიშვილი მე-18, ჯაფარიძე კი 28-ე იყო. ნათაძემ მეორე დისტანცია ვერ ჩაამთავრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული