სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ოქროლადო - ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
09:52 11-03-2016
ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საჩვენო ოქროს დროც დადგა - 10 მარტს ის 61 კილოგრამში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა და მეორედ გახდა "ბებერი კონტინენტის" გამარჯვებული. საბედნიეროდ, გუშინ ეს ჩვენი ერთადერთი ჯილდო არ ყოფილა - 74 კილოგრამში ბრინჯაოს იაკობ მაქარაშვილიც დაეუფლა.

ამდენად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქრო და 3 ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში მესამეპრიზიორები დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ჩემპიონატი კი ისევ გრძელდება, ხოლო "თავისუფლები" დღეს ამთავრებენ გამოსვლას. ჩვენგან ისევ ორი ფალავანი ჭიდაობს, თან ერთი მათგანი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი გენო პეტრიაშვილია (125).

* * *
ევროპულ თამაშებზე შარშანდელი ინციდენტი რომ არა, ბელორუს ულადუსლაუ ანდრეეუსთან (შეგახსენებთ - მაშინ ორივე მოხსნეს ტურნირიდან), ვინ იცის, იქნებ ხინჩეგაშვილს ზედიზედ მესამედ დაეპყრო ევროპული სარბიელი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გორელი ფალავანი მსოფლიოს მასშტაბით ორი წონის ლიდერია - 57-ის და 61-ის. მოგეხსენებათ, 61 არაა ოლიმპიური კატეგორია. ამიტომ ხინჩეგაშვილი 57-ში რჩება, თუმცა თამაშებამდე წონას არ აკლებინებენ და ყველა შეჯიბრებას 61-ში ჩაატარებს. ორ წონაში მოჭიდავე ფალავნები იშვიათობა არაა, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე სპორტსმენი ორივე წონაში ლიდერობდეს (შეგახსენებთ, რომ ის შარშან 57-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა).

იქნებ ევროპის ჩემპიონატი არაა მსოფლიოს ან ოლიმპიადის სადარი, მაგრამ ქართველ ფალავანს აქაც ძლიერი მეტოქეები ჰყავდა. ამის მიუხედავად, ხინჩეგაშვილმა ძალიან დამაჯერებელად იჭიდავა და კლასით, მომზადებით, ოსტატობით რამდენჯერმე აღემატებოდა სხვებს. მთელი ჩემპიონატი მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და იმდენად ძლიერად იასპარეზა, მეტოქეებს მცირე შანსიც არ მისცა. ტექნიკა იყო, ტაქტიკა თუ სხვა კომპონენტები, ჩვენებური მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

კიდევ ერთხელ უნდა შევნიშნოთ, რომ წლეულს ხინჩეგაშვილის ჭიდაობაში სხვანაირი ასპექტები ჩანს - გაცილებით უფრო გააზრებულად ჭიდაობს, იგრძნობა, რომ უფრო დახვეწილი ფალავანია, ზედმეტს არაფერს გააკეთებს, ნაბიჯს არ გადადგამს ჰაიჰარად და მტკიცედ მიჰყვება კარგად დასახულ გეგმას.

ხინჩეგაშვილმა საფინალო შეხვედრა ნახევარფინალში გადაიხადა აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგებ ჰაჯი ალიევთან. ეს შეხვედრა სავსებით სამართლიანად მოინათლა ნაადრევ ფინალად, რადგან შარშანდელი სეზონის მსოფლიოს ორი ჩემპიონი დადგა ერთმანეთის პირისპირ. თან ძალიან საინტერესო ის იყო, რომ სხვა წონიდან გადმოსული საჩემპიონო შარავანდედს ეცილებოდა მასპინძელს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძოლაში ხინჩეგაშვილი რამდენიმე თავით აღემატებოდა ასეთ ძლიერ კონკურენტს, რომელიც ყველაფერში დაჯაბნა. ამ შეხვედრას უმალ გამოეხმაურა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტი, რომელმაც საგანგებო წერილიც მიუძღვნა ამ პაექრობას ასეთი სათაურით: "მსოფლიოს ჩემპიონთა ბრძოლაში ხინჩეგაშვილმა გაიმარჯვა".
იხილეთ ვიდეო:
ხინჩეგაშვილი-ალიევი
Sportall.Ge

ჩვენი ფალავანი ამ შეხვედრაში თითქოს შეტევაზე დიდი ძალებით წასვლას ერიდებოდა და უფრო მკაცრ დაცვაზე იყო ორიენტირებული. არა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაცვაში ნამდვილად არ იდგა, არამედ ცდილობდა, შეცდომა არ დაეშვა. ამიტომ ალიევს წარმატებით დაუბლოკა ფეხში შესვლის ყველა მცდელობა, რის წინააღმდეგაც ეფექტური კონტრილეთი შეიმუშავა - გაქცევის ნაცვლად ზევიდან აწვება მეტოქეს, რამაც ალიევთანაც და სხვებთანაც რამდენჯერმე მოუტანა წარმატება.

ფეხიდან მისი აყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ხოლო თუ მაინც გაუშვა ეს ეპიზოდი, ძალიან ხშირად წარმატებით ახერხებს გაქცევას. ალიევმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მისი აყვანა და ისიც მეორე პერიოდში, თუმცა ხინჩეგაშვილმა ანგარიშიც იოლად გაუქვითა; როცა დასჭირდა, ღონითაც აჯობა და წრიდანაც განდევნა, თავად კი ხაზის კიდესთან მისული მშვენივრად გაექცა... ერთი სიტყვით, ყველა კომპონენტში დაჩაგრა ეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კაცი და გამარჯვება ერთი წამითაც არ გაუხდია საეჭვო.

ალიევთან გამარჯვების შემდეგ ფინალში ბელორუს ჰეორჰი კალიეუსთან მოგება ქართველს, უბრალოდ, ევალებოდა და იოლადაც მოიგო - 6:1. ის ერთი ქულაც ბოლოს დაუთმო, უფრო ტაქტიკურად, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, თორემ ჩვენებური რამხელა უპირატესობასაც აზერბაიჯანელთან ფლობდა, ისე დომინირებდა ბელორუსთანაც.
იხილეთ ვიდეო:
ხინჩეგაშვილი-კალიეუ
Sportall.Ge

ამდენად, ხინჩეგაშვილმა სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე.

თუმცა, თავიდან, როცა შედარებით სუსტებს ხვდებოდა, ხინჩეგაშვილი ჩვეულ შემტევ სტილშიც ჭიდაობდა და მაკედონიელ იასინ რეჯალარის 2 წუთში 10:0 მოუგო, 23-წლიანებში სომეხთა ევროპის ჩემპიონ ვალოდია ფრანგულიანს კი 5:0 აჯობა.

მაქარაშვილის პირველი მედალი
მაქარაშვილმა თავის კარიერაში პირველად მოიპოვა ოფიციალური მედალი. არადა, ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტთან, ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვთან და მოგვიანებით გადაერთო სანუგეშო წრეში.

იქ ორივე შეხვედრა სუფთად მოიგო - უკრაინელთა ქართველი ევროპის პრიზიორი გია ჩიხლაძეც და დამამშვიდებლის ფინალში ბულგარელი მიროსლავ კიროვიც ერთნაირი ანგარიშით, 10:0 დაამარცხა.

ზოგადად, ტურნირს რაც შეეხება, გუშინდლიდან აღსანიშნავია რუსთა კრახი - ორი წონიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

დღეს პეტრიაშვილს ველოდებით
დღეს გენო პეტრიაშვილი და დავით ტლაშაძე (70) იჭიდავებენ, თუმცა პეტრიაშვილს სასტიკად არ გაუმართლა - პირველივე წრეში თურქთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს ხვდება.

თუმცა ამ შეხვედრაზე მწვრთნელები ოცნებობდნენ კიდეც - ჩვენი ფალავანი მას ჯერ არ შეხვედრია. არადა, აინტერესებდათ, ოლიმპიადამდე სადმე ეჭიდავათ ერთმანეთში, რათა ალღო აეღო მისი სტილისთვის. მოკლედ, მედალს მეორე მხარეც აქვს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

თუმცა თურქი არაა ჩვენი ერთადერთი სადარდებელი - ბადის ამავე ნახევარშია რუსი ევროპის პრიზიორი, ოღონდ ქვედა წონაში ვლადისლავ ბაიცაევი, უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი ალენ ზასეევი, საკმაოდ ძლიერი გერმანელი ნიკ მატუჰინი, უნგრელი დანიელ ლიგეტი და აზერბაიჯანელთა მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ჯამალედდინ მაგომედოვი (პეტრიაშვილი შარშან მსოფლიოზე სწორედ მასთან დამარცხდა). ფაქტობრივად, ყველა ლიდერი ამ ნახევარშია თავმოყრილი.

ტლაშაძე პირველ წრეში ფინელ პეტერი იოჰანეს მარტიკაინენს ხვდება, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ბერძენ ანდრეას ტრიანტაფულიდისსა და ბულგარელ ნიკოლაი კურცევს შორის მოგებულს გაეჯიბრება.

შაბათ-კვირას ევროპის ჩემპიონატში უკვე "ბერძენ-რომაელებიც" ჩაებმებიან.

ჭიდაობა. თავისუფალი სტილი. ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები
61 კგ
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2. ჰეორჰი კალიეუ (ბელორუსი)
3. ივან გუიდეა (რუმინეთი)
ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

74 კგ
1. სონერ დემირტაში (თურქეთი)
2. ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3. იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)
ზაურ მაკიევი (რუსეთი)

ქალები
55 კგ
1. ირინა ოლოგონოვა (რუსეთი)
2. ტატიანა კიტი (უკრაინა)
3. რამონა გალამბოსი (უნგრეთი)
როქსანა მარია ზასინა (პოლონეთი)

75 კგ
1. იასემინ ადარი (თურქეთი)
2. ალენა სტაროდუბცევა (რუსეთი)
3. ვასილისა მარზალიუკი (ბელორუსი)
ალა ჩერკასოვა (უკრაინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჯანო ჯანდიერი
15:05 11-03-2016
გენოც და ტლაშაძეც ფინალში არიან!!ჯიგრები ხართ! ორი ოქროს მედალი რას გაასწორებს!:-)
irakli Apkhaidze
14:51 11-03-2016
გილოცავთ ხალხნო, დრეს ორი ფინალისტი გვყავს, გენოც ფინალშია და დავით ტლაშაძეც!!! გენომ ყველა ფავორიტი დაამარცხა...