მკვლელი და ტერორისტი ჩემპიონი და დეპუტატი

AutoSharing Option
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის, დაღესტნის რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატის, საგიდ მურთაზალიევის საქმეს.

რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენს ბრალად ედება 2010 წელს, დაღესტნის გაზის საექსპლუატაციო სამსახურის დირექტორისა და ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელის თანამშემწის მკვლელობები. აგრეთვე, შეიარაღებული თავდასხმა ქალაქ ყიზლარის მუნიციპალური განათლების ადმინისტრაციის უფროსზე. მურთაზალიევს ასევე ბრალს წაუყენებენ ტერორიზმის დაფინანსებაში.

ამჟამად, სპორტსმენი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ, მიმალვაშია.

საგიდ მურთაზალიევი თავისუფალ ჭიდაობაში გამოდიოდა. იყო 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის ჩემპიონი და 1999 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ
დაღესტნის რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატი გახდა, 2010 წლიდან კი სათავეში ედგა საპენსიო ფონდს.

ეს სისხლის სამართლის საქმე პირველი არ არის მურთაზალიევისთვის. 1996 წელს, მკვლელობის ბრალდებით, ნახევარი წლით იყო დაკავებული, მაგრამ საქმე დაიხურა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

2002 წელს, მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს საუნაში ჩეჩნეთის ორ მოქალაქეს წაეჩხუბა. ერთ-ერთმა სპორტსმენს დანა დაარტყა გულის არეში. დაჭრილმა მურთაზალიევმა პისტოლეტით გამოასალმა სიცოცხლეს ორივე თავდამხსმელი. ეს სისხლის სამართლის საქმე მოჭიდავის წინააღმდეგ ასევე შეწყვიტეს, რადგან მისი მოქმედება თავდაცვად შეაფასეს.

2003 წელს, ოლიმპიურ ჩემპიონზე თავდასხმა მოხდა: მანქანას, რომელშიც მურთაზალიევი იმყოფებოდა, 22 ტყვია მოხვდა, მაგრამ მოჭიდავე არ დაზარალებულა. მკვლელობის შემკვეთი იყო მახაჭყალას ყოფილი მერი საიდ ამიროვი.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ დაქირავებულ მკვლელებს გადასატანი სარაკეტო სისტემით სურდათ იმ თვითმფრინავის ჩამოგდება, რომლითაც მურთაზალიევი მგზავრობდა, მაგრამ ბოლოს შეცვალეს გეგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული