გაცვლის გიორგი ედიშერაშვილი ქართულ დროშას აზერბაიჯანულზე?

AutoSharing Option
მიმდინარე კვირის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბად თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონ გიორგი ედიშერაშვილის (57) აზერბაიჯანში გადასვლა იქცა, თუმცა, როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ლომიძემ გვითხრა, ჯერჯერობით ეს საკითხი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი.

ცნობა ედიშერაშვილის აზერბაიჯანში გადასვლის შესახებ გასული კვირის ბოლოს გახმოვანდა, როცა მისი გვარი სტამბოლში გამართული იაშარ დოგუს მემორიალში აზერბაიჯანელთა გუნდის შემადგენლობაში გაჩნდა. ამის შესახებ წერდნენ უცხოური საიტებიც, თუმცა ამასობაში ედიშერაშვილი სტამბოლშიც გამოვიდა და ბრინჯაოც მოიპოვა.

ედიშერაშვილი ევროპის ჩემპიონი 2013 წელს თბილისში გახდა, როცა საქართველომ ამ პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა. მაშინ
მან ფინალში ბელორუსი ულადისლაუ ანდრეეუ დაამარცხა, მაგრამ მოგვიანებით, შემოდგომაზე, მოსკოვში გამართულ "ევროპის ეროვნებათა თასზე" ჭიდაობისას დოპინგის მოხმარება დაუმტკიცეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ახლა ეს ვადა გავიდა და ფალავანი სწორედ ამას იყენებს - ორი წლის განმავლობაში მას საქართველოს სახელით არ უჭიდავია, ანუ არ ირღვევა მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებული რეგლამენტი. შესაბამისად, არც წასვლაზე სჭირდებოდა ჩვენი ფედერაციის ნებართვა, თუმცა, როგორც ლომიძემ გვითხრა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი მინსკის ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ დაელაპარაკება სპორტსმენს და ეცდება, საქართველოს ნაკრებში დარჩენაზე დაიყოლიოს.

ლომიძემ ისიც დაამატა, რომ ედიშერაშვილის გადასვლა ჯერ გადაწყვეტილი არაა.

ცხადია, ქართველ ფალავანს ოლიმპიადაზე მოხვედრის სურვილი ამოძრავებს, ამის შანსი კი საქართველოში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან კონკურენციაში ნაკლებია, მაგრამ საკითხავია, აზერბაიჯანში რამდენად აქვს ამის გარანტია? თუმცა, საქართველოსთან შედარებით, იქ ოდნავ მეტი შანსი ნამდვილად უჩანს.

დღეს აზერბაიჯანელებს ამ წონაში საკადრო პრობლემები აქვთ, თუმცა ჰყავთ რამდენიმე სტაჟიანი ფალავანი - გალიბ და იაშარ ალიევები, მახირ ამირასლანოვი, ოღონდ ამათგან მხოლოდ იაშარ ალიევია ევროპის პრიზიორი, სხვები კი ამითაც ვერ მოიწონებენ თავს. თუმცა არაა გამორიცხული, ამ კონკურენციას ჰაჯი ალიევიც დაემატოს, ვინც ამათში ყველაზე უფრო ტიტულოვანია - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ოღონდ - 61 კილოგრამში, რომელიც არაოლიმპიური წონაა. ამიტომ მოსალოდნელია, ქვედა წონაში ჩამოინაცვლოს და აქ სცადოს ოლიმპიადის საგზურის მოპოვება, ოღონდ ერთიცაა - დეკემბერში მას არ უჭიდავია აზერბაიჯანის ჩემპიონატში. სამაგიეროდ, იქ ამირასლანოვმა გაიმარჯვა, რომელიც დოგუს ტურნირზე მესამე იყო.

როგორც ვხედავთ, ანკარაში აზერბაიჯანელთაგან ამ წონაში ყველაზე უკეთ ის და ედიშერაშვილი გამოვიდნენ. ეტყობა, ჩვენებური იმედოვნებს, რომ მისი კონკურენციის დაძლევა შეუძლია...

ედიშერაშვილს ვერც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს ახალი კოდექსი შეუშლის ხელს, რომლის თანახმადაც, დოპინგის გამოყენების პირველივე შემთხვევა 4 წლამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. მართალია, ის სპორტსმენს თავის გასამართლებლად ბევრ გზასაც უტოვებს, მაგრამ ძალაში 2015 წლის დადგომიდან შევიდა და მანამდე დასჯილებზე აღარ ვრცელდება.

იმედია, ედიშერაშვილის საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. მართალია, 57 კილოგრამში წონის გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს - ხინჩეგაშვილი ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ რეიტინგში ისევ ინარჩუნებს პირველ ადგილს, ახალგაზრდებშიც ბევრი ნიჭიერი ფალავანია, მაგრამ კონკურენცია ზედმეტი არასოდესაა.

ალმეევას ნათლობა
ვიდრე ედიშერაშვილი საქართველოდან მიდის, რუსეთში მცხოვრები ლიანა ალმეევა ისტორიულ სამშობლოში გვიბრუნდება. ის რუსეთში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს პასპორტიც აქვს, მამით მაჭარაშვილია, მაგრამ კარიერის ასაწყობად დედის გვარით ჭიდაობს.

საქართველოს ნაკრებში მისი ნათლობა 18-19 თებერვალს მინსკში, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის თასზე შედგება, სადაც პირველად იჭიდავებს ჩვენი სახელით. ვარაუდობენ მის გამოყვანას ევროპის ჩემპიონატზეც, რომელიც 8-13 მარტს რიგაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ იმავე ტურნირზე ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც გამოვა თითქმის უძლიერესი შემადგენლობით, მხოლოდ ტრავმირებული მძიმეწონოსანი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი დააკლდება. ჩვენი ნაკრები ახლაც მინსკშია და ერთობლივ შეკრებას ატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავ, ქართველები მეხილა ყველა ქვეყნის ნაკრებში და მსოფლიო ფორუმებზე მხოლოდ ქართველები გამოდიოდნენ ყველა სპორტში ყველა ქვეყნის სახელით!
ნოდარი
07:08 13-02-2016
0
რატომ ვეხვეწებით ამ კაცს ?? წავიდეს და იჭიდაოს აზერების სახელით. ან ასე ხვეწნა-მუდარით დატოვებული სპორტსმენი რაში გვჭირდება და რა შედეგი უნდა მოგვიტანოს
georgian
18:37 12-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული