სეზონი ნორვეგიაში იხსნება

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სტარტი აიღო მსოფლიოს თასის გათამაშებამ სათხილამურო რბოლაში. პირველი ეტაპს ნორვეგიის კურორტმა შუშენმა უმასპინძლა.

სეზონი ტრადიციულად ქალებს შორის 10-კილომეტრიანი რბოლით (თავისუფალი სტილით) გაიხსნა და ის ნორვეგიელთა სრული ტრიუმფით დასრულდა. დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია მარიტ ბიორგენმა, ხოლო პირველ ათეულში სულ შვიდი ნორვეგიელი მოხვდა.

ნორვეგიის ქალთა ნაკრებს საშინაო ეტაპზე სპეციალური ეროვნული ქვოტა ჰქონდა, ამ ქვეყანაში კი რეზერვი ძალიან ძლიერია. გარდა ამისა, ნორვეგიელებს ტრადიციად აქვთ საწყის ეტაპებზე ბიატლონისტების მიწვევა. ამჯერადაც ტრასაზე ვიხილეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიატლონისტი ტორა ბერგერი, რომელმაც ბევრ აღიარებულ მოთხილამურეს გაუსწრო
და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ნორვეგიის ნაკრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ შვედმა შარლოტე კალამ შეძლო, მაგრამ მან ვერაფერი მოუხერხა ცოცხლა ლეგენდას მარიტ ბიორგენს და მეორე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია.

სეზონის სტარტის მთავარ იმედგაცრუებად უნდა ჩავთვალოთ მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი იუსტინა კოვალჩუკი. პოლონელი საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა ტრასაზე და მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა.

* * *
იმავე დღეს მამაკაცებმა სეზონი 15-კილომეტრიანი რბოლით გახსნეს, თუმცა აქ არ ყოფილა ნორვეგიელთა დომინირება.

აქაც რამდენიმე ძლიერი ადგილობრივი ბიატლონისტი ვიხილეთ ტრასაზე. სტარტზე გავიდნენ ემილ ჰეგლე სვენდსენი, ტერიე ბოე და ლარს ბერგერი. ბერგერის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, სვენდესენი და ბოე კი იშვიათად მიმართავენ ამგვარ ექსპერიმენტებს.

ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ ამ სამეულიდან საუკეთესო შედეგი ბერგერს ჰქონდა, რომელიც მერვე მივიდა ფინიშთან.

მთავარ ფავორიტებად ადგილობრივი პეტერ ნორტუგი და შვეიცარიელი დარიო კოლონია მიიჩნეოდნენ, მაგრამ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა შვედმა იოჰან ოლსონმა. ეს მისი მეორე ტრიუმფია კარიერაში. ტრავმების შემდეგ მომჯობინებულმა ოლსონმა შესანიშნავი ტემპი აკრიფა და ნახევარი წუთი მოუგო ნორტუგს, რაც ფანტასტიკური შედეგია.

ვერ ვიტყვით, რომ ნორტუგმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საშუალო დონის რბოლაში ნორვეგიელმა ფანტატისკური საფინიშო სპურტის წყალობით შეძლო სამეულში შესვლა. მოულოდნელი იყო პოდიუმზე იტალიელი როლანდ კლარას ხილვა. რაც შეეხება დარიო კოლონიას, მან მეშვიდე შედეგით დაასრულა სეზონის პირველი რბოლა.

ქალები. 10 კმ.
1. მარიტ ბიორგენი (ნორ) - 24:22.3; 2. შარლოტე კალა (შვედ) - +27.1; 3. ვიბეკე სკოფტერუდი (ნორ) - +29.0; 4. ტორა ბერგერი (ნორ) - +43.0; 5. კრისტინ სტეირა (ნორ) - +43.6; 6. მარტე კრისტოფერსენი (ნორ) - +50.0; 7. ტერეზ იოჰაუგი (ნორ) - +58.1; 8. კიკენ რენდალი (აშშ) - +58.2; 9. ინგვილდ ოსტბერგი (ნორ) - +1:11.1; 10. იუსტინა კოვალჩიკი (პოლ) - +1:12.3...

კაცები. 15 კმ.
1. იოჰან ოლსონი (შვედ) - 32:40.9; 2. პეტერ ნორტუგი (ნორ) - +31.2; 3. როლანდ კლარა (იტა) - +31.4; 4. კალე ჰალფვარსონი (შვედ) - +38.6; 5. ალექს ჰარვი (კან) - +40.6; 6. რემო ფიშერი (შვეიც) - +41.2; 7. დარიო კოლონია (შვეიც) - +41.7; 8. ლარს ბერგერი (ნორ) - +43.7; 9. მარკუს ჰელნერი (შვედ) - +43.9; 10. ალექსეი პოლტორანინი (ყაზ) - +49.3...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული