ვონი ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში ახალი სეზონი ავსტრიის კურორტ ზოლდენში მნიშვნელოვანი მოვლენით გაიხსნა. ამერიკელი ლინდსი ვონი სპორტის ამ სახეობაში მეხუთე ქალი მოთხილამურე გახდა, ვისაც სამთო-სათხილამურო სპორტის ხუთივე დისციპლინაში მსოფლიოს თასის ეტაპი აქვს მოგებული.

აქამდე მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელს კოლექციაში გიგანტური სლალომის ტიტული აკლდა და ეს ხარვეზი შაბათს აღმოფხვრა.

პირველი ცდის შემდეგ ამერიკელი მეოთხე ადგილზე იყო. ლიდერი კი იტალიელი ფედერიკა ბრინიონე გახლდათ, მაგრამ აპენინელს მეორე ცდა ჩაუვარდა.

ვონის მთავარი კონკურენტი ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი აღმოჩნდა, რომელმაც, საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში 0,04
წამი წააგო ლინდსისთან. გერმანელი მეორე ადგილზე გავიდა, მესამეზე კი ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი აღმოჩნდა 0,4-წამიანი ჩამორჩენით.

ეტაპი ჩააგდო ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ - ორი ცდის ჯამში მისი დრო 23-ე იყო. კიდევ უფრო უარესად გამოვიდა მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი მარია რიში, რომელიც ვონს 3,13 წამით ჩამორჩა და 24-ე ადგილზე გავიდა. სხვათა შორის მარიამ არასოდეს მოუგია გიგანტური სლალომის სტარტი.

როგორც ვთქვით, ვონი ისტორიაში მეხუთე მოთხილამურე გახდა, რომელსაც ახლა ხუთივე დისციპლინა აქვს მოგებული. მანამდე იგივე
შეძლეს: ავსტრიელმა პეტრა კრონბერგერმა, შვედებმა პერნილა ვიბერგმა და ანია პერსონმა და ხორვატმა იანიცა კოსტელიჩმა.

აღსანიშნავია ლინდსის კიდევ ერთი მიღწევა - მან მსოფლიოს თასის 42-ე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა პერსონს. ახლა, ამ დუეტზე წინ არიან ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი (62), შვეიცარიელი ფრენი შნაიდერი (55) და ავსტრიელი რენატე გიოტჩლი (46).
საერთოდ, ამერიკელი მოთხილამურეები ვერ ბრწყინავენ გიგანტურ სლალომში. ბოლო ამ დისციპლინაში ამერიკული ტრიუმფი 1991 წელს დაფიქსირდა, როცა ფინიშზე პირველი ჯული პარიზიენი მივიდა.

გიგანტური სლალომი

ქალები
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:24.43 (1:10.25+1:14.18); 2. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:24.47 (1:09.99+1:14.48); 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 2:24.83 (1:09.87+1:14.96); 4. ტესა ვორლი (საფ) - 2:25.23 (1:10.71+1:14.52); 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 2:25.33 (1:10.35+1:14.98); 6. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:25.67 (1:10.85+1:14.82).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული