მზიან ბათუმში ზამთრის სახეობასაც ავითარებენ - მიზანი ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებაა

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია გოგიტიძე, ანადეა გულბიანი-შმიდტი და ნატალია ლომინეიშვილი
2015 წელს, ბათუმში, მერიასთან არსებული სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით, ფიგურული ციგურაობის კლუბი ჩამოყალიბდა.

სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ორ კატეგორიაში ვარჯიშობენ - ერთეულებსა და სინქრონულ ფიგურული ციგურაობაში.

"წლეულს, 22-28 თებერვალს, ცენტრის მწვრთნელები (ლელა ჩოფიკაშვილი, ინგა ბუტიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი) და სპორტსმენები (ანადეა გულბიანი-შმიდტი, ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ეკატერინე იაზადჟი, ნატალია ლომინეიშვილი) გაემგზავრნენ "ISU''-ს (საერთაშორისო ფიგურული ციგურაობის გაერთიანება) ეგიდით გასამართ ჰელმუტ საიბტის მემორიალზე, ერთეულების კატეგორიაში საასპარეზოდ. მისი ორგანიზატორი ავსტრიის ფიგურული ციგურაობის ფედერაციაა.

ჩემპიონატში მსოფლიოს 30 ქვეყნის 400-მდე
სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში მხოლოდ ბათუმური კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას", - ამბობს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა გორგოშაძე.

მისი თქმით, 2015 წლის განმავლობაში კლუბის წევრები სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც სინქრონული ფიგურული ციგურაობის, ასევე ერთეულების კატეგორიაში:

"ჩვენი კლუბისა და სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარბიელზე ხშირი გასვლა. მაგალითად, მარტში სპორსტმენები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე ისპარეზებენ.

უნგრეთში, 2014 წელსაც ვიმყოფებოდით, სადაც ანადეა გულბიანი-შმიდტმა პირველი ადგილი დაიკავა, ილია გოგიტიძემ - მესამე, ხოლო ნატალია ლომინეიშვილმა - მეხუთე. ვფიქრობ, დასაწყისისთვის მშვენიერი შედეგებია.

ერთი სიტყვით, ბათუმში ფიგურული ციგურაობის განვითარებისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. მიზანი კი ისაა, რომ უახლოეს წლებში, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე მეტი ლიცენზია მოვუპოვოთ, ქვეყანა. აჭარა და ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოვაჩინოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული