ზურაბ იაკობაშვილმა რიოს ოლიმპიადისთვის "თავისუფალთა" ნაკრები დააკომპლექტა

AutoSharing Option
ყვარლელი ზურაბ იაკობაშვილი (65) ულან ბატორში დასრულებულ მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირში მეორე ადგილზე გავიდა, რითაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მეექვსე ლიცენზიაა, ანუ ისინი ბრაზილიაში სრული გუნდით გამოვლენ.

მონღოლეთში იაკობაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი 4:1 დაამარცხა წონის კლებით გაწამებული სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ საფარიანი. ჩვენებურმა მეოთხედფინალში ფრანგი იური სიმაკინი 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი დაძაბულ პაექრობაში 5:4 აჯობა ბულგარელ ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვს. ფინალში ჩვენებურმა 1:3 დათმო ამჟამად ბაჰრეინის სახელით მოჭიდავე ადამ ბატიროვთან, თუმცა
იქამდე მისვლით საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.

ულან ბატორში ერთი ლიცენზია ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმაც" მოიპოვეს - რევაზ ნადარეიშვილმა 98 კილოგრამში.

მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი 3:1 დაამარცხა, მერვედფინალში ყირგიზ უზურ ჯუზუპბეკოვს 6:0 მოუგო, პოლონელ რადოსლავ პაველ გრჟიბსკისაც იმავე ანგარიშით აჯობა, ნახევარფინალში კი ჩოქბჯენიდან ორჯერ დაატრიალა შვედი კარლ ფრედრიკს სტეფან შოენი: 4:0. მეორე პერიოდში წრიდან გასვლისთვის 1 ქულა დაკარგა, თუმცა ეს შეგნებული ტაქტიკური სვლა იყო, დროის გასაყვანად გამიზნული. საბოლოოდ, 4:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა, რითაც ოლიმპიადის ლიცენზია ავტომატურად გაინაღდა, ამ არაფრისმომცემ ფინალში კი ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიცკისთან 0:8 დამარცხდა.

ეს ჩვენი "ბერძენ-რომაელებისთვის" მესამე საგზურია. თუმცა ულან ბატორში ლიცენზიის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა რევაზ ლაშხს (59) - ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდა მეორე ბრინჯაოს მფლობელთან, უზბეკ ელმურატ ტაშმურადოვთან.

ულან ბატორში 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგები იაკობ ქაჯაიაც (130) გამოდიოდა, მაგრამ, მოულოდნელად, ნახევარფინალში, ლიცენზიამდე ასე ერთი ხელის გაწვდენაზე ჩინელ ქიან მენთან 1:2 დამარცხდა. ამას ისიც დაემატა, რომ დამამშვიდებელშიც წააგო ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევთან.

მონღოლეთში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილიც (85) ჭიდაობდა და ორი შეხვედრაც მოიგო: პოლონელ დამიან იანიკოვსკისთან 8:3, ხოლო იტალიელ ფაბიო პარიზისთან - 4:3, მაგრამ შემდეგ გერმანელ რამზინ აზიზსირთან 0:7 წააგო და გამოვარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული