გურამ საღარაძე - "მაზანდარანელი ვეფხვის" რაჭველი მომთვინიერებელი

AutoSharing Option
უფროსი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ ირანული ფილმი "მაზანდარანელი ვეფხვი", რომელშიც ცნობილი სპარსი ფალავნის, მელბურნის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულისა და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონის იმამ ალი ჰაბიბის ცხოვრებაა ასახული აღმოსავლური ფილმებისთვის დამახასიათებელი თითქმის დაუჯერებელი ეპიზოდებით, თუნდაც იმ ფაქტით, რომ ჰაბიბი შიშველი ხელებით ჯიქსაც კი ახრჩობს.

იგი მაზანდარანის პროვინციიდან იყო და მადლიერმა ქომაგებმა "მაზანდარანელი ვეფხვი" შეარქვეს...

წორედ ეს სწორუპოვარი ფალავანი ეწვია ირანის ნაკრებთან ერთად 1962 წელს საბჭოთა კავშირს. სპარსმა მორკინალმა, რომელმაც "ჭიდაობის პროფესორ" ვახტანგ ბალავაძეს 1959 წელს წაართვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ტრიუმფით მოიარა მოსკოვი და
მინსკი. ერთი ამოსუნთქვით დაუმარცხებია საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონები - ალიმბეკ ბესთაევი, მიხაილ ბეკმურზოვი, გარსევან ნებიერიძე, მინსკელი გორბატენკო.

თბილისში ელვის სისწრაფით გაირბინა ინფორმაციამ - ცირკის არენაზე ჰაბიბიმ უნდა იჭიდაოსო. იმდენმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რომ იარუსებზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არსად იყო. ქომაგებმა არ იცოდნენ, ირანელ ლეგენდას, რომელსაც ოვაციებით შეხვდნენ, ვის დაუპირისპირებდნენ. ახალგაზრდა გურამ საღარაძის გვარის გამოცხადებისას მაყურებელთა რიგებს უკმაყოფილების ტალღამ გადაურბინა.

"ქომაგთა ამგვარმა რეაქციამ ჩემზე დადებითად იმოქმედა, - იტყვის მოგვიანებით ქართველი ფალავანი, - გავბრაზდი და საბრძოლველად განვეწყვე, რომ ყველასთვის მეჩვენებინა, არც ისე ხელწამოსაკრავი მოჭიდავე ვიყავი. ირანელი კი, პირიქით, გულშემატკივართა განწყობამ აცდუნა - ეტყობა, იფიქრა, მეტოქეს იოლად მოვერევიო".

კარალეთური სარმა
მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობის ანაბანას ჭაბუკობისას ეზიარა. არც იყო გასაკვირი: მამამისი - ამბროლაურის რაიონის სოფელ პატარა ონის მკვიდრი რევაზ საღარაძე - კარგ ოსტატად ითვლებოდა, ბიძა - იორამ საღარაძე კი ერთხანს საკავშირო ნაკრების წევრიც კი გახლდათ. სწორედ ბიძამ წარუდგინა იგი თავის მწვრთნელ შალვა ნოზაძეს. არადა, ბავშვობიდან ჯანმრთელობითა და აღნაგობით არ გამოირჩეოდა.

15 წლისამ ორგანიზმის გასაკაჟებლად მაშინდელ კიროვის ბაღში ტანვარჯიშის დარბაზს მიაშურა. წელიწადზე მეტი ივარჯიშა, პირველი თანრიგის ნორმატივიც შეასრულა და ის იყო, საქალაქო პირველობისთვის ემზადებოდა, იორამმა ჭიდაობაზე სიარული რომ ურჩია. ხათრი ვერ გაუტეხა ბიძას და მასთან ერთად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "კუპალნიის" ორსართულიან დარბაზს ეწვია.

შალვა ნოზაძე იქ აფრთიანებდა ჩემპიონებს. გამოცდილ სპეციალისტს თვალში მოუვიდა ყმაწვილი. მეორე დღიდანვე გულმოდგინედ დაიწყო მისი გამოძერწვა. შეგირდიც მალე შეეჩვია ხალიჩას.

- კარალეთი ჩემი დედულეთია, - მითხრა ბატონმა გურამმა, - ერთხელ მე და მამა იქ მაისობაზე ჩავედით. სოფლის ნახერხმოყრილ სარბიელზე მოშვილდულ ბიჭებს ბუღი დაეყენებინათ. მამამ შემაგულიანა - იჭიდავეო. არც დავფიქრებულვარ, ისე შევედი წრეში.

ის იყო, მეტოქეს ჩოხაში ჩავავლე ხელი, რომ მან უეცარი სარმით ბეჭებზე დამცა. სიმწრის ოფლმა დამასხა, მიწა გამსკდომოდა, მერჩია. არ მახსოვს, სახლამდე როგორ მივედი. მართალია, მაშინ ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ის მარცხი ჩემთვის ჭკუის სასწავლი გაკვეთილი გამოდგა...

თბილისში დაბრუნების შემდეგ მეტი მონდომებით დაიწყო ფანდების დამუშავება. თანატოლთა ტურნირებში მონაწილეობასაც მოუხშირა. ჯერ ჭაბუკთა თბილისის პირველობა მოიგო, მერე ბათუმში საქართველოს ჩემპიონი გახდა, საკავშირო პირველობის პრიზიორმა ჰელსინკში ახალგაზრდულ ფესტივალში გაიმარჯვა, მაგრამ გული მარტო ხალიჩისკენ როდი მიუწევდა - წიგნი იყო და დარჩა სახელოვანი ფალავნის მუდმივ თანამგზავრად.

ვინც ამ ტიტულოვან სპორტსმენს ახლოს იცნობს, აუცილებლად დამემოწმება. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ბატონმა გურამმა დედაქალაქის ვერისუბნის ვაჟთა მე-8, იგივე "დობრი მიშკას" სკოლა (დირექტორი მიხეილ სიხარულიძე) ვერცხლის მედალზე დაამთავრა (სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი პედაგოგი იყო ცნობილი თამადა და საზოგადო მოღვაწე სიმონიკა სხირტლაძე) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი გახლდათ.

დიდი ჭიდაობის კარიბჭის ზღურბლზე რომ უნდა გადაებიჯებინა, სწორედ მაშინ ეწვია თბილისს სპარსი ფალავანი.

Sportall.Ge- იმამ ალი ჰაბიბი ჩემთვისაც ისეთივე ლეგენდა იყო, როგორიც მილიონობით გულშემატკივრისთვის, - იხსენებს ბატონი გურამი, - თბილისში მის წინააღმდეგ ვახტანგ ბალავაძეს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ბატონი ვახტანგი შეუძლოდ იყო და საკავშირო ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიაკინმა ეს მისია მე დამაკისრა, თან შემაგულიანა - თუ სძლევ, მომავალი წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატებისკენ გზა ხსნილი გექნებაო.

იმ წელიწადს ნაკრებში ბეკმურზოვი იყო პირველი, რომელიც პრიზიორებში ვერ მოხვდა. ორთაბრძოლის მოსაგებად მოტივაცია მომემატა, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობის ფსიქოლოგიური წნეხიც მთრგუნავდა.

მსაჯის ნიშანზე უმალ ვეკვეთე მეტოქეს, ორი ქულა ავართვი. "მაზანდარანელი ვეფხვი" უცნობი მოჭიდავისგან ასეთ სითამამეს აშკარად არ ელოდა. შედრკა. ამით ვისარგებლე და კიდევ ორი ქულით გავზარდე ანგარიშში სხვაობა.

მერე ირანელი სამჯერ გადავიყვანე ჩოქბჯენში და 6:2 რომ დავწინაურდი, ისე მოვიქანცე, ჰაბიბის სახესაც ვეღარ ვარჩევდი. ის კი კლდესავით იდგა და მიტევდა. ეტყობა, მთელი ძალა ორთაბრძოლის პირველ წუთებს შევალიე. ოლიმპიურ ჩემპიონს კი იმდენი ენერგია შერჩენოდა, ალბათ, სამი ჩემნაირის დასამარცხებლად ეყოფოდა. საამისოდ ფიზიკური მონაცემებიც ჰქონდა და ტაქტიკაც. ვგრძნობდი, ქულებით თანდათან მეწეოდა.

გონგის ხმა არც გამიგია. პაექრობის დამთავრებას მხოლოდ დარბაზის რეაქციით მივხვდი. ბედნიერი ვიყავი იმ გამარჯვებით. ჰაბიბისთან ის ერთი შერკინება ჩემთვის მთელი სკოლა იყო, რადგანაც მაშინ ბევრი რამ ვისწავლე...

დიახ, ისწავლა, როგორ ეჭიდავა ლამაზად, როგორ გაენაწილებინა ძალები, როგორ მოეხიბლა გულშემატკივარი. ამიტომაც შენიშნავს მსოფლიოს ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი ვლადიმირ სინიავსკი, რომ "მას არ უყვარდა მოსაწყენი, ძალისმიერი ჭიდაობა. მისი სტიქია იყო მოულოდნელი იერიში, აფეთქება. ძლიერი და ლამაზი მოჭიდავე გახლდათ გურამ საღარაძე".

ჰაბიბისთან გამარჯვების შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველ ფალავანს მეტი ყურადღება მიაქციეს ნაკრების მწვრთნელებმა და გზაც გაიკაფა საერთაშორისო სარბიელისკენ. სპორტსაზოგადოება "დინამოს" და "ბურევესტნიკის" წევრმა 1962-1969 წლებში თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია: 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა, მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ ოქროს (1963, 1965) და ამდენჯერვე ვერცხლის (1966, 1967) ჯილდო მოიპოვა, 1965 წლის ევროპის ჩემპიონს 1968-1969 წლებში კონტინენტის პირველობებზე "ბრინჯაოები" ერგო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამჯერ (1964-1966) გაიმარჯვა, ექვსჯერ საერთაშორისო ტურნირების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ დავით გობეჯიშვილის აღმზრდელი, დაჯილდოებულია ორჯერ ფილას, ასევე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენებით. თბილისის საპატიო მოქალაქე ამჟამად ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" და ვეტერან მოჭიდავეთა კავშირის თავმჯდომარეა.

ოგანის ხრიკები
სპორტული კარიერის განმავლობაში ქართველ ფალავანს მრავალი მეტოქე და მათთან შეხვედრა დაამახსოვრდა, თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებით შემორჩა მის მეხსიერებას - თურქი ისმაილ ოგანი, რომელმაც ეშმაკობით აჯობა და 1964 წელს ოლიმპიური "ოქრო" აართვა.

პირველად მათი გზები 1963 წელს სოფიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიკვეთა. მაშინ თურქი რომის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი იყო. საჭიდაოდ ტანზე ზეთის თხელფენაწასმული გადიოდა. რომ გაოფლიანდებოდა, მეტოქეები ხელის ჩავლებას ვერ ახერხებდნენ.

- იტალიელმა მსაჯმა ოგანს პირსახოცით რამდენჯერმე შეამშრალებინა ტანი, მაგრამ შენიშვნა არ მიუცია, არც იმისთვის გაუფრთხილებია, რომ ჭიდაობას გაურბოდა. თურქი იმედოვნებდა, რომ ჩემთან ფრედ დამთავრებული შეხვედრით ჩემპიონი გახდებოდა. არაფერი გამოუვიდა - ყველა მეტოქე დავამარცხე და პირველი ადგილი დავიკავე. თავად კი ბულგარელ პეტკო დერმენჯიევთან წააგო და მესამე ადგილს დასჯერდა. ვერცხლი ბულგარელს ერგო.

სამაგიეროდ, ოგანმა ეშმაკობით ტოკიოს ოლიმპიადაზე მაჯობა. იგი იაპონიის დედაქალაქშიც გაურბოდა ჩემთან ორთაბრძოლას, რადგან იცოდა, პაექრობის ფრედ დამთავრების შემთხვევაში "ოქრო" მას დარჩებოდა. საქმე ის არის, რომ ოგანთან შეხვედრამდე ინდოელ მათხო სინგხს დავუპირისპირდი. 30 ქულა ავართვი, მაგრამ სუფთაზე ვერა და ვერ დავაწვინე.

გონგამდე, როგორც იქნა, ხიდზე შევაყენე და ერთ მომენტში აზიელი ბეჭებითაც შეეხო ხალიჩას. შუამავალმა მსაჯმა ტუშე დააფიქსირა და მხარზე ხელი დამკრა, ადექიო. მეც შევეშვი მეტოქეს. გვერდითი მსაჯი არ დაეთანხმა რეფერის და მხოლოდ ქულებით გამარჯვება მომცეს. ამ ჩემი პაექრობისას ოგანი თურმე ორთქლის აბანოში იჯდა და წონაში იკლებდა.

ფინალში ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ფანდი არ ჩამეტარებინა. არბიტრებმა არც აქ მისცეს გაფრთხილება. ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, ვინაიდან ყველა მაჩვენებელი ერთნაირი გვქონდა, ორივე აგვწონეს. თურქი ჩემზე 400 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა და ოლიმპიადის ჩემპიონიც ის გახდა, მე ვერცხლის მედალს დავჯერდი. მესამეზე ირანელი მოჰამად ალი სანატკარანი გავიდა.

-1965 წლის მსოფლიოზე არ შეგხვედრიათ?
- არა. მანჩესტერში, სადაც ევროპის ჩემპიონიც გავხდი, მეორე ადგილი 1961 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სანატკარანმა დაიკავა, მესამე იყო იაპონელი იასუო ვატანაბე.

- ბატონო გურამ, თქვენი საყვარელი ფანდი?
- უფრო ქალაქური სტილის მიმდევარი ვიყავი - ძირითადად ფეხში შესვლა მიყვარდა. დიდი სუნთქვით არ გამოვირჩეოდი, ამიტომ ენერგიას ვანაწილებდი. ზოგჯერ "წისქვილსა" და "ვერტუშკას" ვიყენებდი.

- როგორ ფიქრობთ, ნაადრევად ხომ არ დაასრულეთ საჭიდაო კარიერა?
- მართალია, 1968-1969 წლების ევროპის ჩემპიონატებზე პრიზიორი გავხდი და ორი-სამი წელიწადი კიდევ შემეძლო ჭიდაობა, მაგრამ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონისთვის საპრიზო ადგილები აღარ იყო საინტერესო, მოტივაცია მაკლდა. როცა ხედავ, ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის, გზაზე არ უნდა გადაეღობო. თან დიდი ხნით საწვრთნელ შეკრებებზე რომ მივდიოდი, ნოსტალგია მეძალებოდა. ამიტომაც მიკვირს, დღეს ახალგაზრდები ასე იოლად რომ ელევიან სამშობლოს.

ჩვენც არ გვილხინდა მაშინ, მაგრამ საბნის სიგრძეს ვჯერდებოდით. პატრიარქის სამება უნდა გვახსოვდეს ყველას - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ახალგაზრდებს აღზრდა სჭირდებათ.

- თქვენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ბრძანდებოდით...
- დიახ, მგონი, ორი წელიწადი ვედექი ნაკრებს სათავეში. კარგი ბიჭები აღმოვაჩინე - გობეჯიშვილი, მაკასარაშვილი, გიგაური, სხვებიც იყვნენ. მახსოვს, ყვარლის მოზარდთა ტურნირზე ვნახე პირველად დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი, მომეწონა მათი ჭიდაობა და ორივეს დიდი მომავალი ვუწინასწარმეტყველე. საბედნიეროდ, არ შევმცდარვარ.

გობეჯიშვილი ფალავანთა კლუბში რომ მივიყვანე, ზოგიერთ მწვრთნელს გაეცინა - ამ აწოწილი ბიჭისგან რა მოჭიდავე უნდა დადგესო. არადა, როგორი ფალავანი დადგა. შრომისმოყვარე იყო. ერთხელ რომ ვუთხარი, ალი ალიევი ფუთიანი გირებით ბაგირზე ათჯერ მაინც აცოცდება შეუსვენებლად-მეთქი, გულში ჩაიხვია ეს ნათქვამი და იმდენი ქნა, რომ ორფუთიან გირას ჩამოიკიდებდა და ბაგირზე ოცჯერ აცოცდებოდა და ჩამოცოცდებოდა შეუსვენებლად. ძალიან ძლიერი იყო - ბარსელონაშიც უნდა გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი.

უპირველეს ყოვლისა
- საქართველოში ჭიდაობის დღევანდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- ცუდად ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ სამამულო სპორტის მდიდარი ტრადიციები მეტს გვავალებს. ჭიდაობას მეტი ყურადღება სჭირდება. უპირველესად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურაა ძირფესვიანად შესაცვლელი. ჩვენი ფალავანთა კლუბი დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს, რომ არაფერი ვთქვათ პერიფერიების ამორტიზებულ დარბაზებსა და ინვენტარზე.

რამდენჯერმე ვიყავი დაღესტანში. იქ თითქმის ყველა აულში აქვთ კეთილმოწყობილი დარბაზები; თეირანში არის ერთი დიდი სახლი - უჩვეულო მრგვალი ფორმის, "ზურ-ხანე" ჰქვია, სპეციალურად მოჭიდავეებისა და ძალოსნებისთვის აშენებული. ქართველმა ფალავნებმა საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული გამარჯვებებით, დიდი ხანია, დაიმსახურეს - თბილისში ჭიდაობის სასახლე ჰქონდეთ. ჭიდაობა საქართველოში ქვეყნის სადარბაზო ბარათად უნდა იქცეს.

კახა გეწაძე ჭიდაობის ფედერაციის წარმატებული პრეზიდენტი იყო, კარგადაც უძღვებოდა საქმეს, მაგრამ ვიღაცების გავლენის ქვეშ მოექცა და სწორ გზას გადაუხვია. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, ეს არ მომეწონა და ფედერაცია დავტოვე. მერე იქ ყველაფერი აირია. ბოლო დროს სიტუაცია თითქოს დალაგდა, მაგრამ რატომღაც ფედერაციაში ორხელისუფლებიანობას ვამჩნევ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. ახლა გვინდა ყველაზე მეტად სტაბილურობა, ერთიანობა და გვერდში დგომა, რადგან რიოს თამაშები კარს არის მომდგარი. არადა, ჯერ კიდევ ლიცენზიები გვაქვს მოსაპოვებელი. მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები ოლიმპიადაზე მედლების მოსაპოვებლად არაფერს დაიშურებენ.

- ცნობილია, რომ გურამ საღარაძე თამადობითაც არის განთქმული...
- (ეცინება)... ამ სიბერეში მეტი რაღა დამრჩენია. მალე 77-ისა მოვიყრები. კარგი თარიღია - ორი შვიდიანისგან შედგება. უწინდებურად მიყვარს ქეიფი და დროსტარება, ოღონდ ეს არის, ძველებურად ვეღარ ვცლი ჭიქებს, სამაგიეროდ, ლხინისას ესტრადაზეც ავდივარ და ვმღერი, გიტარაზეც ვუკრავ. გამოხტომებს ვერ ვიტან მხოლოდ - თუ სვამ, უნდა შეირგო კიდეც, ღვინომ სიყვარულს არ უნდა გადასძალოს.

- თქვენი საყვარელი სადღეგრძელო...
- უფალი და საქართველო, უპირველეს ყოვლისა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული