ციხე დოპინგისთვის

AutoSharing Option
სათხილამურო რბოლაში ავსტრიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალტერ მაიერი დამნაშავედ სცნეს აკრძალული პრეპარატების გავრცელებაში და 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ვადიდან სამ თვეს მაიერი ციხეში გაატარებს, დანარჩენი 12 თვე კი პირობითი სასჯელი გახლავთ. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2005-09 წლებში მაიერი სპორტსმენებს ერითროპოეტინითა და სხვა აკრძალული პრეპარატებით ამარაგებდა. თუმცა არაფერი თქმულა იმის შესახებ, ვინ იღებდა მწვრთნელის მიწოდებულ დოპინგს.

54 წლის მაიერმა უკვე გაატარა საპყრობილეში 37 დღე (სანამ გამოძიება მიდიოდა), ასე რომ, პატიმრობის ვადა დაახლოებით შვიდ კვირაში ამოიწურება. "როიტერის" ცნობით,
მწვრთნელის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის შეტანას აპირებენ.

1994-2006 წლებში მაიერი სხვადასხვა პოსტს იკავებდა ავსტრიის სათხილამურო სპორტის ფედერაციაში, მათ შორის, იყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

2003 წელს მაიერს სპორტსმენებისთვის სისხლის გადასხმის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ავსტრიელს 2006 წელს ტურინისა და 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე დასწრება აუკრძალა. მაგრამ მწვრთნელმა აკრძალვა არ გაითვალისწინა და ტურინში კერძო პირის სტატუსით ჩავიდა.
მაშინ ავსტრიის ნაკრებში სერიოზული დოპინგ-სკანდალი მოხდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ ამაში გარეული სწორედ მაიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული