ბიორგენის სამიდან სამი

AutoSharing Option
თხილამურებით რბოლაში მსოფლიოს თასის გათამაშება ფინეთის ქალაქ კუუსამოში გაგრძელდა. მეორე ეტაპზე ქალებმა და მამაკაცებმა პირველობა გაითამაშეს კლასიკურ სპრინტში.

ქალებს შორის ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. გუშინ ძალიან კარგად გამოიყურებოდა შვედი შარლოტე კალა, რომელმაც დამაჯერებლად გაიარა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სტადია. მაგრამ კალას ფინალში მეორე ადგილის იმედი თუ ექნებოდა, რადგან ამჯერადაც შესანიშნავად გამოიყურებოდა მარიტ ბიორგენი. სტარტზე მცირედი შეყოვნების შემდეგ, ნორვეგიელმა ფინიშზე უშანსოდ დატოვა კონკურენტები და წელს მეორე შესაძლებლიდან მეორე ინდივიდუალური რბოლა მოიგო. მან წინა ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებთან ერთად ესტაფეტაშიც გაიმარჯვა, ასე რომ, ახალ სეზონში
სამიდან სამი მოგება აქვს.

სპრინტი. ქალები
1. მარიტ ბიორგენი (ნორ); 2. შარლოტე კალა (შვედ); 3. ვიბეკე სკოფტერუდი (ნორ); 4. კიკენ რენდალი (აშშ); 5. ანე კილონენი (ფინ); 6. ნატალია მატვეევა (რუს)...

* * *
მამაკაცებს შორის უფრო პრინციპული და დაძაბული ბრძოლა იყო. თუ ქალების ფინალში მონაწილეები სწრაფად დაიშალნენ ჯგუფებად, ამ გარბენში რთულმა აღმართმა მაინც ვერ გამოკვეთა ფავორიტები. რბოლის ბედი საფინიშო სწორ მონაკვეთზე გაირკვა, სადაც სხვებზე მეტად გაუმართლა შვედ ტეოდორ პეტერსონს. მისი გამარჯვება ყველამ დიდ მოულოდნელობად მოინათლა.

კარგად გამოიყურებოდა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ნიკიტა კრიუკოვი, რომელსაც გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გვიან დაიწყო თავისი საფინიშო სპურტი.

სპრინტი. კაცები
1. ტეოდორ პეტერსონი (შვედ); 2. ნიკიტა კრიუკოვი (რუს); 3. ოსტინ პეტერსონი (ნორ); 4. ეირიკ ბრანდსდალი (ნორ); 5. ლენ ვალიასი (კან); 6. ანსი პენტსინენი (ფინ)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული