ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 13-19 იანვარს ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

15 იანვარს, დილით, ქალები იასპარეზებენ. საციგურაოზე 29 ქვეყნის 41 წარმომადგენელი გავა, რომელთა შორის იქნება იტალიელი კაროლინა კოსტნერი.

მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი ელენე გედევანიშვილი, რომელიც ბრაიან ორსერის ხელმძღვანელობით ემზადება კანადაში. იგი ევროპის ჩემპიონატზე ახალი მოკლე პროგრამით გამოვა.

შარშან, ოქტომბერში ქართველმა მოციგურავემ ობერსდორფში (გერმანია) სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა, წლის მიწურულს კი აშშ-სა და იაპონიაში გრან პრის ორ ეტაპზე მოსინჯა ძალები. ბუდაპეშტში არა მარტო კვარცხლბეკზე ასასვლელად, არამედ წლევანდელი
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (მარტი) ქულების მოსაგროვებლად არაფერს დაიშურებს. ევროპის შემდეგ, 18-19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე გაუწევს მეტოქეობას პლანეტის უძლიერეს მოციგურავეებს.

ყინულზე ცეკვებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა.

წყვილი ამერიკაში იმაღლებს ოსტატობას ევგენი პლატოვის ხელმძღვანელობით. შარშან ობერსდორფში მათ სოჭის ოლიმპიადის საგზური ვერ დაიმსახურეს, მაგრამ ამას წინათ კიევის სალიცენზიო ტურნირზე რეიტინგი აიმაღლეს და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ოთარი და ანგელინა 15 იანვარს მოკლე პროგრამით, ხოლო 16-ში თავისუფალი პროგრამით ისრიალებენ. ქალებში კი მედლების მფლობელები 17 იანვარს გამოვლინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული