თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდების მორიგი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ფოტოზე: გივი მაჭარაშვილი
"ბერძენ-რომაელთა"  მსგავსად, ახალგაზრდა "თავისუფლებმაც" დიდი წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ბუქარესტში, თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში. გიორგი გოგშელიძის შეგირდებმა რუმინეთში რვა წონიდან 7 მედალი მოიპოვეს - 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ისიც აღსანიშნავია, რომ ის მერვე მონაწილეც მეხუთეზე გავიდა, ანუ გუნდის რვავე წევრმა მედლისთვის იჭიდავა, ხოლო რვიდან ექვსმა ფალავანმა ნახევარფინალში იასპარეზა. დაგვეთანხმებით, გუნდის გამოსვლა მართლაც მასშტაბურია. ერთადერთი ხინჯი მხოლოდ ისაა, რომ არაა ოქროს მედალი, რაც "ბერძენ-რომაელებს"  3 ჰქონდათ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 64 ქულით მეორეზე გავიდნენ რუსების შემდეგ. ევროპის ვიცე-ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი
(55) და გივი მაჭარაშვილი (96) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) დაეუფლნენ.

დინგაშვილმა შარშან ამავე ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა, ოღონდ მაშინ 50-ში გამოდიოდა, ახლა კი წონაც შეიცვალა და შედეგიც გააუმჯობესა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელ ტომაშ რომანს 10:5 აჯობა, ბელორუს დმიტრი ჰერასიმენკოს წმინდად, 11:0 მოუგო, სომეხ მხითარ გრიგორიანს - 9:2, ნახევარფინალში კი ბულგარელ სალიმ ნაიმ მიკაის 5:5-ზე მოუგო. ფინალში ჩვენებურმა რუს აბაზგაჯი მაგომედოვთან 2:12 წააგო.

მაჭარაშვილიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება ტურნირში და ფინალამდე ასეთი გზა განვლო: სლოვაკი გაბრიელ ტიჟი 10:2 დაჯაბნა, გერმანელი ილია მატუჰინი - 11:1, აზერბაიჯანელი მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი - 5:2. ფინალში მისი მეტოქე რუსთა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი იური ვლასკო აღმოჩნდა, ვისაც დიდი ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

ბრინჯაოსმედალოსანთა ხუთეულიდან თოდუა, სულავა და სიმონია ნახევარფინალში გავიდნენ. თოდუამ იქამდე ებრაელი ვლადისლავ გრიცკო 2:0, მოლდოველი პეტრუ იოვუ 5:0, ხოლო ბელორუსი დზიანის მაქსიმაუ 8:5 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველი ფალავანი თურქთა ევროპის შარშანდელ ფინალისტ სელიმ კოზანთან (ეს ამჯერადაც მეორეზე დარჩა) დამარცხდა - 1:12, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი უკრაინელ იაროსლავ ჰურსკის 5:3 აჯობა.

სულავა ნახევარფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ დავიდ ბაევთან დამარცხდა - 2:13, მანამდე კი ჯერ სლოვაკი იაკუბ სიკორა 11:0 გაანადგურა, ბულგარელ ჯემალ რუშენ ალის კი 11:7 მოუგო. ბრინჯაოსთვის პაექრობაში სულავამ შვეიცარიელ მარკ დიჩეს 17:4 აჯობა.

სიმონია პირველ წრეში ისვენებდა, ტურნირი კი გერმანელი დიმიტრი ბლავაშის ძლევით დაიწყო - 9:3. ჩვენებურს ვერც შვეიცარიელი სამუელ შერერი დაუდგა - 9:1, თუმცა რუსთა მომავალ ფინალისტ ბატირბეკ ჩაკულოვთან 0:11 წააგო. სამაგიეროდ, მისი ჯავრი უნგრელ ბენდეგუზ ტოტზე იყარა, ვისაც დამამშვიდებლის ფინალში ასევე წმინდად, 14:4 მოუგო.

გაფრინდაშვილმა საკვალიფიკაციოში გერმანელი იოჰან კრისტოფერ სტაინფორტი 10:0 გააცამტვერა, მაგრამ მერე აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ მურად სულეიმანოვთან დაძაბულ ბრძოლაში 10:16 დამარცხდა. სამაგიეროდ, სანუგეშოში იყოჩაღა - ბერძენ პავლოს ცოპოუზიდისს 10:0, პოლონელ კამილ რიბიცკის კი 9:5 აჯობა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გაფრინდაშვილმა ლიტველ ანდრიუშ მაჟეიკას 12:1 მოუგო.

ურთაშვილიც მეორე წრეში დამარცხდა თურქ ჰუსეინ მეჰმეტ ციველეკთან - 1:4, მანამდე კი უნგრელი მიჰალი ნაგი 5:3 დაჯაბნა. ბადის ამ ნახევარში ცოტა მონაწილე იყო, რის გამოც ურთაშვილს სანუგეშოში არ უჭიდავია, პირდაპირ ბრინჯაოსთვის იასპარეზა, სადაც პოლონელ კამილ ტომაშ კოციოლეკს 11:5 მოუგო.

ჩვენი გუნდიდან უმედლოდ მხოლოდ გიორგი ხაჩიძე (50) დარჩა, თუმცა ნახევარფინალში ისიც გავიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელი ჰორსტ იუსტინ ლეჰრი 8:8-ზე დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოიცილა გზიდან, მოლდოველ მიჰაილ ლაპის ბევრად უფრო იოლად, 7:0 მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ გიორგი ოკოროკოვთან 0:10 წააგო. სამწუხაროდ, მობილიზება ვერც ბრინჯაოსთვის პექრობაში შეძლო და აზერბაიჯანელ ალიაბას რზაზადესთან იმავე ანგარიშით დამარცხდა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა
50 კგ
1. გიორგი ოკოროკოვი (რუსეთი); 2. რაზვან მარიან კოვაჩი (რუმინეთი); 3. ალიაბას რზაზადე (აზერბაიჯანი), კამილ კერიმოვი (უკრაინა); 5. გიორგი ხაჩიძე (საქართველო).

55 კგ
1. აბაზგაჯი მაგომედოვი (რუსეთი); 2. რობერტ დინგაშვილი (საქართველო); 3. მაჰირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი), სალიმ ნაიმ მიკაი (ბულგარეთი).

60 კგ
1. ურუზბეკ ცომაროვი (რუსეთი); 2. სელიმ კოზანი (თურქეთი); 3. შმაგი თოდუა (საქართველო).

66 კგ
1. დავიდ ბაევი (რუსეთი); 2. ენეს უსლუ (თურქეთი); 3. გიორგი სულავა (საქართველო), ვიდა ჩაბა (უნგრეთი).

74 კგ
1. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი); 2. ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი); 3. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო), ტიგრან მნაცაკანიანი (სომხეთი).

84 კგ
1. გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი); 2. ბატირბეკ ჩაკულოვი (რუსეთი); 3. მექი სიმონია (საქართველო), სარგის ჰოვსეპიანი (სომხეთი).

96 კგ
1. იური ვლასკო (რუსეთი); 2. გივი მაჭარაშვილი (საქართველო); 3. ფეიზულა აკთურქი (თურქეთი), მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (აზერბაიჯანი).

120 კგ
1. მაგომედამინ დიბიროვი (რუსეთი); 2. ჰუსეინ მეჰმეტ ციველეკი (რუსეთი); 3. ზურაბ ურთაშვილი (საქართველო), ალიმაგომედ ალიკმაევი (აზერბაიჯანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული