"ტომბა ლა ბომბა" სვანეთს მოინახულებს!

AutoSharing Option
საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით, კომპანია "სილქნეტის", "სილქ როუდ ჯგუფის" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს გამთენიისას საქართველოში ცნობილი მოთხილამურე, მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ზამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული - ალბერტო ტომბა ჩამოვიდა.

ლეგენდარულ მოთხილამურესთან ერთად, საქართველოს უცხოელი ინვესტორები და სამთო-სათხილამურო სპორტის და ინფრასტრუქტურის ექსპერტები ეწვივნენ. დელეგაციას ასევე თან ახლავს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ვიზიტის უცხოურ მედიაში გაშუქებას უზრუნველყოფს.

ამ ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია სვანეთს ესტუმრება. ექსპერტთა ჯგუფი დაათვალიერებს ადიშის, უშბის მყინვარის და
ჰაწვალ-ზურულდის სათხილამურო ტრასებს, შეაფასებს უშბის მთაზე საზაფხულო სათხილამურო სეზონის მოწყობის შესაძლებლობას.


"ტომბა ლა ბომბა"
იტალიელი სამთო მოთხილამურე ალბერტო ტომბა 1966 წლის 19 დეკემბერს დაიბადა. ტომბა სამგზის ოლიმპიური, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელია. გამოდიოდა სლალომსა და გიგანტურ სლალომში. მისი სპორტული მეტსახელი "ტომბა ლა ბომბა" იყო.

ალბერტო ტომბა 1988 წელს კანადაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 1992 წელს ალბერვილში (საფრანგეთი) გიგანტურ სლალომში ოქროს და სლალომში ვერცხლის მედალი მოგიო. მაშინ ტომბას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იტალიის დროშის ტარების პატივიც არგუნეს.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ტომბამ 1994 წელს ლილეჰამერის (ნორვეგია) ტრასაზე მოიგო. ნაგანოს 1998 წლის ოლიმპიადა კი მედლის გარეშე დაასრულა. ტომბა საერთო ჩათვლაში სამთოსათხილამურო სპორტის 1994-95 წლების სეზონის მსოფლიოს თასის მფლობელია.

იტალიელი მოთხილამურე დიდი სპორტიდან 1998 წელს წავიდა, როდესაც ჯამში მსოფლიოს თასზე 50 მოგება (35 სლალომი, 15 გიგატური სლალომი) დაუგროვდა. მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რიცხვის მიხედვით ტომბა მხოლოდ ინგემარ სტენმარკს (86) და ჰერმან მეიერს (54) ჩამორჩება.

2000 წლის მარტში "მისი სახელგანთქმული სპორტული კარიერისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის" აღსანიშნავად ოლიპმიური ორდენით დააჯილდოვეს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული