ჭიდაობა. ჭაბუკთა ტურნირები: ლეგენდების პატივსაცემად

AutoSharing Option
ამ უქმეებზე საქართველო ორი დიდი ფალავნის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს - თბილისში, გლდანის ოლიმპიური რეზერვების ეროვნულ სასწავლებელში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის შეჯიბრება ტარდება, ონი კი მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ დავით გობეჯიშვილის ტურნირს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში.

პირველი შეჯიბრება გლდანში ჭაბუკებს შორის იმართება და მასში მონაწილეობას უცხოელებიც მიიღებენ: აზერბაიჯანის და სომხეთის გუნდების ჩამოსვლა გადაწყვეტილია, თუმცა მონაწილეებს ისრაელიდანაც ელოდებიან. ერთ მონაწილეს ბულგარეთიდანაც გამოუთქვამს ჩამოსვლის სურვილი, ოღონდ მასაც თურმე "ქართული" პრობლემა აწუხებს - სკოლიდან თუ გამოუშვეს, ჩამოვა.

გობეჯიშვილის ტურნირი ახალგაზრდებს შორის
ტარდება და უცხოელები იქაც იასპარეზებენ. ონში ჩავლენ გუნდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან, რომელსაც ვლადიკავკაზის გუნდი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გლდანში სალაძის ტურნირის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიებაც იგეგმება - ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელმა გადაწყვიტა, საკადრისი პატივი მიაგოს თავის სახელოვან აღზრდილებს და სპეციალური დაფებით უკვდავყოს მათი წარმატება. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ამას გაუკეთებენ, მიხეილ სალაძე იქნება, ოღონდ ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, რა ფორმით გააკეთებენ ამას - მემორიალური დაფის მსგავსი ნაკეთობა იქნება, ვარსკვლავი გაიხსნება თუ რამე სხვა ფორმით გამოხატავენ ამ მიღწევებს - ორგანიზატორები ამას საიდუმლოდ ინახავენ. ყველაფერი ხვალ, ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე გაირკვევა, როცა სალაძის მსოფლიოს ჩემპიონობის აღმნიშვნელი ეს იდუმალი ძეგლი გაიხსნება.

მომავალ კვირაში კიდევ ერთ ცნობილ ფალავანს, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ ზარიბეგ ბერიაშვილსაც მიაგებენ პატივს. მისი სახელობის ტურნირი თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის 27-29 ოქტომბერს ჩატარდება გლდანში, ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში. უცხოელებს იქაც ელოდებიან და მოსაწვევებიც ბევრგან დაგზავნეს, თუმცა ვნახოთ, ვინ ჩამოვა ამჯერად. ისე კი ამ შეჯიბრებაში სტუმრები ყოველთვის გვყავდა. მაგალითად, შარშან აზერბაიჯანის და სომხეთის გუნდები იყვნენ ჩამოსულები. იმედია, ისინი წლეულსაც გვეწვევიან და შეჯიბრების დონეს კიდევ უფრო აამაღლებენ.

აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა ორივე შეჯიბრება საწყისი ეტაპი იქნება საგაისოდ ნაკრების დასაკომპლექტებლად, რისთვისაც პირველი ნაბიჯები სწორედ ახლა გადაიდგმება.

ბარემ აქვე კიდევ ერთ ტურნირზეც ვთქვათ, რომელიც, ამათგან განსხვავებით, მემორიალია და წლეულს პირველად იმართება - 26 ოქტომბერს ვაკეში, ფალავანთა კლუბში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდული ნაკრების უდროოდ გარდაცვლილი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ადეიშვილის ხსოვნის შეჯიბრება გაიმართება ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბალბოშინი რომ არა, მიშა ოლიმპიადასა და კიდევ 3 მსოფლიოს მოიგებდა
მერაბი გ.
10:19 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული