საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მინსკში შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე გადის შეკრებას. ეს მათთვის სეზონის რიგით მეორე საწვრთნელი ეტაპია, პირველი კი ბაკურიანში გაიარეს, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმო.

მინსკში წასვლა ჩვენებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა პრიორიტეტული - საშუალება მიეცათ, ერთობლივ ვარჯიშებში ჩაბმულიყვნენ, ამ შეკრების დასრულებისთანავე კი - 18-19 თებერვალს მინსკშივე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის თასზე გამოვლენ.

წინასწარი მონაცემებით, ეს საკმაოდ ძლიერი ტურნირი იქნება, სადაც მასპინძლები ხომ გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავებენ, იქვე აპირებს გამოსვლას რუსეთის ნაკრები. თუმცა ის, ძირითადად,  იმ
ფალავნების ჩაყვანას აპირებს, რომლებიც ტრავმის გამო აქამდე ვერ ვარჯიშობდნენ და ახლა უნდა შეუდგნენ ოლიმპიადისკენ მიმავალ გზას.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა მინსკში 17 სპორტსმენი წაიყვანა. მათ შორის - უკლებლივ ყველა ლიდერი, დავით მოძმანაშვილის (125) გარდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონი ტრავმის გამო ევროპის პირველობასაც გამოტოვებს. სავარაუდოდ, იქ მის ნაცვლად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს.

ახლა, როგორც ჩვენი ნაკრების, ასევე სხვა ევროპული გუნდების მთავარი საზრუნავი სწორედ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც წლეულს შედარებით ადრე, 8-13 მარტს რიგაში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული