ბაქოს ტურნირი ჭიდაობაში: დიდი ბრძოლები დიდი პრიზისთვის

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, ბაქოს სპორტის სასახლეში მოჭიდავეთა ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი იწყება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

მოგეხსენებათ, ამ რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობა მკაცრად რეგლამენტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს მედალოსნებს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, ეს წესი რუსებსა და აზერბაიჯანელებზე არ ვრცელდება.

ჩვენ ერთი კაცის შესაცვლელად - მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57) ნაცვლად ოთარ გოგავა რომ გაგვეყვანა, მთელი პროცედურების გავლა, დასტა-დასტა საბუთების წარდგენა და კვირობით ლოდინი დაგვჭირდა. საბოლოოდ ამის უფლება დაგვრთეს და დღეს გოგავასთან ერთად ევროპული თამაშების
ვიცე-ჩემპიონები - ბექა ლომთაძე (61), ელიზბარ ოდიკაძე (97) და ბრინჯაოსმედალოსნები: ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილიც (125) იჭიდავებენ.

გოგავა პირველ შეხვედრას თურქ საიგინ პისმიოღლუსთან გამართავს, მოგების შემთხვევაში კი ყირგიზ ულუკბეკ ჟოლდობეკოვსა და მონღოლთა მსოფლიოს პრიზიორ ბეკბაიარ ერდენებატს შორის მოგებულს შეხვდება. ამ წონაში წილისყრა ცუდად გაეხუმრა ფავორიტებს - მასპინძელთა ჯილა, ევროპის პრიზიორი იაშარ ალიევი და რუსთა ჩეჩენი ოლიმპიური ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვი თავშივე ერთმანეთთან დააწყვილა.

პირველ წრეში სუსტი მეტოქე ერგო ლომთაძეს - ამერიკელი კრის დარდანესი. სამაგიეროდ, შესაძლოა, მეორე წრეში გასული მასპინძელთა ბოლო ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებ ჰაჯი ალიევს გადაეყაროს - ცხადია, ამან იაპონელ შინგო არიმოტოს თუ მოუგო. ჩვენებურს ძლიერი ჯგუფი ერგო - ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან რუსთა ბურიატი ევროპული თამაშების მომგები ალექსანდრ ბოგომაევი, ვისთანაც ლომთაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზეც წააგო და მერე - ევროთამაშების ფინალშიც, და ძლიერი აზერბაიჯანელები - გალიბ ალიევი და ახმედნაბი გვარზატილოვი.

ყველაშვილი პირველ წრეში ირანელ რეიმან იარამადის დაეჭიდება, წარმატების შემთხვევაში კი უზბეკ რაშიდ კუზბაროვსა და თურქ ევროპის მედალოსან სონერ დემირტაშს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამინაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპს გამოტოვებს და მეოთხედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც მეტოქედ იაპონელი მასაო მაცუსაკა ერგო. ვფიქრობთ, ჩვენებურს ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს, თუ სათანადოდაა მომზადებული, იქ კი პოლონელ პატრიკ დუბლინოვსკისა და აზერბაიჯანელთა რუს ალექსანდრ გოსტიევს შორის უძლიერესი დახვდება.

ვფიქრობთ, ჩვენებურს მაინც გაუმართლა წილისყრამ და იმავეს თქმა შეიძლება ოდიკაძეზეც - მართალია, მას ჯგუფში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის მესამ პრიზიორი პაველ ოლეინიკი ჰყავს (შეგახსენებთ, რომ ის თბილისში გახდა კონტინენტის ჩემპიონი 2013 წელს), მაგრამ ასცდნენ აზერბაიჯანელები. მასპინძელთაგან არ გამოდის ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების გამარჯვებული, ორგზის ოლიმპიური მედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი, მაგრამ ჭიდაობს ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი, თუმცა ის ბადის მეორე მხარესაა. ოდიკაძემ ფინალში გასასვლელად ჯერ იაპონელ ფუჯი ფუკუის უნდა მოუგოს, მერე კი ოლეინიკისა და კორეელ აზიის ჩემპიონ ჯანგან კიმის პაექრობაში უძლიერესიც უნდა დაამარცხოს.

პეტრიაშვილიც მეოთხედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და ფინალში გასვლას არცთუ ძლიერი ჯგუფიდან ეცდება - ჯერ ახალგაზრდებში ამერიკელ დონ ბრედლის (შეგახსენებთ - მან 2009 წელს ეს ტიტული გიორგი საკანდელიძესთან ფინალში გამარჯვებით მოიპოვა, თუმცა ის შეხვედრა უფრო ჩვენებურმა წააგო) გაეჯიბრება, მერე ან ყირგიზ აიაალ ლაზარევს, ან - ვენესუელელ ლუის ვივენესს. არადა, ამ ლაზარევმა პეტრიაშვილს სექტემბერში კინაღამ მოუგო მსოფლიოზე და მთელი ენერგია გამოაცალა, რის შემდეგაც ჩვენებური ნახევარფინალში საკუთარ თავს არ ჰგავდა აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ ჯამალედდინ მაგომედოვთან. თუმცა ეს უფრო იმის ბრალი გვგონია, რომ იმ ტურნირს პეტრიაშვილი ვერ შეხვდა ოპტიმალურ ფორმაში - ბრინჯაოს მოპოვების მიუხედავად. ბადის მეორე მხარესაა მაგომედოვი, ხოლო თურქი ტაჰა აკგული საერთოდ არ ჭიდაობს.

ხვალ, 28 ნოემბერს, ტურნირი ქალებს დაეთმობათ, "ბერძენ-რომაელები" კი ზეგ იჭიდავებენ. თუმცა იქ მხოლოდ ერთი მონაწილე გვეყოლება - მსოფლიოს მესამეპრიზიორი ლაშა გობაძე (80). იმათი წილისყრა ხვალ საღამოს გაიმართება.

დასასრულ, გეტყვით, რომ ეს კომერციული ტურნირია, რომლის გამარჯვებულიც 10 000 დოლარით დაჯილდოვდება, ვიცე-ჩემპიონები - 5 ათასით, ხოლო მესამეპრიზიორებს 2-2 ათასი დოლარი გადაეცემათ. შეგირდთა საპრემიო თანხის 20 პროცენტით დაჯილდოვდებიან პირადი მწვრთნელებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული