ჭიდაობა ქართული: წარმატების საწინდარი

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გუშინ პრესკონფერენცია გამართეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა სამბისტებმა.

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში გამართულ ამ ტურნირზე ჩვენმა ვაჟებმა 1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს, ქალებმა - 1 ბრინჯაო. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამე ადგილზე გავიდნენ.

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ავთანდილ ცინცაძემ დაგვიბრუნა (52), უშანგი კუზანაშვილმა (57) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ფინალური შეხვედრები დათმეს, ნიკო კუცია (820 და დავით ლორიაშვილი (+100) კი მესამეზე გავიდნენ.

ქალებში მედალი ნინო ოძელაშვილმა (72) მოიპოვა, რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიცაა. ოძელაშვილის მედალი პირველია ქართველ
მოჭიდავე ქალთათვის, ცინცაძის ოქრო კი ერთადერთია წლევანდელი ქართული სპორტისთვის როგორც ოლიმპიურ, ასევე ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ არაოლიმპიურ სახეობებში.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებისთვის ცინცაძემ წონა დაიკლო და 57-დან 52-ში ჩამოინაცვლა, კუზანაშვილი კი ამ რანგის პირველობაზე პირველად გამოდიოდა ახალ წონაში. ამასთან, სამბოში დებიუტი ჰქონდათ ძიუდოისტებს - ლორიაშვილსა და ჟორჟოლიანს, რამაც წარმატებით ჩაიარა. ჩემპიონატი მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ თემურ გიორგაძისთვისაც.

ოძელაშვილთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ჯერაც უცხოდ რჩება მოჭიდავე ქალი და ის წარსულში ცნობილ ფალავან ქალბატონ ანა ბაჯის (ბაჯიაშვილს) შეადარეს, სამბოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჩვენმა კოლეგა გაბრიელ ბარჯაძემ კი 1859 წლის ფოტო გაიხსენა, რომელზეც მსოფლიოს გამოჩენილი მოჭიდავე ქალები ყოფილან გადაღებული. მათ შორის - ვინმე თამარ ბაგრატიონიც. თუ ჭიდაობას სამეფო ოჯახშიც ასე აფასებდნენ, ჩვენი მენტალიტეტისთვის ქალთა ჭიდაობა მთლად უცხოც არ ყოფილა, თუმცა ბაგრატიონთა ყველა შტო სულაც არ მიეკუთვნებოდა დიდგვაროვნებს.

პრესკონფერენციაზე ლიტვური პერიპეტიები ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ გიორგაძემ გაიხსენა, რომელმაც ეს წარმატება სხვა ფაქტორებთან ერთად ჩემპიონატზე მსაჯთა წარმომადგენლობის გაზრდასაც დაუკავშირა - ემილ რაშთან ერთად, იქ ოთარ ყურაშვილიც მსაჯობდა, რაში კი სულაც ტურნირის მთავარი მსაჯი იყო.

გიორგაძემ სამბოს გეოგრაფიისა და კონკურენციის ზრდაზეც ისაუბრა, მერე კი იმ სპორტსმენებზეც ისაუბრა, რომლებსაც ლიტვაში სათანადო მონდომება ვერ შენიშნა და მათი ჩანაცვლების აუცილებლობაზე ილაპარაკა. "პირველივე დღეს მოპოვებული ოქრო ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი იყო - ასეთი შედეგი რუსებსაც არ ჰქონდათ. მეორე დღესაც ძალიან დიდი შანსი გვქონდა ჩემპიონობის, მაგრამ ჭიდაობაა და ყველაფერი ხდება. მომავალში აუცილებლად გადაიხედება ის წონები, სადაც ახლა წარუმატებლად გამოვედით და სხვებსაც გამოვცდით.

ჩემპიონატის დონე ძალიან მაღალი იყო, სამბოს განვითარება სწრაფი ტემპით მიდის. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და ახლაც დასახეს გარკვეული გზები. საერთაშორისო ფედერაციაში 8 ახალი ქვეყანაც მიიღეს და ასეთებს მწვრთნელთა კადრებითაც ეხმარებიან. მომავალში გაათმაგებულად თუ არ ვიმუშავეთ, წარმატებით ჭიდაობა ძალიან გაგვიჭირდება.

ვილნიუსში დაძაბული ბრძოლა გაიმართა გუნდურ პირველობაშიც. მესამე დღეს მეორე ადგილზე ვიყავით - რუსები გვისწრებდნენ, რომლებმაც მეორე დღეს ისე იჭიდავეს, ვერაფრით დავეწეოდით. მთავარი ამოცანა იყო, მეორე ადგილი შეგვენარჩუნებინა, რადგან ბელარუსებს მხოლოდ ერთი ქულით ვუსწრებდით. სამწუხაროდ, მეორე ადგილის ბედი ერთმა შეხვედრამ გადაწყვიტა და ბელარუსებმა გაგვისწრეს, ჩვენ კი მესამეზე დავრჩით. სხვათა შორის, მესამეთვისაც დიდი კონკურენცია იყო - ყაზახეთი, უკრაინა და ამ დონის ძლიერი გუნდები გვყავდნენ მეტოქეებად, მაგრამ დამსახურებულად მოვიპოვეთ გუნდური ბრინჯაო" - განაცხადა გიორგაძემ.

"მისასალმებელია, რომ ფედერაციაში საკადრო ცვლილებები და ესტაფეტის გადაბარება უმტკივნეულოდ მოხდა. სამბისტებთან ერთად ამ წარმატებას ძიუდოისტებსაც ვულოცავ. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ოძელაშვილის მედალი და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო. ასევე, მწვრთნელებსაც, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს ამ მიღწევაში"

სპორტსმენებს მიესალმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა.

პრესკონფერენციაზე თავისთავად მიადგნენ ქართული ჭიდაობის თემასაც, როგორც აუცილებელ საჭიდაო კომპონენტს. ოთარ ყურაშვილმა გაიხსენა ცინცაძის ფინალი ყაზახ მედეტ უნდაგანოვთან, რომელიც დიდხანს თანაბრად მიდიოდა, ჩვენებურმა კი შეხვედრის ბედი სათავისოდ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გადავლებას მიმართა. არადა, ცინცაძე ჭიდაობის ქართული სტილით არ გამოირჩევა.

ხაზგასმით ითქვა, რომ ვინც ქართულ სტილში ჭიდაობს, წარმატებასაც ძირითადად იმათ მიაღწიეს. ყურაშვილმა ისიც გაიხსენა, ნახევარფინალში ლორიაშვილთან მოგების შემდეგ მომავალ ჩემპიონს, მსოფლიოს არაერთგზის მომგებ ვლადიმერ მინაკოვს გაკვირვება ვერ დაუმალავს, ქართული ილეთებით მოჭიდავე ჩვენებურს იმდენად დიდი წინააღმდეგობა გაუწევია მისთვის. ეგ კი არა, თურმე 62 კილოგრამში გამარჯვებული რუსი ვიტალი უინიც ქართულად ასპარეზობს და დამაჯერებლადაც მოუგია.

ითქვა ისიც, რომ ტრადიციული ქართული სტილის დანერგვა აუცილებელია და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაცია, რომელსაც ასევე გიორგაძე ხელმძღვანელობს, მომავალში მუშაობის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას აპირებს, უპირველესად კი მოიმატებს შეჯიბრებები ბავშვთა შორის. ამ თემაზე საუბრისას გალდავამ რუსეთში მცხოვრები ქართველი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში დიმიტრი მინდიაშვილიც გაიხსენა, რომელიც თურმე ქართული ილეთების შესწავლაში საგანგებოდ ავარჯიშებდა იქაურებს, ხოლო ამ წვრთნის მაგალითად სამგზის ოლიმპიური და ევროპა-მსოფლიოს ექვს-ექვსგზის გამარჯვებული ბუვაისა საიტიევი დაასახელა, რომელიც ჩვენებურ ილეთებს მშვენივრად ფლობს. ასევე აღნიშნეს ისიც, რომ სამბისტთა ახლანდელი გუნდის სიძლიერე დიდწილად ნაკრების ობიექტურმა შერჩევამაც განაპირობა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ რამდენიმე მედალოსანს გავესაუბრეთ.
ავთანდილ ცინცაძე: "წონის შეცვლა გუნდის ინტერესმა მოითხოვა, რაც წარმატებული გამოდგა და კმაყოფილი ვარ ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ფედერაციას, ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ მომზადებაში. ვფიქრობ, ახალ წონაში პრობლემები არც მომავალში მექნება".

უშანგი კუზანაშვილი: "ვისაც ახლა შევხვდი, ადრე ყველასთან მიჭიდავია. ალბათ, 2 წლის წინ რომ შემეცვალა წონა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ყაზახ იერბოლატ ბაიბატიროვთან, რომელთანაც ფინალი წავაგე, ორჯერ მქონდა მონაგები. მომავალში აუცილებლად დავამარცხებ, ახლა კი, როგორც ეტყობა, საგანგებოდ იყო ნამზადები ჩემთან შესახვედრად. ერთი სიტყვით, წონის შეცვლით კმაყოფილი ვარ. ღმერთის წყალობით, მომავალშიც მოვიპოვებ გამარჯვებებს. წინ ევროპის პირველობაა, რომლისთვისაც საგანგებოდ მოვემზადები".

დავით ლორიაშვილი: "სამბოში ეს ჩემი პირველი ტურნირი იყო და თან სხვა კატეგორიაშიც ვჭიდაობდი, მაგრამ საბრძოლველად ვიყავი განწყობილი. ძიუდო და სამბო რამდენადმე განსხვავებული სპეციფიკისაა და ცოტა კი გამიჭირდა. ნახევარფინალიც ამიტომ წავაგე მომავალ ჩემპიონთან. მთავარია შრომა და დაუძლეველი არაფერია. ყველანაირად ვეცდები, ჩემი გასაკეთებელი მაქსიმალურად კარგად შევასრულო. მომავალში რომელ სახეობაში დავრჩები, ჯერ არ გადამიწყვეტია. ამ ეტაპზე ორივე სახეობაში მივიღებ მონაწილეობას და რომელიც უფრო მისაღები იქნება, იქ დავრჩები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული